ფეხბურთი

17:45 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: “ჩორლუკა არასწორად მოიქცა”

კიშინიოვის “დაჩიას” ქართველმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ მოსკოვის “ლოკომოტივთან” მოგებულ (3:2) მატჩში მეტოქის ხორვატ მცველ ვედრან ჩორლუკასთან შელაპარაკების შესახებ, მოლდოვური საფეხბურთო კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

- მოგვიყვევი რა მოხდა?

- საფეხბურთო მოედანზე ასეთი რამ ხდება, მაგრამ ულამაზოდ გამოვიდა. სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს ჩორლუკა ჩვენთან მოვიდა, “დაჩიას” მოთამაშეების მისამართით რაღაცას ამბობდა. მე ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო, ხოლო მან მიპასუხა: “გაჩუმდი, ვერ ხედავ სად თამაშობ, არ გრცხვენია? “. ეს ნერვიულობის ფონზე მოხდა. მთავარია, რომ 3:2 მოვიგეთ.

- იდაყვი მან ჩაგარტყა თუ შენ ჩაარტყი?

- არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. სათამაშო სიტუაცია იყო. ის არასწორად მოიქცა და ამის შესახებ “ლოკომოტივში” ჩემს ნაცნობ ფეხბურთელებს ვუთხარი. მათი თქმით, ჩორლუკა ასეთი ადამიანია და ვითარების გამწვავებას აზრი არ აქვს.

- ადრე ჩორლუკასთან რაიმე კონფლიქტი გქონია?

- თბილისში საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 როდესაც მოუგო, მაშინაც მას სათამაშო სიტუაციაში შევეჯახე.

- შესაძლოა ამის გამო დაიბოღმა?

- შესაძლოა, არ ვიცი.

- ასეთი საქციელისთვის ჩორლუკას დასჯა გსურდათ?

- 3:2 გავიმარჯვეთ და დავსაჯეთ. ამით ყველაფერი ნათქვამია.

- ამ შელაპარაკებისას რა უთხარი?

- შევახსენე საქართველოში ჩატარებული თამაში და მეტი არაფერი. თუმცა, ის მეუბნებოდა: “სად თამაშობ? ეს რა გუნდია? რა ჩემპიონატია?”. ჩემთვის სულერთია რას ამბობდა, უბრალოდ, ეს ულამაზოა. “დაჩიაში” ჩემთვის ყველაფერი მისაღებია.

- გუნდში თავს როგორ გრძნობ?

- ვცდილობთ და ჩანს, რომ ნელნელა სათამაშო ფორმაში შევდივართ.

0.116891