ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ზესტაფონი” დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 73-ე წუთზე ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მატჩამდე კი ცნობილი იყო “დილას” მარცხი ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრაში. კონკურენტის დაკარგული ქულები თბილისის გუნდის ფეხბურთელებს მოტივაციას უზრდიდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, “დინამო” პირველ ადგილს იბრუნებდა.
მატჩის საწყისი წუთები მოულოდნელად განვითარდა. მე-3 წუთზე “დინამოს” მოთამაშეების შეუთანხმებლობით ზვიად სიხარულიამ ისარგებლა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში “ზესტაფონის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
“დინამომ” ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულამდე ვერ მოახერხა. ბურთის კონტროლი მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება უჭირდათ.
ეპიზოდურად ბურთის დაჭერას მიქაძის გუნდიც ახერხებდა, თუმცა გუნდს აშკარად ეტყობოდა მოუმზადებლობა. “ზესტაფონს” ხომ ფაქტობრივად მოსამზადებელი პერიოდი ჩაუვარდა და ამასთან გუნდში შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, “ზესტაფონი” არ გამტყდარა და დინამოელთა ესპანელი ლეგიონერის მანუელის დუბლის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რაც იმერელთა კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მიუთითებს.
ესპანელმა ფორვარდმა პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა გოლები. პირველი გოლისას ჭანტურიშვილის აქტიურობას კიტეიშვილის დარტყმა მოჰყვა, საბოლოო დარტყმა კი მანუელმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
“დინამოდან” ერთ-ერთი საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელიც სისხარტით გამოირჩეოდა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ადვილად იტოვებდა უკან.
მეორე ტაიმის დასაწყისი “დინამოს” ფეხბურთელთა აქტიურობით დაიწყო. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი უტევდა ფლანგებიდან, ცენტრიდან და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთგვარი შტურმიც მოაწყვეს სტუმართა ნახევარზე.
მეორე გოლი კიტეიშვილის აქტიურობას მოჰყვა, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ზესტაფონის” საჯარიმოში წააქციეს, სილაგავამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად მანუელმა აქცია. მეკარე კუპატაძემ დარტყმის მიმართულბა გამოიცნო, თუმცა ვერ მოიგერია.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს “ზესტაფონი” წინააღმდეგობის გაწევას ვერ მოახერხებდა, თუმცა იმერულმა კლუბმა კონტრშეტევაზე გაათანაბრა. გოლი გურამ სამუშიამ გაიტანა და მატჩი ასე რომ დასრულებულიყო, პირველ ადგილზე “დილა” დარჩებოდა.
73-ე წუთზე “ზესტაფონის” საჯარიმოსთან ახლოს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ლაშა თოთაძემ. თოთაძეს საკმაოდ ძლიერი დარტყმა აქვს, რაც არაერთხელ უჩვენებია. მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის დროს საჯარიმო დარტყმა თურქეთის ნაკრებს გაუტანა.
“დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა. მეორე ადგილს “დილა” იკავებს, გორელებს ერთი ქულით ჩამორჩება ბათუმის “დინამო”. ასე რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი აჭარულ კლუბსაც გაუჩნდა.
დინამო თბილისი – ზესტაფონი 3:2 (1:1)
5 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”
“დინამო”: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, ფერეირა, თოთაძე, ბუკორაცი (პარუნაშვილი 56), ცინცაძე, ჭანტურიშვილი (ჩირგაძე 64), შერგელაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე 79), მანუელი.
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
“ზესტაფონი”: კუპატაძე, რობაქიძე, ლომაია, მარაქველიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, სიხარულია (ბერიძე 79), რაჟამაშვილი (სამუშია 68), ილურიძე, ჯერემია (კვირკვია 56), სიხარულიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გოლები: 0:1 სიხარულია (3), 1:1 მანუელი (45), 2:1 მანუელი (58), 2:2 სამუშია (70), 3:2 თოთაძე (73)
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: სიხარულია (25), ბუკორაცი (47), ლომაია (58), კაკაბაძე (64), კუპატაძე (72), მანუელი (74), კვირკვია (76), ჭანტურია (82)
1. | დინამო თბილისი | 18 | 11 | 2 | 5 | 31:17 | 35 | |
2. | დილა გორი | 18 | 10 | 4 | 4 | 25:15 | 34 | |
3. | დინამო ბათუმი | 18 | 10 | 3 | 5 | 22:14 | 33 | |
4. | სამტრედია | 18 | 9 | 4 | 5 | 21:13 | 31 | |
5. | ცხინვალი | 18 | 9 | 3 | 6 | 18:22 | 30 | |
6. | ჩიხურა | 18 | 7 | 5 | 6 | 21:21 | 26 | |
7. | გურია | 18 | 6 | 7 | 5 | 18:25 | 25 | |
8. | შუქურა | 18 | 6 | 6 | 6 | 18:18 | 24 | |
9. | მეტალურგი რუსთავი | 18 | 6 | 5 | 7 | 19:19 | 23 | |
10. | მერანი მარტვილი | 18 | 5 | 7 | 6 | 14:15 | 22 | |
11. | ზესტაფონი | 18 | 4 | 8 | 6 | 33:28 | 20 | |
12. | ტორპედო ქუთაისი | 18 | 3 | 9 | 6 | 19:21 | 18 | |
13. | ფოთი | 17 | 4 | 6 | 7 | 13:19 | 18 | |
14. | ზუგდიდი | 17 | 4 | 6 | 7 | 10:17 | 18 | |
15. | ბოლნისი | 18 | 4 | 5 | 9 | 15:25 | 17 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 18 | 3 | 4 | 11 | 16:24 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.