რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საფეხბურთო კლუბის “სკჩფ სევასტოპოლის” გენერალურმა დირექტორმა, წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთის მოქალაქე 33 წლის დავით თეთრუაშვილმა ინტერნეტპორტალ onedivision.ru-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროთასებზე უარს არ იტყოდა.
- ყირიმის ლიგის შესახებ ახალი თუ ისმის? რამდენად დიდი შანსია, რომ ლიგა “შემოდგომა-გაზაფხულის” სქემით ჩატარდება? თქვენ ასეთი ვარიანტი გაწყობთ?
- ჩვენთვის სულერთია ჩემპიონატი როგორ ჩატარდება. მთავარია, რომ თამაში რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ. მთლიანად ტურნირს რაც ეხება, საჭიროა, რომ კლუბები მოემზადონ და ფეხბურთელები მოვიწვიოთ. ყველა აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტი მზად უნდა გვქონდეს და ბოლოს და ბოლოს ამ საკითხზე უეფას პოზიცია გვაინტერესებს.
- უეფას პოზიციის მიუხედავად ყირიმის ლიგა მაინც იქნება?
- უეფას პოზიციასთან დაკავშირებით რა პრობლემაა?
- თუ უეფა ლიგას არ დააფინანსებს, ის მაინც შედგება?
- უეფა ლიგას არ დააფინანსებს. ამის შესახებ საუბარი არასოდეს ყოფილა. ამ ორგანიზაციას სულ სხვა ამოცანები აქვს. უეფასგან მხოლოდ ერთი რამ გვსურს, ყირიმის ლიგაში პროფესიონალი ფეხბურთელები დაუშვან, რომელთაც სტატუსს არ ჩამოართმევენ. რა თქმა უნდა, ევროთასებზე ადგილზეც უარს არ ვიტყოდით.
- ფიქრობთ, რომ ეს რეალურია?
- ყირიმთან დაკავშირებით უეფასგან თანადგომას ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ველით – მოედნები, მეთოდიკა, მწვრთნელთა სტაჟირება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება. რაც შეეხება ევროთასებს, რა უღირს უეფას ჩემპიონთა ლიგაში ერთი ადგილის მოცემა? ეს მხოლოდ ბურთულაა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. სამაგიეროდ, კლუბს ატესტაციის გასავლელად სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ ამისთვის მზად ვიქნებით, ადგილს მოვითხოვთ.
- ყირიმის ლიგაში თამაშის მსურველ კლუბებს შორის რამე მოლაპარაკება მიმდინარეობს?
- კლუბების ხელმძღვანელები რეგულარულად ურთიერთობენ. პრობლემა ისაა, რომ ჯერ ყველა კლუბი იურიდიულად დარეგისტრირებული არაა. ახლა ხელმძღვანელები ამ საკითხითაც არიან დაკავებული. თუმცა, ვიდრე იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური დეტალები მოსკოვში არ შეთანხმდება, ბევრი საკითხი ღია დარჩება.