სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფოთში მშენებარე სპორტული ობიექტები დაათვალიერა. სადღეისოდ ქალაქში სარაგბო კომპლექსის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება, საფეხბურთო სტადიონზე კი სამშენებლო სამუშაოები ახალი დაწყებულია.
მინისტრი სპორტულ ობიექტებს ქალაქ ფოთის მერთან ირაკლი კაკულიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ხელმძღვანელებთან ერთად ეწვია.
ფოთში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და პროექტის მიხედვით, წლეულს, აპრილში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს კომპანია „ატუ" აწარმოებს და საამისოდ დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება. კომპლექსი მთავარ და სათადარიგო სტადიონს მოიცავს.
მთავარ არენაზე მხოლოდ მინდვრის საფარია მოსაწესრიგებელი, საოფისე შენობა და 2500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა კი უკვე მზადაა. რაც შეეხება სათადარიგო მოედანს მაყურებელთა ტრიბუნით, ის უკვე კეთილმოწყობილია და სპორტსმენთა განკარგულებაშია.
ასევე რეკონსტრუქცია უტარდება ფოთის მთავარ საფეხბურთო სტადიონს, თუმცა ის ჯერ მხოლოდ ერთი ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას თქმით, სამუშაოები მაქსიმალურადაა დაჩქარებული, რათა ახალ საფეხბურთო სეზონს ფოთის „კოლხეთი 1913" საკუთარ არენაზე შეხვდეს.
„უახლოეს წლებში საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს. აქედან განსაკუთრებით ხაზგასასმელია სარაგბო ტურნირები. მოხარული ვარ, რომ ფოთში ასეთი კარგი კომპლექსი კეთილმოეწყო. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში რაგბის პოპულარიზაციას და რაც მთავარია, ახალგაზრდა ფოთელი მორაგბეების დაოსტატებას", - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებთან და სპორტსმენებთან საუბრისას.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამინისტროს პრესსამსახური