ფეხბურთი

4:22 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა რისხვა „ბილბაო“ და ჰეთ თრიქების ოსტატი მესი

ესპანეთი

ბილბაო ის ქალაქია, რომლის სტუმრობაც ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერებს ყველაზე მეტად უნდა აშინებდეთ. გასულ უქმეებამდე, პრიმერას პირველ პოზიციაზე მყოფ გუნდებს ყველაზე მეტჯერ, 48-ჯერ ამ ქალაქში ჰქონდათ წაგებული და შაბათს ეს 49-ედ მოხდა, როდესაც „ბილბაომ“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი „რეალი“ დაამარცხა.

ბასკეთში მდებარე ახალი „სან მამესი“ „რეალის“ ლიდერისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის კვლავ უიღბლოა. პორტუგალიელს, მადრიდული გუნდის მაისურით, 51 სტადიონზე უთამაშია და „სან მამესი“ ერთ-ერთია იმ 4 არენიდან, რომლებზეც მას ჯერ არ გაუტანია.

„სან მამესი“ ერთადერთი სტადიონი არაა, რომელზე თამაშიც, ბოლო დროს, რონალდუს უჭირს. პორტუგალიელის მიერ გამართულ ბოლო 8 თამაშში უკვე მეოთხედ მოხდა, როდესაც მან მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ წინა 15 შეხვედრაში ასეთი ფაქტი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.

კრიშტიანუ რონალდუმ, ახალი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შედეგიანობას მნიშვნელოვნად უკლო, მაგრამ ის გატანას პერიოდულად მაინც ახერხებს. იგივეს ვერ ვიტყვით გარეთ ბეილზე, რომელსაც უკვე 8 მატჩია არ გაუტანია, ხოლო ბოლო 7 თამაშში უელსელმა თავი ვერც საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

რონალდუსა და ბეილის ცუდი თამაში „რეალის“ ფორმაზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. მადრიდელებს, პრიმერას მიმდინარე გათამაშების პირველ 15 თამაშში მხოლოდ 6 ქულა ჰქონდათ დაკარგული, ხოლო ბოლო 11 შეხვედრაში კი მათ უკვე 11 ქულა გაანიავეს.

სტატისტიკა გაიუარესა კარლო ანჩელოტიმაც. მას, ესპანეთის ჩემპიონატის 64 თამაშში უკვე 10 წაგება აქვს. შედარებითვის, იტალიელი სპეციალისტის წინამორბედმა, ჟოზე მოურინიომ, ლა ლიგის 114 შეხვედრიდან 11 წააგო.

„რეალმა“ „სან მამესზე“ გოლის გატანა ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბილბაომ“ კარი მშრალად პრიმერას ზედიზედ მე-4 შეხვედრაში შეინახა. ასეთი რამ 1989 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოხდა.

„რეალის“ წაგებით „ბარსელონამ“ ისარგებლა, რომელმაც „რაიო“ გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. კატალონიელთა მხრიდან კვლავ გაიბრწყინა ლეო მესიმ, რომელმაც მორიგი რეკორდები დაამყარა. არგენტინელმა თავდამსხმელმა მადრიდელთა კარში 3 გოლი გაიტანა. მან, „ბარსელონას“ მაისურით, ჰეთ თრიქი 32-ედ შეასრულა და ესპანური ფეხბურთის რეკორდი დაამყარა, რომელიც ტელმო სარას ეკუთვნოდა. მესიმ, ლა ლიგაში, 24-ე ჰეთ თრიქი გაიფორმა და ამ შემთხვევაში უკვე კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნა.

„რაიოსთან“ შესრულებული ჰეთ თრიქის შემდეგ, მესი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 ან მეტი გოლი (ყველა ტურნირის მატჩების გათვალისწინებით) ზედიზედ 6 სეზონში გაიტანა.

26 ტურის შემდეგ, „ბარსელონამ“ ყველა მაჩვენებელში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. კატალონიელები „რეალს“ არა მხოლოდ ქულებით, არამედ გატანილი და გაშვებული გოლებით და შესაბამისად ბურთების სხვაობითაც ჯობნიან.

წარუმატებელი ტური ჰქონდა კიდევ ერთ მადრიდულ გუნდს, „ატლეტიკოს“. სიმეონეს შეგირდები უშუალო კონკურენტს, „ვალენსიას“ მასპინძლობდნენ და ისინი მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. დედაქალაქელების მხრიდან თავი კოკემ გამოიჩინა, რაც მინიმუმ ქულის აღების გარანტიას იძლეოდა. საქმე ისაა, რომ კოკეს, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, გოლი 26 თამაშში გაუტანია და მის გუნდს არცერთხელ არ წაუგია.

საკუთარ კედლებში კვლავ ძალიან ძლიერია „ვილიარეალი“. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ზედიზედ მე-8 საშინაო თამაში მოიგო, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იტალია

იტალიის ჩემპიონატში კვლავ ცუდად თამაშობს „მილანი“, რომელმაც ქულები „ვერონასთან“ გამართულ საშინაო თამაშში დაკარგა. სტუმართა მხრიდან ანგარიში ლუკა ტონიმ გახსნა. 37 წლის თავდამსხმელმა, სერია A-ს ბოლო 5 თამაშში მე-5 გოლი გაიტანა. იტალიის ჩემპიონატის წინა 21 შეხვედრაში მას მეტოქეთა კარი მხოლოდ 6-ჯერ ჰქონდა აღებული.

„როსონერიმ“ ჟერემი მენეზის გოლით გაათანაბრა. „მილანის“ ფრანგმა შემტევმა თავი თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა. მიმდინარე გათამაშებაში, მან უკვე მე-7 პენალტი გაიტანა. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ამაზე მეტი (9) თერთმეტმეტრიანი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი.

მოგვიანებით, „მილანმა“ წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ნიკო ლოპესმა სტუმრებს ქულა მოუტანა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ უკვე მე-4 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია.

კვლავ ფრედ ითამაშა „რომამ“. რუდი გარსიას გუნდი უკვე 16 თამაშია არ აგებს, მაგრამ „ჯალოროსიმ“ ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდთაგან „რომა“ ერთადერთია, რომელმაც 2015 წელს ფრედ უკვე 8 თამაში დაასრულა.

„კიევოსა“ და „რომას“ დაპირსპირება 0:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქელებმა, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მე-4 ნულოვანი ფრე ითამაშეს. „რომას“ ასეთი მაჩვენებელი 2003/04 წლების შემდეგ არ ჰქონია.

ინგლისი

ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი თამაში გაიმართა. „ტოტენჰემმა“, ლონდონურ დერბიში, „ქუინს პარკ რეინჯერსი“ 2:1 დაამარცხა და რა გასაკვირია, რომ „დეზების“ მხრიდან ორივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. 21 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, თავი უკვე 26-ჯერ გამოიჩნა. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ.

ეს იყო პრემიერლიგის ზედიზედ მე-6 თამაში, რომელშიც ჰარი კეინმა გოლი გაიტანა. ის ამ შედეგის მქონე მე-4 ფეხბურთელია. უფრო დიდი სერია (9 მატჩი) კი მხოლოდ რობინ ვან პერსის ჰქონია.

ჰარი კეინს გოლების გატანა განსაკუთრებით ლონდონურ გუნდებთან გამოსდის. უკანასკნელ 5 დერბიში მან თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

თავდამსხმელის შედეგიანობა „ტოტენჰემზე“ კარგად აისახება და „დეზებმა“, მიმდინარე სეზონში, უკვე მე-5 ლონდონური დერბი მოიგეს. ასეთი რამ, პრემიერლიგაში, მხოლოდ მეხუთედ მოხდა.

„ტოტენჰემისგან“ განსხვავებით, „ქუინს პარკ რეინჯერსი“, ბოლო დროს, ლონდონურ გუნდეთან ძალიან ცუდად თამაშობს. ამ გუნდმა, უკანასკნელი 11 დერბიდან 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

გერმანია

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა, მიუნხენის „ბაიერნმა“ პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. პეპ გვარდიოლას გუნდმა, 24-ე ტურში, „ჰანოვერთან“ 3:1 მოიგო. ეს თამაში განსაკუთრებული იყო არიენ რობენისთვის, რომელმაც ბუნდესლიგაში მეასედ იმარჯვა. ჰოლანდიელს 100-ჯერ მოსაგებად მხოლოდ 126 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

საკუთარ კედლებში ცუდად თამაშს განაგრძობს „შტუტგარტი“, რომელიც „ჰერტას“ უგოლოდ დაუზავდა. „შვაბებმა“, მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გამართულ 12 თამაშში მხოლოდ 6 გოლი გაიტანეს და ამდენივე ქულა აიღეს.

თუ სტუმრად გამართულ შეხვედრებსაც ჩავთვლით, „შტუტგარტს“ 24 მატჩში 20 ქულა აქვს. ამ გუნდს, ამ ეტაპზე, ასეთი ცოტა ქულა აქამდე არასდროს ჰქონია.

გასაკვირი არაა, რომ „შტუტგარტი“ ბოლო ადგილს იკავებს. გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მან ცხრილის ფსკერზე ზედიზედ 4 ტური დაჰყო.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში მოწინავე სამეულის სამივე წარმომადგენელმა იოლად მოიგო, რაც მიმდინარე გათამაშებაში იშვიათობაა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია „ლიონის“ მოგება. უბერ ფურნიეს გუნდმა „მონპელიე“ 5:1 დაამარცხა. საინტერესო კი ისაა, რომ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 თამაშიდან 3 სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

„ლიონის“ მხრიდან თავი დუბლით გამოიჩინა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელსაც უკვე 23 გოლი დაუგროვდა. „ლიონის“ ფეხბურთელს ასეთი შედეგი 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს.

„ტულუზასა“ და „მარსელს“ შორის დაფიქსირებული ანგარიში (1:6) მოულოდნელი კი იყო, მაგრამ შედეგს პროგნოზირებადი ეთქმის. „ტულუზას“, „მარსელთან“ გამართულ ბოლო 14 თამაშში მოგება არ ჰქონდა და გასაკვირი არაა, რომ ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. მოულოდნელი არც მასპინძელთა გოლი ყოფილა - მარსელო ბიელსას გუნდის კარში გოლი ბოლო 12 თამაშიდან 11-ში გავიდა.

Loading...
0.113694