ორიოდ წლის წინ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო –კალიფორნიულ კლუბში 34 ნომრით ვერასოდეს, ვერავინ ითამაშებს. სწორედ 34 ნომერი იყო შაკილ ო ნილი, რომელმაც “ლეიკერსში” რვა სეზონი გაატარა. 2013 წლის აპრილში კი მისი 34-ნომრიანი მაისურა Staples Center-ის არენის თაღზე დაკიდეს.
216 სანტიმეტრი სიმაღლის, 147-კილოგრამიანი გოლიათი დიდ კალათბურთში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და უმალ მსოფლიოს ვარსკვლავი გახდა. 19-წლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო მოიხვეჭა, მაგრამ ბევრი მას უბრალოდ, იმ კალათბურთელად მოიხსენიებს, თამაშისას საკალათბურთო ფარი რამდენჯერმე რომ ჩამოუმტვრევია. ამ სახეობაში კიდევ უფრო უკეთ გათვითცნობიერებულთათვის შაკილი ის კაცია, სპორტულ კარიერაში 5 ათასზე მეტი საჯარიმო რომ ვერ გამოუყენებია. მართლაც, ლეგენდარული 34-ის საჯარიმო ტყორცნები იმდენად ცუდი იყო, რომ კალათბურთში მსგავსი უზუსტობა ხანდახან წესების განზრახ დარღვევადაც კი ითვლება.
კალათბურთელი, მსახიობი, რეპერი, შოუმენი და ახლა უკვე პოლიციის ოფიცერიც. გოლიათი, რომლის ფეხის ზომაც ამერიკულად 23-ია. ევროპულად 60 გამოდის.
“ლეიკერსის” სუპერ-34-ის სუპერკარიერა 34 წინადადებაში ჩავატიეთ:
- შაკილ ო'ნილი 1972 წლის 6 მარტს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა.
- 15 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად სან-ანტონიოში გადავიდა საცხოვრებლად.
- საბავშვო ასაკისთვის ზედმეტად მაღალი – ორმეტრიანი ბიჭი სკოლის საკალათბურთო გუნდთან ერთად, ტეხასის შტატის ჩემპიონი გახდა.
- 1989 წელს ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლაც და კალათბურთის თამაშიც და უმალ გუნდის ლიდერად იქცა.
- სამი წლის განმავლობაში არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზი მოიგო.
- ლუიზიანის უნივერსიტეტი სწავლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე NBA-დან მიღებული სუპერშეთავაზების გამო დატოვა.
- შაკილ ო ნილის პირველი პროფესიული კლუბი "ორლანდო მეჯიკი” იყო, რომელმაც NBA-ს დრაფტის პირველ ნომერთან შვიდწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 40 მილიონი დოლარი გადაიხადა.
- 1992-93 წლების სეზონში ო ნილი საშუალო მაჩვენებლით: 23,4 ქულითა და 13,9 მოხსნით NBA-ს საუკეთესო ახალბედა გახდა.
- პირველსავე წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩშიც” ითამაშა და 14 ქულა ჩააგდო.
- 1994 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
- 1995-1996 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ო ნილმა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან” 121 მილიონ დოლარად შეფასებული 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის ლიდერიც მალევე გახდა.
- 1996 წელს ნბა-ს ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელის სიაში შეიყვანეს.
- იმავე წელს, შაკილი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად ატლანტაში გამართული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
- 1999-2000 წლების სეზონში “ლეიკერსმა” NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო შაკილ ო ნილი რეგულარული ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს.
- 2000 და 2001 წლებიც “ლეიკერსის” ტრიუმფით დასრულდა, თავად ონილი კი ორივე წელს ფინალების MVP
- 2000 წელი შაკისთვის სხვა მხრივაც წარმატებული გამოდგა – ლუიზიანის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და დიპლომი აიღო.
- "მშობლებს და საკუთარ თავს დავპირდი, რომ კალათბურთის გარდა სხვა საქმეშიც შემიძლია წარმატებული ვიყო და მიხარია, რომ ამ დაპირებას ვასრულებ” – უთხრა ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაშინ ერთ-ერთ გამოცემას.
- 2000 წელს ერთი უხერხული ეპიზოდიც ახლდა - "სიეტლთან” მატჩში შაკილ ო ნილმა 11 საჯარიმო ესროლა, ყველა ააცილა და NBA-ს ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა.
- ხუთი წლის შემდეგ შაკილ ო ნილმა განათლების სფეროში ახალი მწვერვალი დაიპყრო – ფინიქსის უნივერსიტეტის "საქმის წარმოების მაგისტრის” დიპლომი.
- იმ დროს შაკილი “მაიამი ჰიტის” ღირსებას იცავდა და 2006 წელს უკვე ამ გუნდის რიგებში გახდა ჩემპიონი.
- მომდევნო სეზონი ძალიან უიღბლოდ დაიწყო – მუხლის ტრავმის გამო 35 თამაში გამოტოვა და შესაბამისად, "მაიამიც” მოსალოდნელზე სუსტად გამოვიდა რეგულარულ ჩემპიონატში.
- 2007 წელს შაკილ ო'ნილს ჰქონდა დებიუტი ტელევიზიაში, ახალ რეალითი შოუში «შჰაქ’ს Bიგ ჩჰალლენგე».
- ტრავმიანობა 2007-2008 წლების სეზონშიც გაგრძელდა და ო ნილის საშუალო შედეგიანობამაც საგრძნობლად იკლო, რასაც გუნდის მთავარ მწვრთნელ პატ რაილთან უთანხმოებაც დაერთო.
- "რაილმა ეჭვიანობა დაიწყო, თითქოს ტრავმებს ტყუილად ვიმიზეზებდი და საბოლოოდ ჩემი და “მაიამის” გზებიც გაიყარა” – უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ლეგენდარულმა კალათბურთელმა.
- “მაიამი ჰიტიდან” ო ნილი “ფინიქს სანსში” გაუშვეს, სადაც ორი წელი გაატარა და 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
- 2008-2009 წლების სეზონში მეთხუთმეტედ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში და ლეიკერსელ კობი ბრაიანტთან ერთად, შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.
- 2009 წლის 25 ივნისს “ფინიქს სანზის” ხელმძღვანელობამ შაკი “კლივლენდ კავალიერზს” გაუცვალა ბენ უოლესში, საშა პავლოვიჩში, წლის დრაფტზე 46 ნომრის არჩევანსა და ნახევარ მილიონ დოლარში.
- "კლივლენდში” ჩატარებული 53 მატჩის შემდეგ, 2010 წლის 4 აგვისტოს შაკი თავის ბოლო კლუბში – “ბოსტონ სელტიკსში” გადავიდა, მაგრამ ტრავმებმა და ასაკმა ძველებურად ათამაშებაში ხელი შეუშალა და წერტილის დასმა გადაწყვიტა.
- "მინდა ყველას მადლობა გითხრათ, თან გაცნობოთ, რომ კარიერას ვასრულებ” – დაწერა შაკილ ო ნილმა 2011 წლის 1 ივნისს საკუთარ ტვიტერზე.
- ორიოდ დღეში ო ნილმა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პენსიაში გასვლის უმთავრეს მიზეზად ხშირი ტრავმიანობა დაასახელა.
- "შაკი მთელი ლიგა იყო, მის გარეშე კალათბურთი მოიწყენს” – წერდა ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა, ლეგენდარული კალათბურთელის წასვლის შემდეგ.
- 2012 წლის 6 მაისს შაკილ ო ნილმა პერსონალის მართვასა და კორპორატიული სწავლების სფეროში მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.
- 2014 წლის სექტემბერში ვეტერანმა კალათბურთელმა პოლიციელობა მოისურვა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტესტირებაც გაიარა და 2015 წლის იანვარში, ფლორიდის პოლიციის რეზერვის ოფიცერი გახდა.
- ახალი გატაცების პარალელურად, შაკილ ო ნილი ტელეწამყვანისა და სპორტული კომენტატორის რანგში განაგრძობს საქმიანობას და არც სარეკლამო, სამსახიობო და მუსიკალურ შეთავაზებებზე ამბობს უარს.
®







