ფეხბურთი

21:50 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიონის დერბი უგოლოდ დასრულდა

რიონისპირული დერბით, ქუთაისის “ტორპედოს” და ფოთის “კოლხეთის” უგოლო დაპირისპირებით განახლდა ეროვნული ჩემპიონატი სავარდო და სამაისო ქალაქში, სადაც პირველი წრის შემდეგ გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა.

“ტორპედოში” შეიცვალა მწვრთნელი და ფეხბურთელები. კლუბი საბოლოოდ დატოვა ყოფლმა მეპატრონემ, “კომპანია “ვისოლმა”. ასე რომ, “ცენტრალურზე” შეკრებილმა ქომაგებმა ფაქტობრივად ახალი ქუთასის “ტორპედო” იხილეს. გუნდს წვრთნის წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დარასელია, რომელსაც ქუთაისურ კლუბში წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ბუნებრივია, “ტორპედოს” ფანებს და ფეხბურთის მოყვარულებს მისი ეიმედებათ და სჯერათ, რომ დარასელიას ხელმძღვანელობით “ტორპედო” ჩვეულ პოზიციას დაიბრუნებს ქართულ ფეხბურთში.

ორივე გუნდმა შეკრება მეზობელ თურქეთში გაიარა, ამხანაგური მატჩები ჩაატარას და ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოსცადა. მესვეურები იმედოვნებენ, რომ მეორე წრეში გაცილებით უკეთ იასპარეზებენ და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში გადაინაცვლებენ.

შეხვედრა ხალისიანად და ორმხრივი შეტევებით დაიწყო. სადებიუტო წუთებში ორივე გუნდმა მწვავედ შეუტია ერთმანეთის კარს. პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან შეიქმნა, როდესაც საბანაძე უტევდა. სანამ მასპინძელთა ფორვარდი მიიღებდა ბურთს, მანამდე ჩინებულად ითამაშა ბექა ტუღუშმა, რომელმაც ორი მეურვე ჩამოიშორა და საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელს მიაწოდა. საბანაძემ ბურთი გაისწორა და ძლიერადაც დაჰკრა, მაგრამ ბურთი ჩადუნელს მოხვდა და სეფიაშვილის კარს მცირედით გადასცდა.

“კოლხეთმა” მალევე უპასუხა მეტოქეს სახიფათო დარტყმით. ტორპედელთა საჯარიმოს ხაზიდან გურეშიძემ დაარტყა ცაციათი ძლიერად, მაგრამ შეყრილაძემ ითამაშა დამაჯერებლად. ცოტა ხანში ამბროლაძე ურტყამდა ძლიერად დაახლოებით 25 მეტრიდან. ამჯერად ქუთაისელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

ამის შემდეგ თამაში მცირე ხნით დაწყნარდა. მართალია, ეს ყველაფერი ტემპზე არ ასახულა, მაგრამ მცირე დროის განმავლობაში იკლო სახიფათო მომენტებმა. 26-ე წუთზე ხიფათი ისევ ქუთაისელთა კართან შეიქმნა. კოლხთა იერიშისას გამოსვლაზე შეცდა ტორპედოელთა მეკარე და ჩადუნელს თავით მიეცა გატანის საშუალება, მაგრამ ვერც ფოთელთა მცველმა შეძლო რიგიანად თავურის დარტყმა, ბურთი ერთ-ერთ ქუთაისელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. თითქმის მაშინვე სეფიაშვილმა გამოსვლაზე თამაშისას შეცდომა დაუშვა და საკუთარი საჯარიმოს გარეთ მყოფმა ბურთი ტუღუშს “ჩააბარა”. ქუთაისელთა ფორვარდმა ეს “საჩუქარი” ვერ გამოიყენა და ისეთი დაარტყა, თავიდანვე განიმუხტა ხიფათი. არადა, წესით ბექას უფრო კარგად უნდა დაერტყა ცარიელ კარში.

ტაიმის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა უფრო იძალეს და მათი მცირედი უპირატესობაც გამოკვეთა. ყველაზე დასამახსოვრებელი დროის ამ ნაწილში კლიმიაშვილის დარტყმა იყო, რომელიც ფოთელთა კარის ხარიხას გადაცდა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ წუთზე კირკიტაძე ურტყამდა ეფექტურად, ვარდნაში მოწინააღმდეგის კარისკენ, მაგრამ ბურთმა ამჯერადაც სეფიაშვილის კარს ზემოდან “გადაუქროლა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. ქუთაისელებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს. საწყისს წუთებში მათ ზედზედ სამჯერ მიეცათ გატანის შანსი. პირველად ჩიკვილაძის ჩაწოდების შემდეგ საბანაძის თავური გვერდიდან მოხვდა “კოლხეთის” კარის ბადეს. ამას მოჰყვა კვერნაძის მომენტი, როდესაც ფორვარდმა სისწრაფეში დაჯაბნა მეურვეები, მაგრამ მის დარტყმულს კარიდან გამოსული სეფიაშვილი ჩაუწვა და ბურთი მოიგერია. დამატებაზე კირკიტაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მას ჩადუნელი გადაეღობა და იმერლები მხოლოდ კუთხურსღა გამორჩნენ. მალე სტუმრებს ხიფათი ჩიკვილაძის საჯარიმომ შეუქმნა. ქუთაისელთა ნახევარმცველის ჩაწოდებულ ბურთს მაღალ ნახტომში მირცხულავამ დააყოლა თავური დარტყმა და სეფიაშვილმა კარის ხაზზე შეძლო ბურთის უკუგდება.

“კოლხეთმა” შეძლო ქუთაისელთა თავბრუდამხვევი შტურმის მოგერიება და მალე თავადც შეუქმნა მოწინააღმდეგეს პრობლემები. 55-ე წუთზე გურეშიძის გადაცემის შემდეგ შენგელია ურტყამდა საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ შეყრილაშე ადგილზე დაუხვდა ბურთს. იმავე წუთზე თედო კაკულიას მიეცა ტორპედოელთა საჯარიმოდან გატანის შანსი, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და შეყრილაძემაც იოლად განმუხტა სიტუაცია. ფოთელთა შეტევებს საბანაძემ ზედიზედ ირჯერ ძლიერი დარტყმით უპასუხა საჯარიმოს გარედან, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად.

69-ე წუთზე ქიმაძემ ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა კვერნაძე, რომელმაც ისევ ვერ მოახერხა სეფიაშვილისთვის გატანა. სულ მალე საბანაძე შეიჭრა მეკარესთან პირისპირ მახვილი კუთხიდან, მაგრამ მას ჩადუნელი წამოეწია და ბურთი კუთხურზე გადააგდო. 75-ე წუთზე კოლხების სწრაფი კონტრშეტევისას სიჭინავამ და შენგელიამ ხელი ერთმანეთს შეუშალეს, თორემ შეეძლოთ მეტი ხიფათის შექმნა. 81-ე წუთზე კი ისევ კვერნაძეს ჰქონდა შანსი, მაგრამ სეფიაშვილმა ქუთაისელთა ფორვარდს ამჯერადაც არ გაატანინა.

მატჩის საეპილოგო ნაწილი ქუთაისელებმა ძირითადად შეტევებში გაატარეს, მაგრამ გატანა მაინც ვერ მოახერხეს. კოლხებმა არბიტრის ფინალურ სასტვენამდე მახერხეს მობილიზება და დამსახურებული ქულაც მიითვალეს.

საბოლოოდ, უნდა ვთქვათ, რომ ორივე გუნდმა თვალსასეირო ფეხბურთი შემოგვთავაზა, მაგრამ ქომაგთა გასახარად და მატჩის დასამშვენებლად გოლი არ გასულა.

“ტორპედო” – “კოლხეთი” 0:0 (0:0)

22 თებერვალი. 19:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 3500 მაყურებელი

“ტორპედო”: შეყრილძე, ბანძელაძე, ქიმაძე, მირცხულავა, ზაზა ჭელიძე, ჩიკვილაძე, საბანაძე (კვარაცხელა, 78), კლიმიაშვილი, ბექა ტუღუში (ბაბუნაშვილი, 46), კირკიტაძე (ზივზივაძე, 59), კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლევან კაკულია, გოგონაია, თედო კაკულია (ბარამიძე, 84), ლევან შენგელია (ქორჩილავა, 88), გურამ გურეშიძე, ამბროლაძე, შოთა ჯიქია (სიჭინავა, 72).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: ჩადუნელი (70), კილასონია (90+3)

არბიტრი: დავით სანოძე (ხონი)

XVI ტური

21 თებერვალი, შაბათი

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)

1:0 მოსიაშვილი (50)

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

1:0 ქობალია (66)

22 თებერვალი, კვირა

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

1:0 ბერიაშვილი (40), 2:0 ტატანაშვილი (47)

სამტრედია - დინამო (თბილისი) O0:1 (0:1)

0:1 მანუელი (20)

ცხინვალი - დილა (გორი) 0:1 (0:0)

0:1 გორელიშვილი (62)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)

0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 კურდღელაშვილი (64, 67), 2:2 წყაროზია (84)

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

1:0 მანჯგალაძე (32), 2:0 კორიფაძე (88)

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 16 8 3 5 19:14 27
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 16 4 6 6 13:17 18
13. ტორპედო 16 3 8 5 17:18 17
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.172607