როდესაც გაირკვა, რომ საკალათბურთო ეროვნული თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” და თასის ასევე მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” შეხვდებოდნენ გულშემატკივრები დაძაბული და საინტერესო სერიის მოლოდინში იყვნენ. ეს მოლოდინი პირველმა შეხვედრამ დაადასტურა. დღეს, თბილისის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში კალათბურთის ქომაგებმა ნამდვილი სათასო დაპირისპირება იხილეს. ასეთი რანგის მატჩებს ყოველთვის ნერვული ფონი ახლავთ და ცხადია, გამონაკლისი არც დღევანდელი დაპირისპირება ყოფილა.
პირველ ტაიმში ნერვები ვერ მოთოკა ქუთაისელთა გამოცდილმა უკანახაზელმა ბუბა კვიმსაძემ, რისთვისაც შეხვედრის ერთ-ერთმა არბიტრმა იგი მოედნიდან გააძევა. სავარაუდოდ, კვიმსაძეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. პირველი ორი პერიოდის შემდეგ “დინამო” 8 ქულით დაწინაურდა – 35:27. ეს სხვაობა ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი, დინამოელები უფრო ეფექტურად იყენებდნენ საჯარიმო ტყორცნებს, მასპინძელთა რეალიზაციის პროცენტი 93-ს გაუტოლდა, ხოლო სტუმრებისა მხოლოდ 50-ს. მეორე, თბილისელთა ბალკანელი ლეგიონერის მარკო პოპოვიჩის შედეგიანი თამაშია – დინამოელთა 35 ქულიდან 15 მის ანგარიშზე დაირიცხა.
დიდი შესვენების შემდეგაც წინ დინამოელები იყვნენ. ზაურ ფაშაევის მცდელობის შედეგად “ქუთაისმა” სხვაობა 4 ქულამდე კი დაიყვანა, მაგრამ დინამოელთა უპირატესობა თანდათან გაიზარდა და მესამე პერიოდში 12 ქულასაც უწია.
დასკვნით მეოთხედში ქუთაისელებმა გაიბრძოლეს, თუმცა 9-12 ქულით მასპინძლები იყვნენ წინ. მატჩის ბედი კი მას შემდეგ გაირკვა, რაც ბესიკ ლეჟავამ საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 40 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და “დინამო” 69:59 დააწინაურა. საბოლოოდ, “დინამომ” 74:65 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
“დინამოს” დღევანდელ მოგებაში ლომის წილი მისმა ლეგიონერებმა დაიდეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით მარკო პოპოვიჩი გახდა, რომელმაც 4 შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა პარტნიორებს. 21 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა თბილისელთა ამერიკელმა მოთამაშე გარი შერმანმა. ქუთაისელთაგან 16 ქულა გააკეთა დავით ბარბაქაძემ, 11 მოხსნა განახორციელა გუნდის აფრიკელმა ლეგიონერმა აბდულა ნდოემ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.
მეორე მატჩს ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და თუკი თასის მოქმედმა მფლობელმა რევანშის აღება მოახერხა წლევანდელი გათამაშების ფინალისტის ვინაობას თბილისის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩასატარებელი მესამე შეხვედრა გამოავლენს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს ირაკლი ხოშტარიას “ცხელ გულზე” კომენტარი ვთხოვეთ. დინამოელთა თავკაცმა გვითხრა, რომ საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. “თუკი სუსტი პაექრობით გამარჯვების მოპოვება მაინც მოვახერხეთ, იმედს ვიტოვებ ქუთაისში კარგად ვიასპარეზებთ და მოვიგებთ” – დასძინა ბატონმა ირაკლიმ.