ფეხბურთი

19:44 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები იტალიელ თანატოლებს დაუზავდნენ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები იტალიაში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. მატჩი რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ჯენზანოში გაიმართა.

ამხანაგური შეხვედრა საბოლოოდ, ამხანაგურადვე დასრულდა, ფრე – 1:1. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის მოგება შეძლეს, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. ანგარიში 32-ე წუთზე “საბურთალოს” მცველმა გაგი მარგველაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინეს. 53-ე წუთზე თავი “პერუჯას” ნახევარმცველმა პარიჯინიმ გამოიჩინა.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას ანთალიაში გააგრძელებს, სადაც მარტის თვეში პოლონელ თანატოლებს ორჯერ გაეჯიბრება, ხოლო აპრილში კი კიევში უკრაინის ნაკრებთან ასევე ორგზის მოსინჯავს ძალებს.

ელიტ რაუნდი მაისის ბოლოს დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, ელიტ რაუნდს თბილისი უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

იტალია(U19) - საქართველო (U19) 1:1 (0:1) ამხ.

25 თებერვალი, 2015. სტადიო კომუნალე. ჯენზანო, იტალია

იტალიაU19: სკუფეტი (მონტიპო 80), კალაბრია (ჯემინიანი 46), ტროიანი (პორტო 46), მურგია (პულიეზე 79), სკიაჩა, კოპოლარო, პარიჯინი (პალომბი 70), სბრისა (ჯერლი 64), ჩერი (მინელი 55), ბენტივენია (მოლფეტა 64), პანიკო (ბონაცოლი 58)

მთ.მწვრთნელი - ალესანდრო პანე

საქართველო U19: ქურდაძე, ჩაბრაძე, დუმბაძე (ჯაფიაშვილი 70), მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (მესხი 75), ბერიძე (შულაია 63), ზარანდია, კერძევაძე (ჭკუასელი 88)

მთ. მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

გოლები: მარგველაშვილი (32), პარიჯინი (53)

მსაჯი: ალესანდრო ჩინდემი დი ვიტერბო (იტალია)

0.111521