ჭადრაკი

15:18 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთხიდან სამმა ქართველმა იმარჯვა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში სტარტი აიღო რიგით 23-ე ინდივიდუალურმა პირველობამ, რომელშიც 4 ქართველი მოჭადრაკე ჩაება: ლევან ფანცულაია (2615), მიხეილ მჭედლიშვილი (2586), დავით ჯოჯუა (2579) და ნინო ბაციაშვილი (2475).

პირველ ტურში სამმა ქართველმა გამარჯვება იზეიმა. მჭედლიშვილმა შავი ფიგურებით ვლადიმირ ჩუბარი (უკრაინა, 2066) დაამარცხა, დავით ჯოჯუამ შაკედ ტიფერეტს (ისრაელი, 2001) სძლია, ხოლო ბაციაშვილმა თეთრებით ორი კოჩავის (ისრაელი, 1607) აჯობა.

თავისი პარტია მხოლოდ ფანცულაიამ ვერ მოიგო, რომელიც რეიტინგით გაცილებით დაბლა მდგარ საარ დრორის (ისრაელი, 2173) დაუზავდა.

მე-2 ტურში ჯოჯუა თეთრებით იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი, 2714) ეთამაშება, მჭედლიშვილი კი – იური ბოჩკარევს (რუსეთი, 2076). შავი ფიგურებით გაირჯებიან ბაციაშვილი და ფანცულაია. ნინო ალეკსეი გოგანოვს (2605) დაუპირისპირდება, ლევანი კი – სებასტიან ფიშერს (გერმანია, 2256).

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 9 მარტამდე გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს, საიდანაც I ადგილოსანს – 16 000 ერგება; II ადგილი 14 000-ს მიიღებს; III ადგილი კი – 12 000-ს.

შეჯიბრში 33 ქვეყნის 248 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის – 167 საერთაშორისო წოდების მქონე.

0.129018