უეფას წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა 2022-2023 წლების სეზონში კორექტივები შეიტანოს, თუკი ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი სამუშაო ჯგუფ “ყატარი 2022”-ის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და მსოფლიო ჩემპიონატს ზამთარში ჩაატარებს.
“ფიფას სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციას საერთაშორისო კალენდრის თაობაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებას ითვალისწინებს, უეფა მხარს უჭერს. უეფას მიაჩნია, რომ ეს მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს წაადგება. ამჟამად, ფიფას აღმასკომის საბოლოო გადაწყვეტილებას ველით.
უეფა არავითარ სერიოზულ პრობლემას არ ხედავს, რომ 2022-2023 წლების კალენდარში კორექტივები შეიტანოს თუ ფიფას აღმასკომი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - ნათქვამია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.
თავის მხრივ, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ბოისი ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 23 დეკემბერს ჩატარებას ეწინააღმდეგება.
“ჩემი აზრით, ეს თარიღი შობასთან ძალიან ახლოსაა. ეს ერთადერთი პრობლემად მიმაჩნია. მირჩევნია, ფინალი ერთი კვირით ადრე გაიმართოს, მაგრამ ფიფას აღმასკომის გადაწყვეტილებას დაველოდები”, - იუწყება ბოისის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.