ბაქოს “ინტერისა” და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის პრემიერლიგის განვლილ ტურში აზალ-თან მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი ინტერნეტპორტალ extratime.az-თან ისაუბრა.
კახა ცხადაძე: “მომხდარი ინციდენტით შეშფოთებული ვარ. ჩვენი კლუბის ვებგვერდით ოფიციალური განცხადება გავაკეთე, მაგრამ პრესით სიტუაციისთვის ნათელის მოფენა მსურს. სამწუხაროდ, მინდა ვაღიარო, რომ ამჟამად ჩემს წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და გარკვეულ ძალებს ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს ლაფში ამოსვრა სურთ. საფეხბურთო საზოგადოების თვალში ჩემი დისკრედიტაცია სურს, რაც თავმოყვარე ხალხს არ ეკადრება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თამაშის შემდეგ ინციდენტში არ ვმონაწილეობდი. გავიგე, რომ გვერდითი მსაჯის სიტყვიერ შეურაცხყოფას მაბრალებენ, მაგრამ ეს ტყუილია. არც ვიცი, ჩემი სიმართლე სხვა რით დავამტკიცო. ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის დროს აზალ-ის მწვრთნელ ტარლან ახმედოვთან ერთად ჩვენი გუნდის მოთამაშეებს ვამშვიდებდით.
რაც შეეხება აზალ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი მათ რიცხვშია, რომლებიც აზერბაიჯანში ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს “გაშავებას” ცდილობს.
ყველამ იცის, რომ სეზონის ბოლოს “ინტერს” დავტოვებ. ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი ვარ, რომელმაც აზერბაიჯანში ამდენი ხანი იმუშავა და ჩემპიონატში ბევრი ჯილდო მოიპოვა, თან კლუბის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. არ მესმის ჩემი მუშაობის დასასრულს ასეთი კამპანია რატომ წამოიწყეს. ჩემი მუშაობის მიმართ ვინმე პრეტენზია აქვს? კლუბში დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. რაც არ უნდა მაკრიტიკონ, ყურადღება მიაქციეთ, რომ აზერბაიჯანის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა “ინტერიდან” ერთბაშად 6 ფეხბურთელი მიიწვია. ეს ჩვენი მუშაობის მაჩვენებელი არაა? გარდა ამისა, ჩვენი 3 ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, ხოლო 5 - 19-წლამდელებში. საერთო ჯამში, ნაკრებებში 14 ფეხბურთელი მივავლინეთ.
ამ ქვეყანას, სადაც ვმუშაობ პატივს ვცემ, მაგრამ რა საჭიროა ტალახის სროლა და ჩემი დისკრედიტაცია გულშემატკივრებისა და საზოგადოების თვალში? ეს ჩემი მტრების გაკეთებულია. ამის უკან ვინ დგას სავარაუდოდ ვიცი, მაგრამ ფაქტების გარეშე ვერ ვისაუბრებ. ეს მათ სინდისზე იყოს”.
ცხადაძე სეზონის ბოლოს “ინტერიდან” წასვლის ფაქტსაც შეეხო:
“კლუბში 6 წელი ვიმუშავე. ეს გუნდი ჩემთვის მშობლიური გახდა. ამჟამინდელი “ინტერი” ჩემი სული და გულია, რადგან ეს შემადგენლობა მე ჩამოვაყალიბე. გუნდს რომ არც ვუხელმძღვანელო, ფეხბურთელებს ერთმანეთი უსიტყვოდ ესმით. თუ ადრე მათ ტექნიკური ზონიდან 90 წუთის განმავლობაში რაღაცას ვუყვიროდი, ახლა პრაქტიკულად ამას არ ვაკეთებ. საქმე ისაა, რომ ბიჭებს ჩემი კარნახი აღარ სჭირდებათ. ყველაფერი ავტომატიზმამდეა დაყვანილი.
მთავარია, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ისეთი მწვრთნელი მოვიდეს, რომელიც კოლექტივს არ “დაანგრევს”. სეზონის ბოლოს ჩემთან ერთად თანაშემწეებიც (ზაურ სვანაძე, სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი ივან იოვანოვსკი) წავლენ, ადგილობრივი სპეციალისტების გამოკლებით. მათ საქართველოში წავიყვან და ნაკრებში დამეხმარებიან. ეს როგორც ქართველ, აგრეთვე, უცხოელ ასისტენტსაც ეხება”.