ფეხბურთი

13:56 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სპორტის მუზეუმში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის ხდება. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, მუზეუმი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.

ორშაბათს, 23 თებერვალს, ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება: გამოიფინება მოთამაშის ფოტოები, დიპლომები, ჯილდოები, სხვადასხვა ნივთები და ექსპონატები.

ფოტოგამოფენის გარდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მოსწავლეები სტუმრებს წარუდგენენ ბორის პაიჭაძის შესახებ მომზადებულ პროექტს, ხოლო გულშემატკივარი ქართული სპორტის მუზეუმს საჩუქრად გადასცემს 1978 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებულ ბურთს.

ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

ქართული სპორტის მუზეუმი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლეულს არაერთი საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.117019