ფეხბურთი

21:03 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გამარჯვების გოლი, “ოფის” მძიმე მარცხი

ჰოლანდიის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ვიტესმა” სტუმრად “ტვენტე” 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოახერხა. ყაზაიშვილმა იბარას პასი ზუსტად გამოიყენა.

ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად სრულად ჩაატარა მატჩში “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც შეხვედრის ბოლო წუთებში მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო.

24 ტურის შემდეგ “ვიტესი” ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.

იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში საშინაო გამარჯვება მოიპოვა ლევან მჭედლიძის გუნდმა. “ემპოლიმ” სამი უპასუხო გოლი “კიევოს” კარში გაიტანა. მასპინძელთაგან ანგარიში რუგანიმ გახსნა, რასაც მაკარონეს დუბლი მოჰყვა. ლევან მჭედლიძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა მასიმო მაკარონე შეცვალა.

ამ დროისთვის იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში “ემპოლი” 27 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

თურქეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე “ტრაბზონს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “ქასიმფაშას” შემადგენლობაში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები დაწინაურდნენ, მატჩის მიწურულს კი დონკმა ანგარიში გაათანაბრა.

თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში “ქასიმფაშა” 25 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

საბერძნეთის ჩემპიონატში მძიმე მარცხი განიცადა ლორიასა და მერებაშვილის გუნდმა. ტრიპოლის “ასტერასთან” გასვლით შეხვედრაში “ოფი” 1:6 დამარცხდა. გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა, გიორგი მერებაშვილს კი არ უთამაშია.

კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “დოქსა.” ფამაგუსტელთა შემადგენლობაში სრულად ჩაატარეს მატჩი გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ. 84-ე წუთზე აბურჯანიამ ყვითელი ბარათი მიიღო, ერთადერთი გოლი კი პორტუგალიელი გონსალვესის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

“აია ნაპამ” საკუთარ მოედანზე “ოთელოსს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ჩაატარა მატჩი მეკარე როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძესა და ელგუჯა გრიგალაშვილს კი არ უთამაშიათ.

0.120337