ფეხბურთი

21:40 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მარცხი ივანწმინდაში

ტრადიციულად შინ ძლიერად მოთამაშე საჩხერის “ჩიხურას” ივანწმინდის “ცენტრალურზე” წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში ფეხი პირველად წაუცდა და ზემო იმერლებმა საშინაო არენაზე პირველი მარცხი იწვნიეს. ერთი შეხედვით, თითქოს არც აჭარლების ძლევა უნდა გაჭირვებოდათ “ჩიხურას” ფეხბურთელებს, მაგრამ ზღვისპირელებმა ცივ და სუსხიან ამინდში შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს.

საჩხერელთა მარცხს გარკვეული ობიექტური მიზეზებიც თან ახლდა. გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი აკლია, რასაც დაემატა დისკვალიფიცირებულებიც. კლუბის თავკაცმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დასვა გუნდი კიპერი მაქსიმე ქვილითაია.

შეხვედრის დასაწყისი ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. თავიდანვე აშკარად გამოჩნდა, რომ მასპინძლებს შეტევის ხაზში უჭირდათ. მათ მოწინააღმდეგის მოედანზე კომბინირებული თამაშის საშუალება არც ეძლეოდათ და ვერც ახერხებდნენ. შეტევების ორგანიზების არარსებობა კი ქობულეთელთა კართან სახიფათო მომენტების სიმწირეს იწვევდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძლებს მოწინააღმდეგე სერიოზულად თითქმის არ შეუწუხებიათ. სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ ზღვისპირელები, რომელთა წინახაზელები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ მასპინძელთა მცველებს.

სადებიუტო წუთებმა მშვიდად ჩაიარა. პირველად მოწინააღმდეგის კარისკენ ქობულეთელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა ნუნიესმა დაარტყა, რომელიც ოსტატურად განთავისუფლდა მეურვისაგან, მაგრამ სამხრეთამერიკელის მცდელობა ზარქუამ იოლად განმუხტა. ამის საპასუხოდ კაკაშვილმა დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ ბურთმა ზემოდან გადაუფრინა “შუქურას” კარის ხარიხას. 27-ე წუთზე საჩხერლები გოლს გადაურჩნენ. ლაშა ჩაფიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა მიერ აღმართულ “ცოცხალ კედელს” შეეხო და კინაღამ მათ კარის ბადეში გაეხვია. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

შეხვედრის საწყისს 45 წუთში საჩხერელთა ყველაზე სახიფათო მომენტი კონტრშეტევისას შედგა, როდესაც განუგრავას გადაცემის შემდეგ კორიფაძემ ფლანგიდან ჩააწოდა. “შუქურა” ტვილდიანმა გადაარჩინა, როდესაც თავურით ბურთის კუთხურზე გადაგდება მოახერხა, თორემ ქობულეთელთა კართან ჩასაფრებულ კაკაშვილს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცემოდა. ტაიმის მიწურულს კი საჩხერელთა შემადგენლობაში გასულ ტურში ულამაზესი გოლის გამტანმა და ქულის გადამრჩენელმა ჩიკვაიძემ დაარტყა სტუმართა კარის მიმართულებით, მაგრამ ჯიოევს ამ დარტყმულის აღება არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის დასაწყისი წინამორბედის მსგავსად განვითარდა. საჩხერელთა თავკაცმა სოსო ფრუიძემ შეტევის გასაძლიერებლად ლაშა კუჭუხიძე შემოუშვა მოედანზე, რომელსაც ტრავმის გამო პირველი წრიდან მოყოლებული არ უთამაშია და პირველად “ზესტაფონთან” პაექრობაში გამოიყვანა გამოცდილმა სპეციალისტმა რამდენიმე წუთით. ბუნებრივია, “ჩიხურას” მძიმე ფორვარდი ჯერჯერობით სასურველ ფორმაში არ გახლავთ, მაგრამ ლაშას ცდა და მონდომება არ დაუკლია, რათა მუდმივად ზეწოლაში ჰყოლოდა მეურვეები, თუმცა მას თანაგუნდელები ვერ აჰყვნენ.

სამაგიეროდ, რეალური საგოლე მომენტები შეექმნათ სტუმრებს, რომელთაგან ნუნიესს თავი უფრო უკეთ რომ წარმოეჩინა, მატჩი დუბლით უნდა დაესრულებინა, მაგრამ ბრაზილიელის დღე ნამდვილად არ იყო. პირველად ოკეანისგაღმელი ჩელებაძემ დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ნუნიესმა ზარქუას ვერ აჯობა. “ჩიხურას” კარის დარაჯმა ნუნიესს გატანის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წუთში ნუნიესი ისევ დარჩა ზარქუასთან პირისპირ, ამჯერად ლუისის პასით, მაგრამ საჩხერელთა კარის დარაჯი ისევ უბადლოდ თამაშობს და ბურთის კუთხურზე გადაგდება ახერხებს. ასეთი გამოუყენებელი მომენტების გამო სტუმრები კინაღამ დაისაჯნენ, როდესაც კორიფაძის ფლანგურ ჩაწოდებას კუჭუხიძემ თავი დაუხვედრა, მაგრამ ჯიოევს კარგად ჰქონდა შერჩეული პოზიცია და ბურთის აღება არ გასჭირვებია.

სტუმართა დამრიგებელმა გელა სანაიამ საეპილოგო ნაწილში მინდორზე სიტუაციის და ანგარიშის შესაცვლელად ზვიად მეტრეველი შეუშვა, რომელმაც დამრიგებლის ნდობა 100%-ით გაამართლა. 85-ე წუთზე მეტრეველმა დიდებულად მოასპარეზე ზარქუას ნამდვილად საუცხოო გოლი გაუტანა შორეულ კუთხეში. ქობულეთელთა ფორვარდ ეს ყველაფერი ისე დიდოსტატურად გამოუვიდა, კარის დარაჯს უბრალოდ შანსი არ ჰქონდა. თამაშის ბოლო წუთზე ისევ ზვიად მეტრეველი აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც იგი კაშიამ საკუთარ საჯარიმოში აკრძალული ილეთით შეაჩერა. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “მოგეხსენებათ საგრძნობი დანაკლისისთ ვთამასობდით. მეტრეველმა ისეთი გოლი გაგვიტანა, ყველაზე მაღალი რანგის ჩემპიონატებსაც კი დაამშვენებდა. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ “შუქურას” და წარმატებებს ვუსურვებ”.

გელა სანაია (“შუქურა”): “ჩვენი გუნდის ყველა ქომაგს ვულოცავ ამ გამარჯვებას, რომელიც იოლი ნამდვილად არ გახლდათ. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და გამარჯვებისათვის ყველაფერი გაიღეს. ცუდი ამინდის მიუხედავად, ვფიქრობ კარგი თამაში გამოგვივიდა და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ ”.

“ჩიხურა” – “შუქურა” 0:2 (0:0)

5 მარტი. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ჩიხურა”: ზარქუა, კაშია, ლაშა ჭელიძე, ლუბჩაკი, კორიფაძე, დეკანოიძე, სარდალიშვილი, მანჯგალაძე (კუჭუხიძე, 52), განუგრავა, ჩიკვაიძე, კაკაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“შუქურა”: ჯიოევი, ჩალაძე, ჩაფიძე (ხუჭუა, 87), გიორგი გურული, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ლუისი (თუხარელი, 68), ჩელებაძე, ნუნიესი (მეტრეველი, 82)

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

გოლი: 0:1 მეტრეველი (85), 0:2 კუხიანიძე (90).

გაფრთხილება: კაკაშვილი (17), ხოჭოლავა (65), ჩაფიძე (69) ჩიკვაიძე (52).

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (ნონიკაშვილი)

1. დინამო თბილისი 18 11 2 5 31:17 35
2. დილა გორი 18 10 4 4 25:15 34
3. დინამო ბათუმი 18 10 3 5 22:14 33
4. სამტრედია 18 9 4 5 21:13 31
5. ცხინვალი 18 9 3 6 18:22 30
6. ჩიხურა 18 7 5 6 21:21 26
7. გურია 18 6 7 5 18:25 25
8. შუქურა 18 6 6 6 18:18 24
9. მეტალურგი რუსთავი 18 6 5 7 19:19 23
10. მერანი მარტვილი 18 5 7 6 14:15 22
11. ზესტაფონი 18 4 8 6 33:28 20
12. ტორპედო ქუთაისი 18 3 9 6 19:21 18
13. ფოთი 17 4 6 7 13:19 18
14. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
15. ბოლნისი 18 4 5 9 15:25 17
16. ვიტ ჯორჯია 18 3 4 11 16:24 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

გიორგი წურწუმია საჩხერიდან

0.122877