განმეორებითი სათასო შეხვედრა ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურას” და რუსთავის “მეტალურგს” შორის წესით საინტერესო და დაძაბული უნდა გამომდგარიყო. ამ გუნდების პირველი შეხვედრა რუსთავში ნულოვანი ფრით დასრულდა. ეს ის ანგარიშია, რომელიც მასპინძლად მოთამაშე საჩხერლებს მშვიდად ყოფნის საშუალებას, რომ ვერ მისცემდა, რადგანაც ფაქტობრივად ქვემოქართლელები ზემო იმერეთს არწაგების იმედად ესტუმრნენ. ნებისმიერი ყაიმით დასრულებული პაექრობა, გარდა ნულოვანი შედეგისა, რუსთაველებს ნახევარფინალისაკენ გზას უხსნიდა.
სამწუხაროდ, მოლოდინის საპირისპიროდ, ამ შეხვედრაში დიდი ბრძოლა არ შედგა. არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა რუსთაველებმა მოწინააღმდეგეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და თითქმის უშანსოდ წააგეს. სხვათა შორის ფსიქოლოგიურად მთლად სახარბიელოდ საქმე ვერც ზემო იმერლებს ჰქონდათ, რადგანაც რამდენიმე დღის წინა საშინაო ასპარეზზე მათ პირველი მარცხი იწვნიეს ქობულეთის “შუქურასაგან”. ამას დავამატოთ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმიანობა, თუმცა ამ მხრივ დანაკლისი რუსთაველებსაც ჰქონდათ.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და საჩხერლებმა დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, თუმცა ამ დროს აუცილებლად უნდა გამოვყოთ რუსთაველთა მცველის “საჩუქარი” თორნიკე მუმლაძეზე, რომელმაც ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა. “ჩიხურას” ფორვარდმა მასზე ჩაბარებული ბურთით, მასთან პირისპირ შესახვედრად გამოსულ ნადირაძეს გვერდი აუარა და აუღელვებლივ გადაგზავნა ბურთი ცარიელ კარში - 1:0.
შეხვედრის ასეთმა დასაწყისმა, ბუნებრივია, დაღი დაასვა რუსთაველთა თამაშს, რომლებიც საკმაო ხანს დაბნეულად გამოიყურებოდნენ, ხოლო მასპინძლებმა ამით ისარგებლეს და თამაშის სადავეებს მთლიანად აკონტროლებდნენ. საჩხერლები ბურთის ფლობის კუთხითაც აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს. ისინი დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ ბურთს და შეტევების ორგანიზებასაც გაცილებით უკეთ ახორციელებდნენ. სტუმრების გონს მოსვლას საკმაო ხანს დასჭირდა, თუმცა რაიმე ღირებული რუსთაველებს პირველ ტაიმში არ შეუქმნიათ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, რომელთა დაგვირგვინება “ტექნიკის საქმე” იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში შემტევები სცოდავდნენ. რამდენიმე შემთხვევაში კი სოსო ფრუიძის შეგირდები ვალდებულები იყვნენ უკეთესი გაგრძელება მოეძებნათ, რათა მეტოქის კარი დაელაშქრათ, რადგანაც ერთბურთიანი უპირატესობა “ჩიხურას” მოსვენებას არ აძლევდა.
ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს და შესვენებაზე საკუთარ თავს მშვიდად წასვლის საშუალება მისცეს. ზემოიმერლებმა გოლი სტანდარტულიდან გაიტანეს. დაახლოებით 28 მეტრიდან, მახვილი კუთხიდან საჩხერელთა ტროიანოვსკიმ მეკარისათვის ძნელად ასაღები ბურთი დაარტყა, რომელიც მეტალურგთა კარის ბადეში აღმოჩნდა. რუსთაველთა კარის დარაჯის გიორგი ნადირაძის ნახტომი ამაო გამოდგა - 2:0.
თამაშის განახლების შემდეგ რუსთაველები შეეცადნენ უპირატესობის მოპოვებას და თამაშში გარდატეხის შეტანას, მაგრამ 58-ე წუთზე მათ კიდევ ერთი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ამ დროს მასპინძლებმა იერიშის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს და ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე მყოფ დეკანოიძეს გადააწოდეს, რომელმაც რამდენიმემეტრიანი წინსვლის შემდეგ ბურთი რუსთაველთა საჯარიმოსთან მყოფ მუმლაძეს გადაწოდა, რომელმაც თავის მხრივ მარჯვნიდან წამოწეულ კორიფაძეს ბურთი კარგად შეაყოლა მეტოქის საჯარიმოში. საჩხერელთა მარჯვენაფლანგელმა დროული გადაცემა გააკეთა სტუმართა საჯარიმოში შეჭრილ დობროვოლსკიზე, რომელაც ცაციათ მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით დიდოსტატური გოლი “შეაგდო” - 3:0.
დიდი ანგარიშით ჩამორჩენამ ყველაფერი ნათელი გახადა. “მეტალურგის” ფეხბურთელები, მონდომების მიუხედავად, მატჩის გადამრჩენები აღარ იყვნენ. გარდა იმისა, რომ საჩხერლები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, ქვემოქართლელებს ფორტუნაც არ წყალობდათ. მათ მხოლოდ მატჩის მიწურულისკენ ჰქონდათ ერთი რეალური მომენტი, რომლის გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ მიქელაძეს არაფერი გამოუვიდა და მიზანს ააცილა. დარჩენილ დროში კი საინტერესო არაფერი მომხდარა და “ჩიხურამ” მშვიდად მიიყვანა პაექრობა გამარჯვებამდე, რამაც მათ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) – “უკვე კარგა ხანი ჩვენ ღონღაძის და ოდიკაძის გარეშე ვთამაშობთ, რომლებიც გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენენ. კუჭუხიძე ჯერ კიდევ არაა სასურველ ფორმაში, ვინაიდან ტრავმა ახლახანს მოიშუშა. კარგია, შემდეგ ეტაპზე რომ გავედით. ნახევარფინალს უფრო მეტად მომზადებულები უნდა შევხვდეთ”.
ვარლამ კილასონია (“მეტალურგი”) – “ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, რის გამოც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. ჩვენი მდგომარეობა ყველამ იცის, თუმცა ამის მიუხედავად ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ”.
“ჩიხურა” – “მეტალურგი” 3:0 (2:0)
9 მარტი. ივანწმინდა. დავით ყიფიანის სახელობი ფინალის საპასუხო მატჩი. “ცენტრალური”. 350 მაყურებელი
“ჩიხურა”: ზარქუა, კაშია, ლუბჩაკი, დეკანოიძე, განუგრავა, კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (ლაშა ჭელიძე, 77), ტროიანოვსკი (სარდალიშვილი, 72), მუმლაძე, მანჯგალაძე (ივანიშვილი 72).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“შუქურა”: ნადირაძე, ჯოხაძე, გოცაძე (გიორგი ჩიკვაიძე, 67), ოქროპირიძე, ექვთიმიშვილი, გელაშვილი, გაბაშვილი (ციცქიშვილი, 63), ბიწკინაშვილი, გუჯაბიძე, სტეფნიაშვილი, მიქელაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლი: 1:0 მუმლაძე (6), 2:0 ტროიანოვსკი (44), დობროვოლსკი (59).
გაფრთხილება: დეკანოიძე (76).
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
გიორგი წურწუმია საჩხერიდან