ჭიდაობა

11:53 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოძმანაშვილმა მინსკში ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირი 5 მედლით დაასრულა. იაკობ მაქარაშვილის (74 კგ) ვერცხლსა და ომარ გუსოშვილის (97 კგ) ბრინჯაოს შაბათს დავით მოძმანაშვილმა (125 კგ) ოქრო შემატა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) – ბრინჯაოს მედლები.

დავით მოძმანაშვილმა შეჯიბრება მონღოლი ჩულუმბუტის ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში თანაგუნდელი საკანდელიძე 2:1 დაამარცხა. ფინალის საგზური კი რუსეთის ნაკრების წევრ არსლანბეკ ალიევის ძლევით მოიპოვა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა უკრაინის ნაკრების წევრს – მსოფლიოს ვიცეჩემპიონ ალენ ზასეევს საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე შესრულებული ეფექტური ორქულიანით აჯობა – 4:2.

გიორგი საკანდელიძე ძირითად ბადეში წაგებამდე უზბეკ რახიმოვს გასცდა. წაგების შემდეგ კი, დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა ჩულუმბატთან და ალიევთან მოგებით გაინაღდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, სომეხ ფრანგულიანთან წაგებით. იქამდე უკრაინელები ბელეიჩუკი და სვირიდი და დაღესტნელი მუტალიმოვი ჩამოიშორა, რეპეშაჟის ფინალში კი მონღოლ ლხამაგრამაას სძლია (12:10).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112241