ფეხბურთი

12:30 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა გრძელდება

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრებში მხოლოდ სამ მატჩში დაფიქსირდა ისეთი შედეგი, რომ გუნდებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად გაინაღდეს, დანარჩენ 13 მატჩში კი ბრძოლები მეორე 90 წუთიც გაგრძელდება.

მანამდე შეგვიძლია რამდენიმე ფაქტს გადავხედოთ, რომლებიც პირველ შეხვედრებში დაფიქსირდა.

“ვილიარეალის” კარში გატანილი თერთმეტმეტრიანით, ჟონათან სორიანომ გატანილი გოლების რაოდენობა 14-მდე გაზარდა და უეფას ევროპის ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-3 ადგილამდე დაწინაურდა. “ზალცბურგის” გამთამაშებელი ამ პოზიციას ფერნანდო ლორენტესა და ჯუზეპე როსისთან იყოფს. ლიდერები რადამელ ფალკაო (30) და ოსკარ კარდოსო (20) არიან.

რომელუ ლუკაკუმ, რომელიც “ანდერლეხტის” შემადგენლობაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და გოლის ავტორი ევროპის ლიგაზე, გაიფორმა ტურნირის ყველაზე სწრაფი მე-10 ჰეთ თრიკი. მისმა სამმა გოლმა 34 წუთში, “ევერტონს” “იანგ ბოიზთან” 4:1 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ზემოთნახსენები 10 ჰეთ თრიკიდან ექვსი მიმდინარე გათამაშებაში დაფიქსირდა. 2014/2015 წლების ევროპის ლიგის ძირითად ბადეში, ეს იყო მე-11 ჰეთ თრიკი. აქამდე ჰეთ თრიკების მაქსიმალური რაოდენობა 2010/2011 წლებში დაფიქსირდა - 8.

“ნაპოლიმ” “ტრაბზონსფორი” თურქეთში 4:0 გაანადგურა და ერთბაშად ორი რეკორდი გაიმეორა. უწინარესად, ესაა ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული შეხვედრა სტუმრად 1/16-ფინალის ეტაპზე (აქამდე მსგავსი ანგარიში ორჯერ დაფიქსირდა 2011 და 2012 წლებში). მეორე, ეს იყო ნეაპოლელების ზედიზედ მეოთხე მშრალი მატჩი და ამ მაჩვენებლით შვიდ სხვა კლუბს გაუტოლდნენ.

“ფიორენტინამ” ლონდონში “ტოტენჰემთან” ფრედ ითამაშა და ტურნირის რეკორდი გაიმეორა - არ დამარცხდა ზედიზედ მე-9 სტუმრად ჩატარებულ მატჩში. “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ორი სეზონია გასვლაზე თამაშს არ აგებს.

კიდევ ერთი რეკორდი კიევის “დინამომ” გაიმეორა. სერგეი რებროვის შეგირდებმა საფრანგეთში “გენგამთან” წაგებულ შეხვედრაში ორი წითელი ბარათი მიიღეს და მათი საერთო რაოდენობა 8-მდე გაზარდეს. აქამდე მსგავსი მაჩვენებლით მხოლოდ “ვალენსია”, “სტიაუა” და “სპორტინგი” “დაიკვეხნიდნენ”.

ანდრე ვილაშ-ბოაში გახდა მეხუთე მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ლიგასა თუ უეფას თასზე სამ სხვადასხვა კლუბს უხელმძღვანელა. “ზენიტამდე” ის “პორტუსა” და “ტოტენჰემში” მუშაობდა. ხუთეულში შედიან ჰუბ სტევანსი, რაფაელ ბენიტესი, ხუან კარლოს გარიდო და ერნესტო ვალვერდე.

კიევის “დინამოს” მეკარე ალექსანდრ შოვკოვსკი გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირში 40 წელს გადაცილებულმა მიიღო მონაწილეობა. “გენგამთან” მატჩის დღეს ის 40 წლის და 48 დღის იყო. ევროპის ლიგის ყველაზე მხცოვანი ფეხბურთელი ბრედ ფრიდელია, რომელიც მოედანზე ბოლოს გასვლის დღეს 42 წლისა და 173 დღის იყო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ზედიზედ მეხუთედ მოხვედრილი ამსტერდამის “აიაქსი” ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროპის ლიგის ექვსივე პლეი ოფში მიიღო მონაწილეობა.

32-იდან ექვს გუნდს ევროპის ლიგის 1/16-ფინალში აქამდე არასდროს უთამაშია. დებიუტი გაიფორმეს “ოლბორგმა”, “ფეინოორდმა”, “ტორინომ”, “სელტიკმა”, მოსკოვის “დინამომ” და “გენგამმა”. ამ ექვსეულიდან პირველი მატჩი მხოლოდ “გენგამმა” მოიგო, ერთადერთი გუნდი კი, რომელიც დამარცხდა, დანიური “ოლბორგია”.

ევროპის ლიგის 1/16-ფინალი. განმეორებითი მატჩები

26 თებერვალი.

ზენიტი (რუსეთი) - პსვ (ჰოლანდია) (1:0 პირველი მატჩი)

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ანდერლეხტი (ბელგია) (0:0)

ინტერი (იტალია) - სელტიკი (შოტლანდია) (3:3)

ფიორენტინა (იტალია) - ტოტენჰემი (ინგლისი) (1:1)

ბეშიქთაში (თურქეთი) - ლივერპული (ინგლისი) (0:1)

ზალცბურგი (ავსტრია) - ვილიარეალი (ესპანეთი) (1:2)

დინამო (კიევი, უკრაინა) - გენგამი (საფრანგეთი) (1:2)

ლეგია (პოლონეთი) - აიაქსი (ჰოლანდია) (0:1)

გლადბახი (გერმანია) - სევილია (ესპანეთი) (0:1)

ფეინოორდი (ჰოლანდია) - რომა (იტალია) (1:1)

ნაპოლი (იტალია) - ტრაბზონი (თურქეთი) (4:0)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - დნიპრო (უკრაინა) (0:2)

ბრიუგე (ბელგია) - ოლბორგი (დანია) (3:1)

სპორტინგი (პორტუგალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) (0:2)

ბილბაო (ესპანეთი) - ტორინო (იტალია) (2:2)

ევერტონი (ინგლისი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია) (4:1)

0.116839