დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში თბილისის “დინამო” ითამაშებს. გორელ ფეხბურთელებს მეორე ტაიმის მიწურულს გოლის გატანის რეალური შანსი კი გაუჩნდათ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
პირველ ტაიმში გოგიჩაიშვილის გუნდი უფრო მეტ აქცენტს შეტევაზე, გოლის გატანაზე აკეთებდა, კაკაბაძის გოლის შემდეგ კი დაცვით ხაზს მეტი სამუშაო გაუჩნდა, რაც “დილას” აქტიურობამ განაპირობა. “დილას” შეტევები გაძლიერდა მეორე ტაიმში, განსაკუთრებით აქტიური იყო მიხეილ გორელიშვილი. ახალგაზრდა შემტევი ხშირად იღებდა ბურთს და ცდილობდა თავის თავზე აერო თამაში. მან რამდენიმე მომენტში კარგად მოახერხა შეტევების გამწვავება, თუმცა “დინამოს” მცველები კარგად იცავდნენ თავს და თავიანთ ზონას უყურადღებოდ არ ტოვებდნენ.
ორიოდე სიტყვით “დინამოს” დაცვით ხაზზე. თბილისური კლუბის ფეხბურთელი ნიკოლოზ ჭანტურია პირველადი გამოკვლევის შემდეგ ტრავმის გამო კარგა ხნით გამოაკლდება გუნდს. სავარაუდოდ, “დინამო” მიმდინარე სეზონს ახალგაზრდა მცველის გარეშე ჩაატარებს. მისი ადგილი დღევანდელ მატჩში გიორგი გველესიანმა დაიკავა, რომელიც გუნდში ჭანტურიას მოსვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ აღარ ითვლებოდა.
კარგი მატჩი ჩაატარა ლაშა თოთაძემ, რომელიც მეტოქის შეტევების ჩაშლის პარალელურად შეტევაშიც ერთვებოდა, უკან კი დროულად ბრუნდებოდა.
მაღალი დონის ფეხბურთელია ესპანელი მანუელი. 22-ე წუთზე უკანდახეულმა ფორვარდმა კარგად გაშალა შეტევა, ბურთი ჭანტურიშვილმა მიიღო, რომელმაც მარჯვენა ფლანგის მცველი კაკაბაძე ჩართო შეტევაში, რომელმაც პირველივე შეხებისთანავე მეკარისაგან მარცხენა კუთხეში დაარტყა. მიგინეიშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ვერ აუღო.
ეპიზოდურად კარგად თამაშობდა ნიკა კვეკვესკირი, რომელიც გუნდის იერიშების მიმართულებაზე ზრუნავდა. შეტევაში კარგად ერთვებოდა გიორგი სეთურიძე და გიორგი ხურცილავა. გორელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა გიორგი თექთურმანიძემ. დღეს “დინამოს” წინააღმდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ხუთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ითამაშა.
მატჩის მიწურულს მიხეილ გორელიშვილს გოლის გატანი რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა მისი დარტყმა კარს ასცდა.
“დინამო-არენაზე” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა არც თუ ისე მაღალი დონის თამაში იხილა, რასაც შესაძლოა მაყურებლის სიმცირემაც “შეუწყო ხელი”.
მატჩის დასრულების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა თავდამსხმელის პრობლემაზეც ისაუბრა. ირაკლი მოდებაძე გუნდს ვერ ეხმარებოდა, რაც სტუმარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო. ახალგაზრდა მწვრთნელმა წაგების ერთ-ერთ მიზეზად მოდებაძის არყოფნა დაასახელა.
“დინამო” ყიფიანის თასის მოგებისთვის ბრძოლას აგრძელებს. “დილა” კი მთელ ყურადღებას ჩემპიონატზე გადაიტანს.
დინამო თბილისი – გორის დილა 1:0 (1:0)
9 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო-არენა”
დინამო: ჰრდლიჩკა, თოთაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, კაკაბაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 53), ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), კიტეიშვილი, მანუელი (ჩირგაძე 62), ჭანტურიშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
დილა: მიგინეიშვილი, სეთურიძე, კვახაძე, მარიჩი (წიქარიძე 87), ხურცილავა, ბაგაევი, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი (ახალკაცი 82), თექთურმანიძე (ერისთავი 55), გვალია, გორელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 1:0 კაკაბაძე (22)
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა
გაფრთხილება: თოთაძე (28), მანუელი (58), ბაგაევი (75), ხურცილავა (90)