ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “პალმა ეარ ევროპას” დაუხვდა და 68:77 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:36 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (14) მიხედვით, ბურჯანაძე თანაგუნდელთა შორის მხოლოდ სერბ ალეკსანდარ პეტროვიჩს ჩამორჩა, რომელმაც 10 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
“ლეიმა ბასკეტმა” 9 მოგების წილ მე-13 მარცხი განიცადა და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ “პრატ ხუვენტუთან” ჩაატარებს.