სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის მატჩები ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდა. გუშინ ქუთაისსა და ბათუმში და დღეს სპორტკომპლეს არენაზე ჩატარებული სამი მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ამ სამ ასპარეზობას დრამატიზმით დიდად არც მეოთხე პაექრობა ჩამორჩა. ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე რეგულარული პირველობის ლიდერმა თბილისის „დინამომ“ დიდი წინააღმდეგობა გადალახა ახალგაზრდული „ოლიმპისგან“.
...მეოთხე პერიოდის დასაწყისში დინამოელთა ლეგიონერმა დარიკ შერმანმა ზედიზედ ორი ბურთი ჩააგდო, რის შემდეგაც „დინამო“ 19 ქულიანი ჰანდიკაპით 69:50 დაწინაურდა და ბევრმა ჩათვალა, რომ ამით ჩემპიონმა საქმე მოამთავრა, თუმცა, „ოლიმპი“ ბრძოლისუნარიანი გუნდი რომაა ადრეც აგვიღნიშნავს და გია კაზანჯიანის გუნდმა დღესაც მატჩის ბოლომდე იომა. ოლიმპელებმა თანდათან შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, რაც ძირითადად მათი მეფარის მარკო დუიკოვიჩის დამსახურებაა. მეოთხე პერიოდის ფინიშამდე წუთნახევრით ადრე ნუგზარ აბულაძემ ორქულიანი ჩააგდო და სხვაობა სამ ქულამდე დავიდა - 74:71. დარჩენილ დროში უფრო მეტად გამოცდილმა დინამოელებმა ივარგეს. ჩემპიონის ბოლო სამი შეტევა ლაშა გამყრელიძემ დააგვირგვინა და საბოლოოდ დინამოელებმა 81:74 იმარჯვეს.
ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოხსნაში „ოლიმპმა“ მეტოქე აშკარად დაჯაბნა - 56:32. ფარქვეშ განსაკუთრებით დუიკოვიჩი გამოირჩა, რომელმაც ეს საკალათბურთო ელემენტი 24-ჯერ შეასრულა, აქედან 10 მოხსნა მეტოქის ფარზე განახორციელა. „ოლიმპს“ საჯარიმო და სამქულიანების ტყორცნაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, შესაძლოა მატჩი მოეგო კიდეც. გამარჯვებულთაგან სამი მოთამაშე გვსურს გამოვყოთ. დინამოელთა მეფარე შერმანის ანგარიშზე 22 ქულა და 10 მოხსნაა, ხოლო ლაშა გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესო ასისტენტია – 7 ქულასთან ერთად მან 13 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. მესამე კალათბურთელი კი გიორგი ორმოცაძეა, რომელმაც მეორე და მესამე პერიოდების მიწურულს სამი სამქულიანი ჩააგდო და თავისიანებს გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): „როგორც ველოდით, რთული თამაში გამოვიდა. მოგეხსენებათ პირველი წრის შემდეგ ლეგიონერები დავიმატეთ და კიდევ ბევრი ელემენტის შესრულება გვაქვს დასახვეწი. ამას თანდათან ვაკეთებთ და ვფიქრობ, რომ ფლეოფამდე ჩვენს თამაშს კიდევ შესამჩნევად დავხვეწთ. ვთვლი, რომ დღეს შესაძლებლობათა 60% გამოვავლინეთ, ფარი წავაგეთ, თუმცა, დადებითი მომენტებიც გვქონდა“.
გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): „მეტოქე დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენს თამაშს რაც შეეხება, როდესაც 24 მოხსნით მეტს აკეთებ, მატჩი არ უნდა წააგო, მაგრამ 12 ჯარიმა ავაცილეთ, სამქულიანის ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი კი მხოლოდ 17 გვქონდა. ჩვენს დარბაზში ვითამაშეთ და ეს მომენტი ძნელი ასახსნელია. სათანადოდ ვერ ითამაშა ნოსკოვმა, ხოლო დუიკოვიჩი მხოლოდ მეოთხე პერიოდში „გამოფხიზლდა“. აღფრთოვანებული ვარ „დინამოს“ ცენტრის, შერმანის თამაშით. ვფიქრობ, ის ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მეფარეა. მომდევნო ტურში „მგზავრები არმიასთან“ გვიწევს თამაში და მოგების შემთხვევაში ექვსეულს ვინაღდებთ. შევეცდებით, მომდევნო ტურში გავიმარჯვოთ“.
ჩვენი ჩემპიონატის დონის თაობაზე აზრის გამოთქმა ოლიმპელთა სერბ ცენტრს მარკო დუიკოვიჩს ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ სამ თამაშში შორსმიმავალ დასკვნის გაკეთება ძნელია, თუმცა, ერთი შეხედვით კარგი ჩემპიონატი ჩანს, მატჩები დაძაბულად მიმდინარეობს და იმედია, ასევე გაგრძელდება.
სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=879
| 1 | დინამო | 10 | 9 / 1 | 822 / 685 | 19 |
| 2 | შსს აკადემია | 10 | 8 / 2 | 791 / 724 | 18 |
| 3 | ქუთაისი | 10 | 7 / 3 | 792 / 766 | 17 |
| 4 | რუსთავი | 10 | 6 / 4 | 838 / 801 | 16 |
| 5 | ბათუმი | 10 | 4 / 6 | 752 / 759 | 14 |
| 6 | ოლიმპი | 10 | 3 / 7 | 784 / 829 | 13 |
| 7 | მგზავრები-არმია | 10 | 2 / 8 | 652 / 761 | 12 |
| 8 | სოხუმი | 10 | 1 / 9 | 749 / 855 | 11 |









