პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ლისაბონის “სპორტიგში” განათხოვრებული შემტევი ლუიშ ნანი “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნებას იმედოვნებს.
“მანჩესტერი მიყვარს. სეზონის დაწყებამდე “სპორტინგში” იმიტომ გადმოვედი, რომ მეტი სათამაშო დრო მქონოდა, გასულ სეზონში კი ტრავმებმა შემაწუხა და თან მწვრთნელიც გამოვიცვალეთ. ჩემი მომავალი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუ “იუნაიტედს” ჩემი შენარჩუნება უნდა, კარგი იქნება, მაგრამ ბევრი რამ გვექნება განსახილველი.” – განაცხადა ნანიმ.
პორტუგალიელმა გასულ უიქენდზე “ჟილ ვისენტეს” 30 მეტრიდან ლამაზი გოლი გაუტანა და აღნიშვნის დროს ცრემლებიც კი გადმოსცვივდა. შემტევმა განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა აღმასრულებელმა დირექტორმა მას შეტყობინება გაუგზავნა: “ვუდვორდისგან ტექსტი მივიღე, სადაც იგი ჩემ გოლსა და “სპორტინგში” მიმდინარე წარმატებულ სეზონზე საუბრობდა.”
მიმდინარე სეზონის დამწყებამდე ინგლისელებმა პორტუგალიელებისგან არგენტინელი ფეხბურთელი მარკოს როხო იყიდეს და ტრანსფერში ნანიც ჩართეს. “სპორტინგში” დაბრუნების შემდეგ 28 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა. გასული წლის აგვისტოში ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენდა, 17 თებერვლის მონაცემებით კი – 16 მილიონია.