ფეხბურთი

22:10 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველლიგური თრილერი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ზონაში ცენტრალური მატჩი გაიმართა. თბილისში “ბენდელას” სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

სანამ შეხვედრაზე ვიტყოდეთ ორიოდ სიტყვას, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც ამ პატარა სტადიონზე სუფევდა. სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ტრიბუნები გულშემატკივართა სიმცირეს არ უჩიოდა. განსაკუთრებით კარგი სანახავი კი ბავშვების სიმრავლე იყო, რომლებიც “საბურთალოს” მთელი თამაშის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ. შეხვედრა კი ჩვენი ქვეყნისთვის ძვირი ფუფუნების ფონზე წარიმართა - საღამოს განათებაზე. ეს კი ნამდვილ საფეხბურთო გარემოს ქმნიდა.

თავად მატჩიც ძალზე საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. გულშემატკივარმა ჯამში 5 გატანილი გოლი იხილა, რომელთაგანაც სამი მასპინძლების ანგარიშზე ჩაიწერა. გარდა გოლებისა, თამაშში მრავლად შეიქმნა რეალური საგოლე მომენტებიც. “საბურთალოს” მხრიდან დუბლით გამოირჩა ახალგაზრდა თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი, ერთიც გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა საწყისი ორი გოლი ტყუპისცალივით წააგავდა ერთმანეთს. რკინიგზელთა შორის კი საუკეთესო თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი იყო, ვინაც გარდა იმისა, რომ ორჯერ აიღო მეტოქის კარი, თერთმეტმეტრიანიც მოინადირა და შეხვედრის არბიტრს მეტოქე მცველი ჯიმი ტაბიძე მოედნიდანაც გააძევებინა.

პირველი ლიგის A ზონას “საბურთალო” 21 ტურის შემდეგ, 54 ქულით ლიდერობს, ხოლო “ლოკომოტივს” 33 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.

“საბურთალო” – “ლოკომოტივი” 3:2 (2:1)

თბილისი, “ბენდელა”

“საბურთალო”: ქურდაძე, იაშვილი, მამუჩიშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი (წივილაშვილი 82), გვარაძე (ბიძინაშვილი 75), ხარაიშვილი, ხორხელი (ჯიქია 51), სოფრომაძე (ნადარაია 46), გოშთელაინი (რუხაძე 90)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“ლოკომოტივი”: მიქავა, კუსიანი, სანდოხაძე (ჩიტეიშვილი 41), პატარკაციშვილი (კუხალაშვილი 61), დუმბაძე, ღვინიაშვილი (ყანჩაველი 80), კიკნაძე (ვაშაკიძე 65), გავაშელიშვილი, ართქმელაძე, უბილავა (წივწივაძე 46), ჩიხლაძე

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (14), 2:0 გოშთელიანი (17), 2:1 გავაშელიშვილი (44, პენ), 2:2 გავაშელიშვილი (68), 3:2 გოშთელიანი (80)

გაფრთხილება: წივწივაძე (70), ჩიტეიშვილი (75)

გაძევება: ტაბიძე (44)

მსაჯი: გიორგი ვარდიძე

0.117472