ფეხბურთი

12:46 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას წარმატებული სტარტი, ალავერდაშვილის დებიუტი, ხუბუტიას 90 წუთი, ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა

პრაღის “სლავიამ”, რომელშიც ლევან ყენია გამოდის, ჩეხეთის საფეხბურთო სინოტ ლიგა (უმაღლესი ლიგა) გამარჯვებით განაახლა.

მე-17 ტურში, პრაღელებმა სტუმრად “ლიბერეცი” 3:1 დაამარცხეს და სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე შეცვალეს. “სლავიას” ვებგვერდის ინფორმაციით, ყენია აქტიური იყო და მეტოქის ხშირად აწუხებდა. 16-გუნდიან სინოტ ლიგაში “სლავია” 23 ქულით მეექვსეა.

ფორვარდ გიორგი ალავერდაშვილს პოლონეთის ექსტრაკლასაში დებიუტი ბიდგოშჩის “ზავიშას” რიგებში ჰქონდა. 21-ე ტურში “ზავიშა” სტუმრად გდანსკის “ლეხიას” დაუზავდა (0:0) და ქართველი ლეგიონერი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. ალავერდაშვილი “ზავიშაში” რამდენიმე დღის წინ გადავიდა. “ზავიშა” 11 ქულით 16-გუნდიან ექსტრაკლასაში ბოლოა.

საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურში “კერკირამ” გასვლაზე “პლატანიასთან” ქულა აიღო – 1:1. ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ სტუმრებში 90 წუთი ითამაშა. “კერკირა” 31 ქულით 18 გუნდში მეთერთმეტეა.

“პანთრაკიკოსმა” სახლში “პანაითოლიკოსთან” 0:0 ითამაშა. ახალგაზრდა ქართველი მცველი ნუგზარ მუზაშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “პანთრაკიკოსი” 28 ქულით მეცამეტეა.

ბელგიის იუპილერ ლიგის 27-ე ტურში, “გენკი” თავის მოედანზე “ანდერლეხტთან” 0:1 დამარცხდა. ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მასპინძლებში სრულად იასპარეზა და 30-ე წუთზე გააფრთხილეს. მას გრიპის ვირუსი ჰქონდა და გუნდს “ანდერლეხტთან” მატჩში დაუბრუნდა. კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “გენკი” 43 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 22-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” სტუმრად “სპორტინგთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელიც ტრავმირებულია, დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ჟილ ვისენტე” 17 ქულით 18 გუნდში მეჩვიდმეტეა.

სეგუნდა ლიგის 29-ე ტურში, “ფეირენსე” “ფრეამუნდეს” ესტუმრა და უქულოდ დარჩა – 0:2. მეკარე გიორგი მაკარიძე კვლავ “ფეირენსეს” სათადარიგოთა შორის იჯდა. “ფეირენსე” 43 ქულით 24 გუნდში მეთერტმეტეა.

უნგრეთის უმაღლესი ლიგი მე-17 ტურში “სპარტაკუსმა” გასვლაზე “პაკშისთან” 1:1 ითამაშა. ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და ფორვარდი დავით დარციმელია, რომლებიც გუნდს მიმდინარე ზამთარში შეემატნენ, სათადარიგოთა შორისაც არ იყვნენ. “სპარტაკუსი” 15 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, “ბასტიამ” “ლილი” მიიღო და 2:1 სძლია. 20 წლის ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ის “ბასტიას” სარეზერვო გუნდში თამაშობს. “ბასტია” 33 ქულით 20 გუნდში მეათეა.

გერმანიის მე-3 ლიგის 26-ე ტურში “უნტერჰახინგმა” შინ “ხემნიცთან” მატჩი 0:0 დაასრულა. ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მასპინძელთა სასტარტოში იყო და 30-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 27 ქულით 20 გუნდში მეთხუთმეტეა.

0.14086