“ცხინვალმა” საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4-ფინალში “ვიტ ჯორჯიასთან” საშინაო მატჩის წაგების (4:5) შემდეგ, საპასუხო დაპირისპირება დიდი ანგარიშით მოიგო და 1/2-ფინალში გავიდა.
კახა კაჭარავას შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, რაზეც დაფიქსირებული ანგარიში მეტყველებს. “ცხინვალის” რიგებში მარჯვენა ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე და გამთამაშებელი რატი ცაცკრიალაშვილი გამოირჩნენ. პირველმა ბურთის გატანის გარდა, მარჯვენა ფლანგი “აიკლო” და ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მეორემ დუბლი შეასრულა. ცხინვალელებს გრიპის ვირუსის გამო საუკეთესო ბომბარდირი ნიკა კაჭარავა აკლდათ და ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილიც ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
მათ მხარი კარგად აუბეს მარცხენა ნახევარმცველმა ირაკლი ლექვთაძემ და ფორვარდმა ლაშა შინდაგორიძემ. სტუმართა ფაქტობრივად ყველა სახიფათო შეტევის წამომწყები და დამაგვირგვინებელი ხსენებული ოთხეული იყო.
“ვიტ ჯორჯია” ფინანსურადაც ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაშია და არც თამაშის ხარისხი უვარგა. თბილისელებმა თუ სიტუაცია არ გამოასწორეს, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს პირველ ლიგაში დაქვეითდებიან.
მატჩის დაწყებიდან ათ წუთში, ლაშა შინდაგორიძემ თბილისელთა ნახევარზე გიორგი გეთიაშვილს ბურთი აართვა და ვარდნაში პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ ბიძინა მახარობლიძეს გაუკეთა, რომელმაც წინ გამოსულ ჯონი შეროზიას დაასწრო და რატი ცაცკრიალაშვილი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ხსენებული ეპიზოდიდან მცირე ხანში კაჭარავა და შინდაგორიძე შეკამათდნენ. ფეხბურთელმა მწვრთნელის შენიშვნა გააპროტესტა.
ტაიმის შუაწელში გიორგი ნადირაძის “ამოტანილი” ბურთი შინდაგორიძემ თავით მოიგო, თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახარობლიძემ სისწრაფეში გიგა დანელიას აჯობა და ცაცკრიალაშვილს უპასა, რომლის დარტყმულს გეთიაშვილი გადაეფარა, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველის მეორე ცდა ზუსტი აღმოჩნდა – 0:1.
შესვენებამდე მცირე ხნით ადრე, მარჯვნიდან მახარობლიძემ ჩამოაწოდა და შეროზიამ ცაცკრიალაშვილთან ორთაბრძოლაში ბურთი ვერ შეიმაგრა, ახლო მანძილიდან ლექვთაძის დარტყმის მერე კი, მასპინძელთა მცველმა “ვეტერინარები” გოლის გაშვებისგან იხსნა.
მეორე ტაიმის დებიუტში მარცხენა ფლანგიდან ნიკა ჯიშკარიანის ჩამოწოდების შემდეგ, შინდაგორიძემ თავით სუსტად დაარტყა და შეროზია ბურთს დაეუფლა. მალევე, “ცხინვალის” კონტრშეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან ლექვთაძემ თბილისელთა კარის შორეულ ძელთან მახარობლიძე მონახა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:2.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებისთვის ანგარიში მისაღები იყო, ისინი არ შეჩერებულან და მახარობლიძე “ვეტერინართა” ნახევარზე დანელიას ბურთი აართვა, ხოლო საჯარიმოში შესულმა ცაცკრიალაშვილი მოძებნა, რომელმაც დუბლი მიითვალა – 0:3.
მეორე ტაიმის შუაწელში ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოში ბურთი შინდაგორიძეს შეაყოლა, რომლის დარტყმულს შეროზია წინ აღუდგა და კუთხური დაინიშნა. სტუმრებმა “სტანდარტული” გაითამაშეს და “ვეტერინართა” საჯარიმოს გარეთ მყოფმა ლექვთაძე მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ “ცხრიანში” ჩასვა – 0:4. ამ ეპიზოდში შეროზია აშკარად შეცდა.
“ცხინვალს” ანგარიში გაზრდა კიდევ შეეძლო, როდესაც შინდაგორიძემ თბილისელთა მეკარეს მახარობლიძე შეატოვა, მაგრამ ცხინვალელის დარტყმულ ბურთს შეროზია გადაეღობა.
“ვიტ ჯორჯიამ” პრესტიჟის გოლი ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. მოწინააღდეგის საჯარიმოში შეჭრილი ლევან საბაძე მარჯვენა მცველმა გიორგი ცერცვაძემ წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ირაკლი ღიბრაძე გოლად აქცია – 1:4.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ცხინვალი 1:4 (0:1)
9 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
ვიტ ჯორჯია: ჯონი შეროზია, კალანდია (ხვისტანი, 60), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი (კ), დანელია, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (ნიკა მაისურაძე, 46), კუხალეიშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე, 60), საბაძე, თათხაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზურა ბერიძე.
ცხინვალი: გიორგი ნადირაძე, იმედაშვილი, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ბურძენაძე, 76), ნიკა ჯიშკარიანი (თორნიკე თარხნიშვილი, 63), ლექვთაძე, ქარდავა, შინდაგორიძე (დავით გელაშვილი, 87).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გოლები: 0:1 ცაცკრიალაშვილი (22), 0:2 მახარობლიძე (51), 0:3 ცაცკრიალაშვილი (55), 0:4 ლექვთაძე (71), 1:4 ღიბრაძე (80)
გაფრთხილება: გეთიაშვილი (23), იმედაშვილი (30).
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.