სიტი-ბარსელონა
„მანჩესტერ სიტის“, ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში „ბარსელონასთან“ მარცხისთვის რევანშის აღების შანსი ერთი წლის შემდეგ მიეცა.
გასულ სეზონში, ასევე 1/8-ფინალში, კატალონიელებმა „ქალაქელები“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს. გოლები მესიმ და ალვესმა გაიტანეს. განმეორებით მატჩში, კატალონიელთა მხრიდან თავი იგივე ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, ხოლო „სიტის“ ერთადერთი გოლი ვენსან კომპანიმ გაიტანა.
„სიტის“ ესპანეთის წარმომადგენლებთან სულ 11-ჯერ უთამაშია. „ქალაქელებმა“ 3-ჯერ მოიგეს, ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 5 თამაშში „სიტის“ 2 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი აქვს.
„ბარსელონას“ ინგლისურ გუნდებთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. კატალონიელებმა, 62 თამაშიდან, 26 მოიგეს, 19 ფრედ დაასრულეს და 17 წააგეს. მეტოქის მოედანზე „ბარსას“ 16 მოგება, 10 ფრე და 2 წაგება დაუგროვდა.
„სიტი“ დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. „ქალაქელებმა“, პრემიერლიგის გასულ ტურში, „ნიუკასლი“ 5:0 დაამარცხეს და ლიდერ „ჩელსისთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს.
კატალონიელთა ბანაკში საპირისპირო ვითარება გვაქვს. ზედიზედ 11 მოგების შემდეგ, „ბარსა“ „მალაგასთან“ საკუთარ კედლებში დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი მადრიდის „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება.
მანუელ პელეგრინის გუნდი თამაშს ერთ-ერთი ლიდერის, იაია ტურეს გარეშე ხვდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია. კატალონიელებს საკადრო პრობლემა თითქმის არ აქვთ. ლუის ენრიკე ტომას ვერმალენსა და დუგლასს მოისაკლისებს.
- “სიტი” და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ერთმანეთს ზედიზედ მეორედ ხვდებიან. გასულ სეზონში, კატალონიელებმა მანჩესტერელები, 2 მატჩის ჯამში, 4:1 დაამარცხეს;
- “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” კარგად იცნობს. “ქალაქელთა” ნახევარმცველი იაია ტურე კატალონიურ კლუბში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. ესპანეთის ჩემპიონატში ხესუს ნავასს, დავიდ სილვას, პაბლო საბალეტას, ვილი კაბალიეროს, სერხიო აგუეროსა და მარტინ დემიკელისსაც უთამაშიათ. “სიტის” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი “ბარსელონაში” ამავე თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი კატალონიელთა რიგებში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა;
- “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ზედიზედ მეთერთმეტედ მოხვდა. წინა 10 მცდელობიდან კატალონიელები მომდევნო ეტაპზე 8-ჯერ გავიდნენ;
- “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 10 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო;
- “სიტი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად, ხოლო “ბარსელონა” ზედიზედ მერვედ გასვლას შეეცდება;
- მანუელ პელეგრინის “ბარსელონას” წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდი 22-ჯერ გაუყვანია. ჩილელის ანგარიშზე მხოლოდ 4 მოგებაა;
- “სიტიმ” ბოლო 11 თამაშიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა;
- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “სიტის” საჩემპიონთალიგო განაცხადს ვილფრიდ ბონი დაემატა, ხოლო სტევან იოვეტიჩი და მატია ნასტასიჩი გამოაკლდნენ;
- “ბარსელონამ” 11-მატჩიანი მოგებათა სერია გასულ შაბათს, “მალაგასთან” საკუთარ კედლებში წაგებით შეწყვიტა.
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, მანგალა, კლიში, ფერნანდუ, ფერნანდინიო, ნავასი, სილვა, ნასრი, აგუერო.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
იუვენტუსი-დორტმუნდი
ჩემპიონთა ლიგის 1997 წლის ფინალის მონაწილეები ერთმანეთს 18 წლის შემდეგ ხვდებიან. „იუვენტუსს“ მიუნხენში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი პირველად ეძლევა.
18 წლის წინათ გამართული ფინალის გარდა გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან. 1993 წელს, უეფას თასის ფინალში, ტურინელებმა სტუმრად 3:1, ხოლო შინ 3:0 მოიგეს. 2 წლის შემდეგ, იმავე ტურნირის ნახევარფინალში, იტალიაში გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა, ხოლო გერმანიაში კვლავ სტუმრებმა იმარჯვეს, ამჯერად 2:1. იმავე წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, დორტმუნდში ისევ „იუვენტუსმა“ მოიგო (3:1), ხოლო ტურინში გამარჯვება, ანგარიშით 2:1, გერმანელებს დარჩათ.
„იუვენტუსისა“ და გერმანული გუნდების დაპირისპირების ისტორია 45 თამაშს ითვლის. ტურინელებს 23 მოგება, 7 ფრე და 15 წაგება აქვთ. საკუთარ კედლებში გამართული 21 შეხვედრიდან „იუვემ“ 14 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
„დორტმუნდს“ იტალიურ გუნდებთან 29-ჯერ უთამაშია. გერმანელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 15 წააგეს. მეტოქის მოედანზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში დორტმუნდელებს 4 მოგება, 1 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდა.
დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. „იუვენტუსმა“ სერია A-ს წინა თამაშში მოიგო და მდევარ „რომასთან“ სხვაობა 9 ქულამდე გაზრდა. „დორტმუნდმა“ კი, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად, ზედიზედ 3-ჯერ იმარჯვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
დღევანდელ შეხვედრაში „დორტმუნდს“ გროსკროიტცი ვერ დაეხმარება, ხოლო სვენ ბენდერის, ერიკ დურმის, მატს ჰუმელსის, ჩირო იმობილესა და სებასტიან კელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- “იუვენტუსი” და “დორტმუნდი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1997 წლის ფინალის შემდეგ პირველად ხვდებიან. 18 წლის წინათ გერმანელებმა იტალიელები 3:1 დაამარცხეს;
- “იუვენტუსს”, ევროტუნირებზე, საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 10 თამაშში წაგება არ აქვს;
- “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან 5 მოიგო;
- ჩირო იმობილე “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია. ტურინული კლუბის მაისურით მას 4-ჯერ უთამაშია;
- “იუვენტუსს”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში 46-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “იუვენტუსის” საჩემპიონთალიგო განაცხადს დე ჩელიე, მატრი და სტურარო დაემატნენ, ხოლო ასამოა, ჯოვინკო და რომულო გამოაკლდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ვიდალი, ლიორენტე, ტევესი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სოკრატისი, შმელცერი, შაჰინი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი.
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).