სუმოს პროფესიულმა ასოციაციამ ახალი რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში 2 ქართველი მოხვდა: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით იასპარეზა და 6 მოგება და 9 მარცხი მიითვალა, შესაბამისად, მცირე უკუსვლას ვერ გადაურჩა. გორგაძე მომდევნო სუპერტურნირზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით გაირჯება.
გაგამარუმ, რომელიც გასულ ბაშოზე რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ასპარეზობდა, 15-დან 11 ბრძოლა მოიგო, რაც მაკუუჩიში დასაწინაურებლად საკმარისი აღმოჩნდა. ახლა, ჯუღელს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ვიხილავთ და მან ყველაფერი უნდა გაიღოს, რათა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს.
განახლებულ კლასიფიკაციაში იოკოძუნას სტატუსით რჩებიან ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ, ოძეკის ტიტული კი კისენოსატოს, კოტოშოგიკუს და გოეიდოს აქვთ მიკუთვებული.
ისიც ვთქვათ, რომ მომდევნო ბაშო ოსაკაში 8-22 მარტს შედგება.