ჩოგბურთი

9:55 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა 65-ე ტურნირი მოიგო

მსოფლიო კლასიფიკაციის მეოთხე ნომერმა რაფა ნადალმა ბუენოს აირესის ტურნირის ფინალში არგენტინელ ხუან მონაკოს 6:4, 6:1 მოუგო და კარიერის განმავლობაში 65-ე ტიტული მოიგო. 28 წლის მალიორკელმა ამ მაჩვენებლით შვედ ბიორნ ბორგს და ამერიკელ პიტ სამპრასს გაასწრო და მოგებულ შეჯიბრებათა რაოდენობით მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს (109), ჩეხ ივან ლენდლს (94), შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (84) და ამერიკელ ჯონ მაკინროის (77) ჩამორჩება.

ამასთან, რაფამ გრუნტის საფარიან კორტზე 46-ე ტიტული დაისაკუთრა და არგენტინელი გილერმო ვილასის (62 წლის ექსჩოგბურთელი ბუენოს აირესის ფინალს დაესწრო) რეკორდი გაიმეორა. ნადალის ტიტულთა 70 პროცენტი სწორედ გრუნტის კორტებზე მოდის.

ბუენოს აირესის საჩოგბურთო შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში ნადალს 30 წლის ხუან მონაკოს დასამარცხებლად საათნახევარი დასჭირდა. რაფამ 4 ბრეიკი, ერთი ეისი შეასრულა და მონაკოსთან პირადი შეხვედრების ანგარიში 6:1 გახადა.

არგენტინის დედაქალაქში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ნადალი 250 სარეიტინგო ქულას და 91050 დოლარს მიიღებს.

0.46352