საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა - ადგილობრივმა ,,აიამ”,,ბათუმს“ უმასპინძლა და 13:9 დაამაარცხა.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ რიონისპირელები პრემიალური ქულით გაიმარჯვებდნენ მეტოქეს უთანაბრდებოდნენ, ხოლო აჭარელები წარმატების შემთხვევაში პრაქტიკულად სამეულს ინაღდებდნენ და რეგულარული პირველობის მეორე ადგილზე დასრულების კარგი შანსი ეძლეოდათ.
განვლილ ტურში ორივე გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა. ზღვისპირელები ,,ჯიქებთან“ მოულოდნელად დამარცხდნენ, ხოლო ,,აიამ“ ,,ლელოსთან“ 13 -ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუარესა, თანაც პირველ წრეში ქუთათურებს ბათუმში 8:16 ჰქონდათ წაგებული.
აქედან გამომდინარე, მასპინძლებს რევანში ეწადათ. მათ მხარდასაჭერად მაყურებელიც მრავლად მოვიდა. თავისი გულშემატკივრები ჩამოჰყვნენ აჭარელებსაც და მატჩის ბოლომდე ერთგულად ქომაგობდნენ თავის გუნდს.
მატჩს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდა. სტადიონზე მისმა ყოფნამ მეტი სტიმული შესძინა მორაგბეებს და არავის თავი არ დაუზოგავს წარმატების მისაღწევად.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ბათუმელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-5 წუთზე მათ ქუთათურთა კარის სიახლოვეს ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და ბახვა კობახიძემ ანგარიში - 0:3 გახადა.
ორ წუთში ქუთათურები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და კობახიძე ამჯერადაც ზუსტად გაისარჯა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვენა ძელის გავლით კარში აღმოჩნდა - 0:6.
თითქმის მაშინვე ანალოგიური შანსი ქუთათურებსაც მიეცათ, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯინჭველაშვილის დარტყმა უზუსტო გამოდგა.
ამის შემდეგ თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. ორივე გუნდმა აქცენტი ძალისმიერ ბრძოლაზე აიღო. მეტოქეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, თუმცა ხელით თამაშს ვერ ახერხებდნენ და არც შეტევები გამოსდიოდათ. მდგომარეობა ტაიმის შუაწელს გამოსწორდა. ქუთათურებმა მრავალსვლიანი კომბინაცია წამოიწყეს და ბურთი მარჯვენა ფრთიდან მარცხნივ ჩაათამაშეს. შეტევის ბოლო ფაზაში გიორგი ტორაძე-უმცროსი ჩაერთო, რომელმაც ბურთი მოედნის კიდესთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ აბრამიძეს შეაყოლა. გიორგიმ თანაგუნდელებს გარჯა სათანადოდ დაუფასა და მეტოქის ლელო დალაშქრა. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 5:6.
ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 30-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა კობახიძეს, როცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმას ასრულებდა, თუმცა ბურთი მიზანს ააცილა. 5 წუთში თავის გამოჩენა ქუთათურებსაც მართებდათ. მოედნის კიდესთან დანიშნული საჯარიმოს შემდეგ ჯინჭველაშვილმა ბურთი აუტში გაიტანა. რიონისპირელებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს და მეტოქეს მძლავრი ბიძგით შეუტიეს, თუმცა უკანასკნელ მომენტში ბურთი წინ გაუვარდათ.
მასპინძლებმა საკუთარი შეცდომა ტაიმის ბოლოს გამოასწორეს. დრო უკვე ამოწურული იყო, როცა რიონისპირელებმა ხელდახელ შეუტიეს და პრაქტიკულად პირველი ლელოს ტყუპისცალი დადეს. თავი ისევ აბრამიძემ გამოიჩინა, ასისტენტობა კი გასწია აფციაურმა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქის მთელი ხაზი უქმად დატოვა. რთული მდგომარეობიდან გარდასახვა ჯინჭველაშვილმა ამჯერადაც ვერ მოახერხა.
10:6 - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
მეორე ტაიმში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. გამარჯვება ორივე გუნდს ეწადა და ამისთვის თავი არ დაუზოგავთ. თავისი შანსი პირველად მასპინძლებმა გამოიყენეს. აჭარელები საკუთარი ჩათვლის მოედნის წინ დაჯარიმდნენ და ჯინჭველაშვილმა თანაგუნდელები ამჯერად აღარ გააწბილა - 13:6.
სტუმრებმა მთელი გუნდით შეუტიეს და მალე ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა კარში დარტყმას ბურთის კიდეზე გადატანა და ამჯობინეს, მაგრამ დერეფანში მეტოქემ იმარჯვა და მომენტიც დაიკარგა. ამის შემდეგ ბათუმელებმა კიდევ ორჯერ თქვეს უარი საჯარიმოს დარტყმაზე და შერკინება არჩიეს, მაგრამ ზედ ლელოს წინ ორივეჯერ ხელი მოეცარათ.
72-ე წუთზე ქუთათურები საკუთარი კარის სიახლოვეს კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ. ამჯერად ბათუმლებმა პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღეს , პრემიალურ ქულაზე იზრუნეს და კობახიძემ ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა -13:9.
მატჩის ბოლოს გამოჩნდა, რომ აჭარელებს მეტი ძალა შერჩენოდათ. ისინი გამუდმებით უტევდნენ, თუმცა ქუთათურები თავს კარგად იცავდნენ და მომგებიანი ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.
არბიტრის საფინალო სასტვენმა მასპინძელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა - 13:9.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:
ბესო ხამაშურიძე (,,აია’’) - ,,ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. სასიხარულოა, რომ ბათუმელთა რიგებში ჩვენი სკოლის აღზრდილებიც არიან. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ მომავალში.“
დავით გუგუშვილი (,,ბათუმი“) - ,,უკანასკნელ წუთებამდე გამარჯვების შანსი გვქონდა, თუმცა ბოლო ფაზაში შეცდომები დავუშვით და ვერ გამოვიყენეთ. რას იზამ, სპორტში ცოტა გამართლებაც გჭირდება. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.’’
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVI ტური.
8 მარტი. კვირა. ქუთაისი. ,,აია“. 15:00 საათი. 3000 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ბათუმი“ (ბათუმი) 13:9 (10:6)
,,აია“: 15. მოდებაძე, 14. აბრამიძე, 13. გ. ფრუიძე, 12. ირემაძე (სინაურიძე 66), 11. აფციაური, 10. ჯინჭველაშვილი (ბაბუნაშვილი 68), 9. თ. თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 59), 1. რატიაშვილი, 2. გიორგი ტორაძე (უმცროსი), 3. გიორგი ტორაძე (ხეჩიკოვი 75), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (გიორგაძე 41), 6. სალდაძე, 7. დ. ლოსაბერიძე (გორგასლიძე 75), 8. ყურაშვილი (კ);
2 ლელო: აბრამიძე (2);
ჯარიმა: ჯინჭველაშვილი;
1. | ყოჩები | 16 | 12 | 1 | 3 | 352:224 | 53 | 3 | ||||||
2 | ლელო-სარასენსი | 16 | 10 | 3 | 3 | 315:211 | 48 | 2 | ||||||
3. | ბათუმი | 16 | 9 | 1 | 6 | 312:231 | 45 | 7 | ||||||
4. | აია | 16 | 9 | 0 | 7 | 312:241 | 43 | 7 | ||||||
5. | ლოკომოტივი | 16 | 8 | 1 | 7 | 302:247 | 43 | 9 | ||||||
6. | ხარები | 16 | 8 | 2 | 6 | 323:239 | 41 | 5 | ||||||
7. | არმაზი | 16 | 7 | 1 | 8 | 283:316 | 33 | 3 | ||||||
8. | ჯიქები | 16 | 6 | 2 | 8 | 236:243 | 31 | 3 | ||||||
9. | არმია | 16 | 4 | 1 | 11 | 203:360 | 21 | 3 | ||||||
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 16 | 1 | 0 | 15 | 205:531 | 7 | 3 |
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ბათუმი“: 15. კობახიძე, 14. მიმინოშვილი, 13. გაგოშვილი, 12. გ. თუთბერიძე (ნინიძე 55), 11. კვერნაძე (გოგიტიძე 64), 10. ჯიმშელაძე, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 37), 1. ერისთავი (დავითაძე 64), 2. გიგაშვილი, 3. კელენჯერიძე (ცხოვრებაშვილი 55), 4. ხელაძე, 5. აზალაძე, 6. დუმბაძე (ბერიძე 74), 7. კორტავა (კ), 8. თხელიძე;
3 ჯარიმა: კობახიძე (3);
მთავარი მწვრთნელი: დავით გუგუშვილი
მთ. მსაჯი: ნიკა ამაშუკელი
თ/მ: თორნიკე გვირჯიშვილი, გიორგი ტრაპაიძე;