ფეხბურთი

21:09 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიელებმა მცხეთაში გაიმარჯვეს

თბილისის “დინამოსთან” წაგებული მატჩის შემდეგ “სამტრედიამ” ხასიათი “მცხეთა პარკზე” გამოიკეთა. იმერლებმა სტუმრად მცხეთის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძელი “ვიტ ჯორჯია” 1:0 დაამარცხეს.

მატჩის განმავლობაში ცოტა სახიფათო მომენტი იყო. პირველ ტაიმში პირველი დარტყმა მე-17 წუთზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ილია კერძევაძემ, საჯარიმოს ცენტრის მისადგომებიდან, კვირკველიას გადაცემის შემდეგ განახორციელა, თუმცა ბურთი ჯონი შეროზიას კარს აცდა. 10 წუთში ლევან შარიქაძემ კუთხურიდან მოწოდების შემდეგ საჯარიმოდან გამოტანილ ბურთს დაამატა, თუმცა კვლავ არაზუსტად. 33-ე წუთზე კი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ თორნიკე გრიგალაშვილის, გიგა ბეჭვაიას, თორნიკე გორგიაშვილის და კერძევაძის ოთხსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის გატანილი გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში ვეტერინარები გამოფხიზლდნენ და ღიბრაძემ შორეული დარტყმით რევაზ თევდორაძის კარის აღება სცადა, თუმცა დაბალი ტრაექტორიით მიმავალი ბურთი კარს ასცდა. 62-ე წუთზე გოგა დანელიამ შეტევის მარცხენა ფლანგზე საბაძეს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა ცენტრისკენ ცოტათი შეიწია და უფრო მეტი სიზუსტით რომ ეთამაშა, სამტრედიელთა კარის შორეულ კუთხეში გატანილ ძალიან ლამაზ გოლს ვიხილავდით.

68-ე წუთზე შარიქაძემ ცენტრიდან შეტევა დაიწყო, მარჯვენა ფლანგზე გრიგალაშვილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი კერძევაძეს ცენტრში ფაქტობრივად საგოლე გადაცემა გაუკეთა, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელს დუბლის გაფორმება შეროზიამ არ აცალა. რამდენიმე წუთში “ვიტ ჯორჯიას” მეკარე გეწაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი ბეჭვაიასთან ორთაბრძოლის შედეგად ცუდად მიიღო, ხელში ვერ შეიმაგრა და საბოლოოდ სიტუაცია ვიტელთა მცველებმა განმუხტეს.

78-ე წუთზე ბეჭვაიასა და შეცვლაზე შემოსულ კახა კახაბრიშვილს შორის მოედნის ცენტრალურ ნაწილში შელაპარაკება მოხდა. ბურთისთვის ბრძოლის დროს იმერელთა ფეხბურთელმა ვიზავის წინააღმდეგ აშკარად იუხეშა, ხელი ხელში ჩაარტყა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ორივე გუნდის ფეხბურთელებმა დაპირისპირება მალევე ჩაახშეს და შეხვედრა გაგრძელდა, არბიტრმა კი ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზ მაისურაძემ შორიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა და “სამტრედიის” მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, “ვიტ ჯორჯია” მარცხს გადაურჩებოდა.

მიუხედავად ბრძოლისუნარიანობისა და საქართველოს თასზე “ცხინვალთან” მნიშვნელოვანი გამარჯვებისა, “ვიტ ჯორჯია” უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება 13 ქულით, “სამტრედია” კი დასახული მიზნისკენ მიდის - ზაზა ზამთარაძის გუნდს ევროსაგზური სურთ. იმერლები ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფებიან 28 ქულით და მესამეადგილოსან ბათუმის “დინამოს” ორი ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის შემდეგ “სამტრედიის” თავკაცმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და მოგებული მატჩისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისელთა ხელმძღვანელმა ზურაბ ბერიძემ კი აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და “ვიტ ჯორჯია” გასავარდნი ზონიდან თავის დაძვრენას აუცილებლად შეეცდება.

მომდევნო შეხვედრას “ვიტ ჯორჯია” ევროსაგზურის კიდევ ერთ მაძიებელ “ცხინვალთან” გამართავს, ხოლო “სამტრედია” შინ ბოლნისის “სიონს” მიიღებს.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)

1 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, გახარია, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (ხვისტანი 77), დემეტრაშვილი (მაისურაძე 46), საბაძე, ლონჯანიძე (კახაბრიშვილი 67).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ბოლქვაძე, შარიქაძე, გორგიაშვილი (კაპანიძე 77), ბეჭვაია, გეწაძე (გურული 88), კერძევაძე (დათუნაიშვილი 69).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლი: 0:1 ილია კერძევაძე (33)

გაფრთხილება: გორგიაშვილი (21), კახა კახაბრიშვილი (78), გიგა ბეჭვაია (78), გიორგი დათუნაშვილი (81).

მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა

მე-17 ტური

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (35), 1:1 ლუიშ ალბერტუ (45), 2:1 დაჩი ცნობილაძე (50)

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)

1:0 ნიკა კვეკვესკირი (14), 2:0 თენგიზ ჩიკვილაძე (41, საკ. კარში), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)

0:1 ლუკა გეგუჩია (12)


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 0:2 (0:1)

0:1 თეიმურაზ მარკოზაშვილი (45), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (56)

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)

1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)

1. დილა 17 10 4 3 25:14 34
2. დინამო თბ. 17 10 2 5 28:15 32
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 17 8 4 5 18:12 28
5. ცხინვალი 17 8 3 6 17:22 27
6. ჩიხურა 17 7 5 5 21:19 26
7. მეტალურგი 17 6 5 6 19:18 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 17 5 6 6 13:14 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 17 4 8 5 31:25 20
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
14. ტორპედო 17 3 8 6 18:20 17
15. სიონი 17 4 5 8 14:22 17
16. ვიტ ჯორჯია 17 3 4 10 16:23 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.301714