ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ პირველობის საუკეთესო შანსი რუს ევგენი ნაიერს (2634) აქვს, რომელმაც ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – დავიდ ნავარას (ჩეხეთი, 2735) და დენის ხიშმატულინს (რუსეთი, 2653) ნახევარი ქულით უსწრებს.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მიხეილ მჭედლიშვილს (2586) გააჩნია, რომელიც 6.5 ქულით 27-ე ადგილზე იმყოფება. გასულ ტურში ის თეთრი ფიგურებით გერმანიის სახელით მოთამაშე ლივიუ დიტერ-ნისიპეანუს (2654) დაუზავდა.
6.0 ქულით 65-ე პოზიციაზეა დავით ჯოჯუა (2579), რომელმაც თურქი ვაჰაპ სანალს (2460) სძლია. 5.5-5.5 ქულა აქვთ აქტივში ლევან ფანცულაიას (2615) და ნინო ბაციაშვილს (2475), რომელთაც შესაბამისად, 103-ე და 111-ე ადგილები უკავიათ.
მე-10 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით პინჩას კანტარჯისთან (ისრაელი, 2420) დამარცხდა, ბაციაშვილმა კი შავებითვე ისრაელის კიდევ ერთ წარმომადგენელ არკადი შეველევს (2285) აჯობა.
დასკვნითი მე-11 ტურის პარტიები 8 მარტს შედგება. მჭედლიშვილი შავი ფიგურებით პოლონელ რობერტ კემპინსკის (2625) ეთამაშება, ჯოჯუა შავებითვე – ევგენი პოსტნის (ისრაელი, 2647), ფანცულაია და ბაციაშვილი კი თეთრებით იასპარეზებენ, რუს დანიილ იუფასთან (2469) და თურქ დრაგან სოლაკთან (2607).