ფეხბურთი

17:35 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: “მსურს, ადამიანებმა მივიწყებული ღირებულებები გაიხსენონ”

მოთამაშეობის პერიოდშივე ლეგენდად ქცეულმა 38 წლის ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა მთლიანად “რომაში” გაატარა. გუნდის კაპიტანი კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია და ჩატარებულ მატჩთა რაოდენობითაც რომაელთა რეკორდსმენია. “ჩესკოს” ინტერვიუ TUTTOSPORT-მა ჩამოართვა.

-ადრე თუ გვიან აქტიურ სამოთამაშეო კარიერას დაასრულებთ. მწვრთნელობას ხომ არ მიჰყობთ ხელს?

-"რომას" სიამოვნებით გავწვრთნიდი. შესაძლოა, თავიდან ბავშვებთან მუშაობით დავიწყო, მაგრამ იქნებ, არც იყოს ამის აუცილებლობა. იმ ფეხბურთლებს, რომლებსაც მრავალი წელი უთამაშიათ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ სამწვრთნელო ცოდნის მისაღებად.

- ყველაზე მეტად როდის იყო “რომა” ერთიანი?

- როდესაც ფაბიო კაპელოს მეთაურობით სკუდეტო მოვიგეთ. მაშინ ყველანი ვმეგობრობდით. ფეხბურთელები თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ეს ძალიან გვეხმარებოდა ერთმანეთის კიდევ უფრო კარგად გასაცნობად. როდესაც მინდორზე გვერდით მეგობარი გყავს, მინიმუმ 10 პროცენტით უკეთ თამაშობ.

- ერთმანეთს “სკუადრა აძურა” და “რომა” რომ შეხვდნენ, რომელი გუნდი მოიგებს?

- ძალიან საინტერესო და ლამაზი პაექრობა გამოვა. მოგებით კი ის გუნდი გაიმარჯვებს, რომლის შემადგენლობაშიც ფრანჩესკო ტოტი ითამაშებს.

- რომის პაპი თქვენი სეხნიაა. იგი ამბობს, რომ სამყარო უფრო სამართლიანი უნდა გახდეს. თქვენ რისი შეცვლა გსურთ ყველაზე მეტად?

- რომის პაპმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი წინამორბედისგან განსხვავებულია. დარწმუნებული ვარ, ფრანცისკი ბევრ სასიკეთოს გააკეთებს. პირადად მე კი ძალიან მინდა, რომ ადამიანებმა მივიწყებული ღირებულებები გაიხსენონ.

- Bambino Gesù საავადმყოფოს ბავშვებს დახმარებას უწევთ...

- დედაჩემი ამ ჰოსპიტალის ექთანს იცნობდა. ერთხელაც მან ამ საავადმყოფოში მიმიყვანა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მძიმე დღეში არიან იქაური პაციენტები და ბევრ რამეზე თვალი ამეხილა. ბედმა გამიღიმა, მშობლებმა სწორ ღირებულებებზე თვალი რომ ამიხილეს.

- თქვენმა 10 წლის ბიჭმა კრისტიანმა რომაულ დერბიში “ლაციოს” გოლი გაუტანა. მის საფეხბურთო პერსპექტივაზე რას გვეტყვით?

- კრისტიანი მეცხრე ნომრიანი მაისურათი თამაშობს. ახალგაზრდულ წლებში “რომას” შემადგენლობაში მეც 9 ნომრით ვასპარეზობდი. კრისტიანი ჯერჯერობით ფეხბურთის თამაშით კარგად ერთობა. როდესაც გაიზრდება, თავად გადაწყვეტს რომელ პროფესიას გაჰყვება. გამიხარდება, თუკი ფეხბურთელობს უერთგულებს. ჩემი მხრიდან კრისტიანს დახმარება არ დააკლდება.

0.118298