ფეხბურთი

11:02 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის საგაზაფხულო ეტაპი იწყება

შაბათ-კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. ზამთარში კლუბებში დიდი ცვლილებები მოხდა, ზოგი გუნდი კი ლამის თავიდან დაკომპლექტდა. სატურნირო ცხრილშიც დაძაბული ვითარებაა, ლიდერსა და მეხუთე ადგილს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. ასე რომ, დაძაბული გაზაფხული გველის. ამ უქმეებზე კი მთავარი დაპირისპირება სამტრედიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სამტრედია” ლიდერს, თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

XVI ტური

21 თებერვალი, შაბათი

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 14:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:6

ზამთარში “ზესტაფონში” დიდი ამბები მოხდა. ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ლამის მთელმა ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა. მარგველები ვერც უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრნენ და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კომპლექსის მინდორზე ემზადებოდნენ. ცხადია, გაზაფხულზე მარგველთა მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენა იქნება. გუნდში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები დარჩნენ, მათი მწვრთნელიც 34 წლის გიორგი მიქაძეა, რომელიც მეორე წრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„ზესტაფონმა” “გურიას” პირველ წრეში ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და ლანჩხუთელებისთვის ეს, ალბათ, დამატებითი მოტივაციაც უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ლანჩხუთურ კლუბში მარგველთაგან განსხვავებული ვითარებაა, დაფინანსება, ფაქტობრივად, გაორმაგებულია, საკრებულომ წლევანდელი სეზონისთვის გუნდს მილიონ ლარზე მეტი დაუმტკიცა. ლანჩხუთელებმა 2 უკრაინელი ლეგიონერი – იური შეველი და ნიკიტა კონავალოვი დაიმატეს. სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გურულები კიდევ რამდენიმე ფებურთელს შეიმატებენ.

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი)

ზუგდიდი. “ბაიას ბაზა.” 14:00

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ს. სპიცინი, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

“ზუგდიდი” ცხრილის ფსკერზეა და მისთვის ყოველ ქულას ახლა ოქროს ფასი აქვს. ზუგდიდელებმა შეკრება თურქეთში გაიარეს და ახლა “ბაიას” ბაზაზე ემზადებიან. მათ შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებები მოხდა. მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ (რომელიც, სხვათა შორის, პირველ წრეში სწორედ “შუქურას” თავკაცობდა) და კლუბის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა ხუთშაბათს 9 ახალწვეული წარადგინეს, რომელთა უმეტესობა ზუგდიდელია.

”შუქურაც” თურქეთში გადიოდა შეკრებას და უკრაინელი მწვრთნელი, კონსტანტინ ფროლოვი სწორედ იქ დაითხოვეს. მის მაგიერ ზღვისპირელთა დამრიგებლად გელა სანაია დაინიშნა, რომელიც პირველ წრეში “სამტრედიაში” მუშაობდა. ასე რომ, შაბათს სანაიას დებიუტი ექნება “შუქურაში”.

22 თებერვალი, კვირა

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, ი. კაკაბაძე, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

ბათუმელები ლიდერთა სიახლოვეს ტრიალებენ და “ჩელე არენაზე” ალბათ უეჭველი 3 ქულისთვის გავლენ. რუსთაველები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, ვერც შეკრება გაიარეს ნორმალურად და ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელიც გაექცათ. თითქოს ბათუმელები წყვილის აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ “ჩიხურასთან” თასზე ნათამაშევმა ფრემ გვიჩვენა, რომ “მეტალურგის” გატეხვა არც ისე ადვილია.

სამტრედია-დინამო (თბილისი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ბერულავა, ა. ნონიკაშვილი, ა. ჟივიძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

ეს ტურის მთავარი მატჩია. “სამტრედია” ლიდერ “დინამოს” 4 ქულით ჩამორჩება და თუ მოუგო, სხვაობა ერთი ქულაღა იქნება. ამიტომ, სამტრედიელები აუცილებლად გასამარჯვებლად გავლენ მინდორზე. დინამოელებს კი ზედიზედ მეორე რთული გასვლითი მატჩი ელით. მოგეხსენებათ, სამიოდე დღის წინათ მათ გორში “დილასთან” სათასო შეხვედრა უგოლო ფრედ დაამთავრეს. საინტერესოა, რომ დინამოელთა წინააღმდეგ ზურა ხიზანიშვილი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ “ხიზანა” პირველ წრეში თბილისელთა რიგებში ირჯებოდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ცხინვალი-დილა (გორი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 14:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:2

ორივე გუნდმა მძიმე სათასო შეხვედრები გადაიტანა. გორელები თბილისის “დინამოს” დაუზავდნენ, “ცხინვალმა” კი ვაკეში ნამდვილი თრილერი გამართა “ვიტ ჯორჯიასთან.” 4:5 – ანგარიშიდან კარგად ჩანს, თუ როგორი თამაში იქნებოდა.

ცხინვალელებს წლეულს ევროთასებზე მოხვედრა დაუსახავთ მიზნად და ამისდაკვალად, ყოველი ქულა მათთვის ძალიან ძვირფასია. იგივე შეიძლება ითქვას გორელებზეც. “დილა” მხოლოდ ქულით ჩამორჩება “დინამოს” და თუ იმარჯვა, თბილისელებმა კი სამტრედიაში წაიფორხილეს, შესაძლოა, ლიდერიც გახდეს.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. ფიფია, ფ. ჭაავა, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:0

ვიტელებმა უცხოური შეკრება ვერ გაიარეს, თანაც ბოლოსწინა ადგილზე არიან და ქულები ჰაერივით სჭირდებათ. თუმცა თასზე ერთ-ერთ ლიდერ “ცხინვალთან” 5:4 გამარჯვება სახუმარო საქმე ნამდვილად არაა. მართლაც გამოუცნობი გუნდი ჰყავთ “ვეტერინარებს.” თავის მხრივ, “მერანიც,” რომელმაც პირველი წრის მეორე ნახევარში საკმაოდ წარმატებით ითამაშა, არაფერს დათმობს.

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ი. უკლება, დ. კურტანიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

შარშანდელთან შედარებით, წლეულს ორივე გუნდი უარესად ასპარეზობს. “ჩიხურა” მეშვიდე ადგილზეა, “სიონი” კი სულაც ბოლოდან მესამეზე. არადა, გასულ ზაფხულს ორივემ ევროთასზე ითამაშა. ორივემ გაიარა უცხოური შეკრება. ასე რომ, წესით, საგაზაფხულო ეტაპს მომზადებულები უნდა ხვდებოდნენ.

ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 19:00

მსაჯები: დ. სანოძე, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 3:0

დაძაბული მატჩი უნდა გამოდგეს. ესენი ცხრილის ქვედა ნაწილის მეზობლები არიან, “კოლხეთი” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს “ტორპედოს” და ეცდება მინიმუმ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს. რაც შეეხება “ტორპედოს,” ფაქტობრივად, ახალი გუნდია, ახალი მწვრთნელითAდა უამრავი ახალწვეულით. ამიტომ მათ რეალურ ძალაზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია.

1. დინამო თბ. 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. დინამო ბთ. 15 7 3 5 17:14 24
5. ცხინვალი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.133446