ფეხბურთი

11:45 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

არსენალი-მონაკო

21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არსენ ვენგერმა “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ის თავის ყოფილ გუნდს, ოფიციალურ მატჩში, პირველად დღეს დაუპირისპირდება.

ფრანგი სპეციალისტი “მონაკოს” 1987-1994 წლებში წვრთნიდა. პირველივე სეზონში მან გუნდს ქვეყნის ჩემპიონატი მოაგებინა, მოგვიანებით კი, საფრანგეთის თასზე გამარჯვებაც იზეიმა. ვენგერი “მონაკოდან” 1994 წლის სექტემბერში დაითხოვეს, რის შემდეგაც მან იაპონურ “ნაგოია გრამპუსში” ერთი წელი იმუშავა, ხოლო 1996 წელს “არსენალი” ჩაიბარა.

გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. მიმდინარე სეზონის წინ, “არსენალმა” და “მონაკომ”, ლონდონში, ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც სტუმარმა გუნდმა რადამელ ფალკაოს გოლით მოიგო.

“არსენალს” საფრანგეთის წარმომადგენლებთან 20-ჯერ უთამაშია. ლონდონელებმა 12 შეხვედრა მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 10 მატჩში “მეთოფეებს” 5 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი აქვთ.

“მონაკო” ინგლისურ კლუბს მეთერთმეტედ ხვდება. წინა 10 თამაშიდან მონაკოელებმა 5 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს. სტუმრად ჩატარებულ 5 მატჩში “მონაკოს” 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება დაუგროვდა.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. “არსენალმა” პრემიერლიგის ბოლო 2 თამაში მოიგო და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. “მონაკომ” კი, ჯერ საფრანგეთის თასიდან “რენი” გამოაგდო, შემდეგ კი, ლიგა ერთში, “ნიცა” სტუმრად დაამარცხა და ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

“არსენალს”, ტრადიციულად, ბევრი ფეხბურთელი აკლია. ლონდონელებს, ტრავმების გამო, არტეტა, დებუში, რემზი და დიაბი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ოსპინასა და ჩემბერლენის თამაშიც.

“მონაკო” დისკვალიფიცირებულ ტულალანს, ასევე ტრავმირებულ ბაკაიოკოს, რაგისა და კარვალიოს მოისაკლისებს.

  • “არსენალი” ერთ-ერთია იმ 2 გუნდიდან (“რეალთან” ერთად), რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შემდეგ (2003/04 წლების სეზონიდან) 1/8-ფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებენ;
  • “არსენალი”, ბოლო ოთხ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა;
  • “მონაკოს”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში მოგება არ აქვს;
  • არსენ ვენგერი თავის ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდება. ფრანგი სპეციალისტი “მონაკოს” 1987-1994 წლებში წვრთნიდა. მან გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა;
  • “არსენალი” ევროტურნირის ფლეი ოფში ფრანგულ გუნდს მეხუთედ ხვდება. წინა ოთხ შემთხვევაში გამარჯვებულები ლონდონელები გამოდიოდნენ;
  • მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე “მონაკომ” ყველაზე ცოტა, 1 ბურთი გაუშვა;
  • “მონაკომ”, ჯგუფურ ეტაპზე, მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, რაც 1/8-ფინალისტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “არსენალის” განაცხადს ოლივიე ჟირუ, ფრანსის კოკელინი და გაბრიელ პაულისტა დაემატნენ, ხოლო ხოელ კემპბელი, ლუკაშ პოდოლსკი და იაია სანოგო გამოაკლდნენ. “მონაკომ” მათეუს კარვალიო და ალენ ტრაორე დაიმატა, ხოლო ბორხა ლოპესი და ლუკას ოკამპოსი განაცხადიდან ამოიღო;
  • “მონაკო”, საფრანგეთის ჩემპიონატში, სტუმრად ყველაზე კარგად მოთამაშე გუნდია. ჟარდიმის შეგირდებმა მეტოქის მოედანზე ჩატარებული 13 თამაშიდან 7 მოიგეს;
  • “მონაკომ”, ლიგა ერთის ბოლო 10 თამაშში, მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ჟარდიმის გუნდს, ბოლო 8 თამაშში მაქსიმუმ ერთი ბურთი გაჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): შჩეზნი, ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი, კასორლა, კოკელინი, უელბეკი, იოზილი, სანჩესი, ჟირუ.

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, აბდენუ, უოლასი, კურზავა, კონდოგბია, მოუტინიო, დირარი, სილვა, ფერეირა-კარასკო, ბერბატოვი.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

ლევერკუზენი-ატლეტიკო

ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტი და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “ატლეტიკო” დღეს იმ გუნდს ეწვევა, რომელსაც, ბოლო წლებში, ლიგის ფლეი ოფში კარგად თამაში არ გამოსდის. 2002 წელს ფინალში “რეალთან” წაგების შემდეგ, “ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართულ ყველა შეხვედრაში დამარცხდა.

დღევანდელი მატჩი ამ გუნდების პირველი დაპირისპირება არაა. 2010 წელს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლევერკუზენსა და მადრიდში გამართული შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

“ლევერკუზენი” ესპანურ გუნდს 30-ედ შეხვდება. წინა 29 თამაშიდან გერმანელებმა 9 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 15 დათმეს. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 13 მატჩში “ლევერკუზენს” 5-5 მოგება და წაგება, ასევე 3 ფრე აქვს.

“ატლეტიკოს” გერმანიის წარმომადგენლებთან 32-ჯერ უთამაშია. მადრიდელებს 15 მოგება, 6 ფრე და 11 წაგება დაუგროვდათ. სტუმრად ჩატარებული 15 შეხვედრიდან “როხიბლანკომ” 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.

“ლევერკუზენი” დღევანდელ მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება. შმიდტის გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო 3 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

“ატლეტიკო”, რომელმაც პრიმერა დივიზიონის ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო, მე-3 ადგილზეა და ლიდერ “რეალს” 7, ხოლო მე-2 პოზიციაზე მყოფ “ბარსელონას” 3 ქულით ჩამორჩება.

“ლევერკუზენს”, დღევანდელ მატჩში, დისკვალიფიცირებული თორფაქი და ტრავმირებული კრუზე ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ბენდერისა და ჟედვაის თამაშიც. “ატლეტიკოს” მხირდან ტრავმირებული კოკეა, ხოლო ტიაგოს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაა.

  • “ლევერკუზენმა” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართული ბოლო 7 თამაში წააგო. გერმანელებმა, ამ 7 შეხვედრაში, 6 გოლი გაიტანეს და 24 გაუშვეს;
  • “ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართულ ბოლო 8 თამაშში წაგება არ აქვს;
  • “ლევერკუზენს”, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლო ბოლო 197 წუთის განმავლობაში არ გაუტანია, რაც 1/8-ფინალისტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • მიმდინარე გათამაშებაში “ლევერკუზენის” კარში გასული ოთხივე გოლი მე-60 წუთის შემდეგ გავიდა;
  • “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან 5 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “ატლეტიკოს” საჩემპიონთალიგო განაცხადს კანი და ფერნანდო ტორესი დაემატნენ, ხოლო ალესიო ჩერჩი და კრისტიან როდრიგესი გამოაკლდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, დონატი, სპაჰიჩი, პაპადოპულოსი, ვენდელი, როლფესი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, დრმიჩი.

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, თურანი, გაბი, სუარესი, ნიგესი, გრიზმანი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140765