ფეხბურთი

12:55 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას გამარჯვება, ანანიძის 10 წუთი, ძალამიძის მარცხი, მაკარიძის ზედიზედ მეორე სასტარტო

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურში დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” ლვოვში ადგილობრივ “კარპატის” 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გამარჯვებულებში თავიდან ბოლომდე ითამაშა და 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია და ამიტომ არ უასპარეზია. “დნიპრო” 34 ქულით 14 გუნდში მესამეა, ხოლო “კარპატი” 5 ქულით ბოლოა.

დონეცკის “ოლიმპიკმა” კიევის “დინამო” კიევში მიიღო და 0:1 წააგო. უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძე მასპინძლების 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “ოლიმპიკი” 22 ქულით მეექვსეა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგი” შინ დონეცკის “მეტალურგთან” უქულოდ დარჩა – 0:1. უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი ვალერიან გვილია ზაპოროჟიელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “მეტალურგი” 15 ქულით მეთერთმეტეა.

რუსეთის პრემიერლიგა განახლდა და მე-18 ტურში, მოსკოვის “სპარტაკმა” თავის მოედანზე “კრასნოდართან” 1:3 წააგო. შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მასპინძელთა თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა. “სპარტაკს” 29 ქულა აქვს და 16 გუნდში მეექვსეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში ბიალისტოკის “იაგიელონია”, რომელშიც ნიკა ძალამიძე გამოდის, სტუმრად პოზნანის “ლეხთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ბიალისტოკელთა მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. “იაგიელონიას” 38 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-3 ადგილზეა.

ბიდგოშის “ზავიშამ”, სადაც გიორგი ალავერდაშვილი ასპარეზობს, სტუმრად კრაკოვის “ვისლას” 1:0 აჯობა. ქართველი ფორვარდი თამაშში 86-ე წუთიდან ჩაერთო. “ზავიშას” 17 ქულით ბოლო ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) პირველ ტურში ტალინის “ფლორამ” თავის მოედანზე “ტულევიკი” 3:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ირაკლი ლოგუა სასტარტოში იმყოფებოდა და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში “შიაულიაი” საკუთარ მოედანზე “სპურისთან” 1:2 დამარცხდა. ნახევარმცველმა თამაზ ჩარგეიშვილმა მასპინძლებში 90 წუთი დაჰყო.

უნგრეთის პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში ნირედხაზას “სპარტაკუსმა”, რომელშიც ფორვარდი დავით დარციმელია და ნახევარმცველი ზურაბ არზიანი ირიცხებიან, გასვლაზე “ვიდეოტონთან” 0:3 წააგო. არზიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჯერ 49-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 58-ეზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც გაძევებად დაუჯდა. დარციმელია სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “სპარტაკუსი” 18 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 25-ე ტურში ბაქოს აზალ-მა თანაქალაქელ “ბაქის” უმასპინძლა და 2:0 მოიგო. ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა და 81-ე წუთზე გააფრთხილეს. აზალ-ი 28 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

მეკარე გიორგი მაკარიძემ, რომელსაც აქამდე დიდად არ წყალობდნენ, “ფეირენსეს” რიგებში პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. “ფეირენსემ” შინაურ კედლებში “ტროფენსეს” 2:0 აჯობა და ქართველმა მეკარემ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ფეირენსე” 47 ქულით 24 გუნდში მეათეა.

საბერძნეთის სუპერლიგის 27-ე ტურში, “კერკირა”, რომლის რიგებში აკაკი ხუბუტია ირიცხება, სახლში “პანაიტოლიკოსთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მასპინძლების განაცხადში არ იყო. “კერკირა” 37 ქულით 18 გუნდში მერვეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში “ბასტიამ” “ნიცა” მიიღო და 2:1 სძლია. ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე ბასტიელთა სამატჩო განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. “ბასტიას” 36 ქულა აქვს და 20 გუნდში მეათეა.

ლიგა ნაციონალის (მე-3 ლიგა) 23-ე ტურში “პარიზმა” გასვლაზე “ისტრს” 3:2 აჯობა. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა თადარიგშიც კი არ იმყოფებოდა. “პარიზი” 18-გუნდიან მე-3 ლიგას 47 ქულით ლიდერობს.

0.115262