ბრიტანული პოპოლარული გამოცემები “მანჩესტერ იუნაიტედის” მორიგ შესაძლო დანაკარგზე ბევრს წერენ. საქმე ბელგიაში დაბადებულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 19 წლის ანდრეს პერეირას ეხება. სამხრეთამერიკელ შემტევს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა ინგლისელები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ფიქრობენ.
“მეორე პოგბა” – ასე უწოდა skysport-მა პერეირას. ფრანგ ფეხბურთელს “მანჩესტერში” სერ ალექს ფერგიუსონმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და საბოლოოდ პოგბა “იუვენტუსში” აღმოჩნდა. წლების განმავლობაში პოლი სათამაშო დონეს იმაღლებს და მისი აგენტის მინო რაიოლას განცხადებით, ნახევარმცველი 100 მილიონზე მეტიც ღირს.
ბრაზილიელი ანდრეს პერეირა ლუის ვან გაალისგან პრემიერლიგაში დებიუტს ელის, თუმცა ჰოლანდიელი მას შანსს არ აძლევს. სარეზერვო გუნდში შემტევმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ფეხბურთელისადმი ინტერესს პსვ, “ფეინოორდი” და “პარი სერ ჟერმენი” იჩენენ. პერეირას მამამ და ამავდროულად მისმა აგენტმა მარკოსმა განაცხადა, რომ თუ მის შვილს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ, პსჟ ანდრესის პროგრესისთვის ჩინებული გუნდი იქნება.
პსვ-ს აკადემიის აღზრდილი მოთამაშე მანჩესტერელებს 2012 წლის დასაწყისში შეუერთდა. პერეირას ბრაზილიის და ბელგიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ფეხბურთელს ბენილუქსელთა 15, 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, ბოლოს კი ბრაზილიის 20-წლამდელთა რიგებშიც მოასწრო ერთი მატჩის ჩატარება.