აზერბაიჯანის ჩემპიონატში ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება შედგა. კახა ცხადაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა გიორგი ჩიხრაძის “სიმურგი.” მე-18 წუთზე ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ გახსნა, მამადოვმა ანგარიში ორამდე გაზრდა, ხოლო სტანოიევიჩმა სხვაობა შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძემ მოედანი 61-ე წუთზე დატოვა. სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა გიორგი ლომაია.
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ნეა სალამინამ” საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსან “აია ნაპასთან” ფრედ 0:0 ითამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ჩაატარა მატჩი გიორგი პაპავამ. “ნეა სალამინას” განაცხადში არ იმყოფებოდა შოთა გრიგალაშვილი.
“აპოლონმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ანორთოსისი.” ფამაგუსტელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ.
“აპოელი” “ომონიას” ესტუმრა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ჩაატარა მატჩი უჩა ლობჟანიძემ, მისმა გუნდმა კი ფრედ 1:1 ითამაშა.
კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების მსგავსად გამარჯვება ვერ მოიპოვა “ოთელოსმა,” რომელმაც საკუთარ მეოდანზე ფრედ 0:0 ითამაშა ლიმასოლის “აელთან.” როინ კვასხვაძე და ლევან ხმალაძე მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იმყოფებოდნენ, სასტარტოში მოთამაშე ელგუჯა გრიგალაშვილმა კი 90-ე წუთზე მინდორი დატოვა.
გერმანიის მესამე ლიგის 27-ე ტურში ბილეფილდის “არმინიამ” საკუთარ მოედანზე “უნტერჰაჰინგი” 4:0 დაამარცხა. “უნტეჰაჰინგის” სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. ამდროისთვის სტუმართა კარში სამი გოლი იყო გასული, 86-ე წუთზე კი ვან დერ ბიზენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ჰალეშერმა” შინ 1:2 წააგო როსტოკის “ჰანზასთან.” ანგარიში 38-ე წუთზე აკაკი გოგიამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძელთა კარში ორი გოლი გავიდა და გოგიას გუნდი დამარცხდა. აკაკიმ მატჩი სრულად ჩაატარა.