იერუსალიმში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. უკრაინელმა მოჭადრაკე ანტონ კორობოვმა ყველა პარტია მოიგო და წინ გაიჭრა.
ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებლები მიხეილ მჭედლიშვილს (2586) და ლევან ფანცულაიას (2615) გააჩნიათ. მათ აქტივში 3-3 ქულაა და შესაბამისად, 54-ე და 56-ე ადგილებზე იმყოფებიან. მე-4 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი, 2660) დაუზავდა, ხოლო მჭედლიშვილმა ყაიმი ანდრე ვოლოკიტინთან (უკრაინა, 2646) გააფორმა.
2.0-2.0 ქულა აქვთ აქტივში დავით ჯოჯუას (2598) და ნინო ბაციაშვილს (2475), რომელთაც შესაბამისად 115-ე და 141-ე პოზიციები უკავიათ. ბაციაშვილმა შავებით ევგენი რომანოვთან (რუსეთი, 2625) წააგო, ჯოჯუამ კი ფრედ ბოგდან-დანიელ დეაკთან (2402) ითამაშა.
მე-5 ტურში, რომელიც 1 მარტს შედგება. ფანცულაია თეთრებით გაბრიელ სარგისიანს (სომხეთი, 2668) ეთამაშება, მჭედლიშვილი შავებით – ვლადიმირ აკოპიანს (სომხეთი, 2660), ჯოჯუა შავებით – გეორგ არკადიუს კალკას (გერმანია, 2389), ხოლო ბაციაშვილი თეთრებით – იაირ კრაუსს (ისრაელი, 2129).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 9 მარტამდე გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს, საიდანაც I ადგილოსანს – 16 000 ერგება; II ადგილი 14 000-ს მიიღებს; III ადგილი კი – 12 000-ს.