ფეხბურთი

13:57 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა – საინტერესო დეტალები 1/8 ფინალის წინ

პარასკევს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები საკმაოდ საინტერესოდ დაწყვილდნენ და ადრეულ გაზაფხულზე გულშემატკივრებს კარგი თამაშები ელოდებათ.

“ევერტონი” (ინგლისი) – “დინამო” (კიევი, უკრაინა)

ლივერპულის “ევერტონი” აქამდე უკრაინულ გუნდს ერთხელ შეხვედრია. 2007-2008 წლების სეზონში ჯერ კიდევ მაშინდელ უეფას თასზე “გუდისონ პარკელები” ხარკოვის “მეტალისტს” დაუპირისპირდნენ. ლივერპულში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ხარკოვში მაშინ, დევიდ მოიესის გუნდმა 3:2 იმარჯვა.

“დინამოს” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 22-ჯერ უთამაშია. კიეველებმა 4 მატჩი მოიგეს, 11 წააგეს, ხოლო 7 შეხვედრაც ფრედ დასრულდა (2 ფრე და 9 მარცხი გასვლით მატჩებში).

რომელუ ლუკაკუ ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარიდირია 6 გატანილი გოლით.

“დნიპრო” (უკრაინა) – “აიაქსი” (ჰოლანდია)

“დნიპროს” ჰოლანდიური გუნდების წინააღმდეგ უეფას თასზე დადებითი ბალანსი აქვს. 4 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი.

“აიაქსმა” უკრაინული გუნდი, კერძოდ, “დინამო” 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში 3:2 დაამარცხა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ამსტერდამელები უკრაინულ გუნდს შეხვდნენ.

ტურნირზე შემორჩენილ გუნდებს შორის “დნიპრომ” ყველაზე მეტჯერ დაარღვია თამაშის წესი. ჯაბა კანკავას თანაგუნდელებმა 142-ჯერ იუხეშეს. თუმცა, მათ წინააღმდეგაც ყველაზე მეტად დაჯარიმდნენ – 137-ჯერ.

“ზენიტი” (რუსეთი) – “ტორინო” (იტალია)

“ტორინოს” არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს თავის დროზე რუსეთის პრემიერლიგაში უთამაშია. მას “მოსკვას” შემადგენლობაში 2007-2008 წლებში 22 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

“ტორინო” რუსულ გუნდს ერთხელ შეხვედრია. “ხარებმა” 1992-1993 წლების სეზონში უეფას თასზე მოსკოვის “დინამოსთან” ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგეს.

“ზენიტმა” უეფას თასზე 2008-2009 წლების სეზონში 1/8 ფინალში “უდინეზესთან” ჯამში 1:2 წააგო.

“ვოლფსბურგი” (გერმანია) – “ინტერი” (იტალია)

“ვოლფსბურგს” იტალიური გუნდების წინააღმდეგ არასდროს მოუგია. 1 ფრე, 2 მარცხის საპირისპიროდ. “ინტერს” კი გერმანული გუნდების წინააღმდეგ დადებითი ბალანსი აქვს. 16 გამარჯვება, 8 ფრე, 11 მარცხი.

“ვოლფსბურგს” მერვედფინალში მყოფ გუნდთაგან ევროტურნირებზე ყველაზე ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული – 58. “ინტერს” კი პირიქით, ყველაზე მეტჯერ უთამაშია ევროსარბიელზე. მისი მონაგარი 387 შეხვედრას ითვლის.

“ინტერი” “იუვენტუსთან”, “ლივერპულთან” და “სევილიასთან” ერთად არის მეოთხე გუნდი, რომელსაც ეს ტურნირი სამჯერ მოუგია. ბოლოს “ნერაძურიმ” 1997-1998 წლების სეზონში იპირველა.

“ვილიარეალი” (ესპანეთი) – “სევილია” (ესპანეთი)

“ვილიარეალის” ამჟამინდელი თავკაცი მარსელინიო 2011 და 2012 წლებში “სევილიას” თავკაცობდა. იგი თანამდებობიდან სწორედ “ვილიარეალთან” 1:2 განცდილი მარცხის შემდგომ გაათავისუფლეს.

“სევილიამ” “ლა ლიგაში” “ვილიარეალს” სეზონის დასაწყისში 2:1 აჯობა. “დალაქებმა” ორივე გოლი მატჩის ბოლო სამ წუთში გაიტანეს.

“სევილია”, როდესაც ევროპის ლიგაზე ესპანურ გუნდებს დაუპირისპირდა, ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. მან 2007 წელს “ოსასუნა” ჩამოიცილა გზიდან, ხოლო 2014 წელს “ბეტისი” და “ვალენსია”.

“ნაპოლი” (იტალია) – “დინამო” (მოსკოვი, რუსეთი)

მოსკოვის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი 1990-1991 წლების სეზონში “ნაპოლის” ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდა. მაშინ “სპარტაკის” მეკარემ იტალიელებისგან ორი მატჩის ჯამში გოლი არ გაუშვა. რუსებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მატჩის შემდგომი პენალტების სერიის წყალობით შეძლეს.

“ნაპოლის” ესპანელ თავკაც რაფა ბენიტესს აქვს შანსი ლეგენდარულ ჯოვანი ტრაპატონის გაუტოლდეს. ტრაპატონის ევროპის ლიგა სამჯერ მოუგია. ბენიტესს კი აქამდე ორჯერ (2004 წელს “ვალენსიასთან”, ხოლო 2013 წელს “ჩელსისთან” ერთად).

“დინამო” ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომლებმაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშება ჯგუფური ეტაპიდან დაიწყეს და ჯერ კიდევ წაუგებლად ასპარეზობენ. მოსკოველებმა 8 მატჩიდან 7 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. მასთან ერთად წაუგებელი “ბრიუგე” (5 მოგება, 3 ფრე) და “ინტერია” (4 მოგება, 4 ფრე).

“ბრიუგე” (ბელგია) – “ბეშიქთაში” (თურქეთი)

“ბეშიქთაშმა” “ბრიუგე” 2006-2007 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე სტამბულში 2:1 დაამარცხა.

“ბეშიქთაშის” მარჯვენა მცველი სერდარ კურტულუში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც იმ მოგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

იმ გუნდებს შორის, რომლებმაც ტურნირი ჯგუფური ეტაპიდან დაიწყეს, “ბრიუგეს” იტალიურ “ნაპოლისთან” ერთად ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული. მხოლოდ სამი, რვა ჩატარებულ შეხვედრაში.

“ფიორენტინა” (იტალია) – “რომა” (იტალია)

“ფიორენტინას” თავკაცი ვინჩენცო მონტელა ფეხბურთელობისას “რომას” ღირსებას თითქმის ათი წელი იცავდა. 215 მატჩში მან “ჯალოროსის” მაისურით 94 გოლი გაიტანა და 2001 წელს სკუდეტოც მოიგო. აქვე დაიწყო მონტელას სამწვრთნელო კარიერაც 2010-2011 წლების სეზონის მიმდინარეობისას.

“რომამ” წლეულს იტალიის ჩემპიონატში ფლორენციელების წინააღმდეგ 4 ქულა მოიპოვა. შინ 2:0 მოიგო, სტუმრად კი ფრე, - 1:1. თავის მხრივ, “ფიორენტინამ” დედაქალაქელები იტალიის თასის გათამაშებიდან გამოთიშა, მას შემდეგ, რაც რომში 2:0 გაიმარჯვა.

მონტელას გარდა, “იების” ღირსებას ისეთი ფეხბურთელებიც იცავენ, რომელთაც ადრე “რომაში” უთამაშიათ. ასეთები არიან დავიდ პიზარო და ალბერტო აკვილანი. ადემ ლიაიჩი კი 2013 წლის აგვისტოში “ფიორენტინადან” “რომაში” გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120669