ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგება, სადაც ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მებრძოლი მადრიდის “ატლეტიკო” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან.
“როხიბლანკომ” სეზონი შტამბეჭდავად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში არასტაბილურობა დასჩემდა და ლიდერებს შედარებით ჩამორჩა. დღეს გამარჯვების შემთხვევაში მადრიდული კლუბი “რეალთან” სხვაობას ოთხ ქულამდე შეამცირებს, ხოლო “ბარსელონას” ხუთი ქულით ჩამორჩება. დღევანდელი შეხვედრა გვანახებს თუ რა იქნება “ატლეტიკოს” მიზანი წლევანდელ ლა ლიგაში: ჩემპიონობისთვის ბრძოლა თუ სამეულში მოხვედრა. მადრიდელებს მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ უწევთ და შეუძლიათ მთელი ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე გადაიტანონ. დიეგო სიმეონე დისკვალიფიკაციის გამო ანტუან გრიზმანსა და ჟოაო მირანდას მოსაკლისებს, ხოლო საულ ნიგუეზი ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ერთთვიანი პაუზის შემდეგ “ატლეტიკოს” ძირითადში კოკე ბრუნდება. მირანდას ხოსე ხიმენესი შეცვლის, ხოლო გრიზმანს ფერნანდო ტორესი. აღსანიშნავია, რომ მიგელ ანხელ მოია ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.
შესანიშნავ ფორმაშია “ვალენსია”, რომელმაც ბოლო ათი მატჩიდან რვა მოიგო, ხოლო თითოჯერ დამარცხდა და ფრედ ითამაშა. “ღამურებმა” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში “სევილია” კომფორტული სხვაობით ჩამოიტოვეს და მესამე ადგილოსან “ატლეტიკოს” მიუახლოვდნენ, რომელსაც ქულითღა ჩამორჩებიან. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, “ლოს ჩე” მადრიდულ კლუბს გადაასწრებს და ლიდერებსაც მიუახლოვდება: “ბარსელონასთან” სხვაობა ექვსი ქულა იქნება, ხოლო “რეალთან” ხუთი. მომავალი შეხვედრა ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდისთვისაც უმნიშვნელოვანესია და გამოჩნდება თუ რა იქნება მისი გუნდის რეალური მიზანი მიმდინარე სეზონში. “ლოს ჩეს” ბანაკში ძალიან კარგი სიახლეებია, პაკო ალკასერმა ტრავმა მოიშუშა და დღევანდელი მატჩისთვის მზადაა. ასევე გუნდს დაუბრუნდა ნიკოლას ოტამენდი, რომლის თამაშიც რამდენიმე დღის წინ გამორიცხული იყო, თუმცა არგენტინელმა პატარა სასწაული მოახდინა და გუნდთან ერთად სრულფასოვნადაც ივარჯიშა. ნიკოლას თამაში საეჭვოა და მისი საკითხი მოედანზე გასვლის წინ გადაწყდება.
კლუბების პირველი წრის შეხვედრა “მესტალიაზე” მასპინძლების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. “ღამურები” მე-13 წუთისთვის სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა 29-ე წუთზე მარიო მანძუკიჩმა მოახერხა გატანა, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გილერმე სიკეირამ დიეგო ალვეშს პენალტის ნიშნულიდან ვერ აჯობა.
00:00 ატლეტიკო - ვალენსია
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, ხ.ხიმენესი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, კოკე, თურანი, ფ.ტორესი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, ე.პერესი, პარეხო, ფეგული, პიატი, ნეგრედი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
მსაჯი: სანტიაგო ხაიმე ლატრე
შენიშვნა: შემადგენლობები მოცემულია Marca-ს მიხედვით