უკრაინის ვიცე-ჩემპიონმა “დნიპრომ”, ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ორრაუნდიანი ბრძოლის პირველ რაუნდში მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი ორი გოლით დაამარცხა და სასიხარულოა, ამაში წვლილი უკრაინელთა ქართველ ლეგიონერ ჯაბა კანკავას მიუძღვის.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, კანკავა 50-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და დაახლოებით 20 მეტრიდან ანგარიში გახსნა. უნდა ითქვას, რომ ბადეში გახვევამდე ბურთი ბერძენთა ცენტრალურ მცველს შეეხო, მაგრამ ეს ქართველის დამსახურებას ოდნავადაც არ აკნინებს. ოთხიოდე წუთში როტანის შესრულებული ჯარიმა კვლავ მცველმა აისხლიტა და ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ “ოლიმპიაკოსი” სიტუაციის შეცვლას შეეცადა, მაგრამ “დნიპრომ” თავი დაიცვა და განმეორებით შეხვედრას სოლიდური უპირატესობით ხვდება.
თუკი უკრაინულ-ბერძნულ დაპირისპირებაში ჯერაც ბრძოლაა მოსალოდნელი, რამდენიმე წყვილში მერვედფინალში გამსვლელის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ინგლისის “ევერტონმა” შვეიცარიაში “იანგ ბოიზისგან” პირველი გოლი კი გაუშვა, მაგრამ ლუკაკუმ ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთხელ თავი კოულმენმაც გამოიჩინა და სტუმრად 4:1 მოგებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა. უფრო დამაჯერებელი იყო “ნაპოლი”, რომელმაც “ტრაბზონსფორი” არ შეიმჩნია და მასპინძლები 4:0 შეარცხვინა.
დანიაში ადგილობრივ “ოლბორგთან” კომფორტული გამარჯვება მოიპოვა “ბრიუგემ”. სტუმარც იმარჯვა ზენიტმა”, რომელმაც პსვ-ს ჰალკის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია. ამ ეტაპის 16 წყვილს შორის, ეს ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ორივე გუნდი თავისი ჩემპიონატის ლიდერია და ევროპის ლიგაზეც ამბიციური გეგმები აქვთ. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათ საკუთარი შანსი ვერ გამოიყენეს, ჰალკმა კი, დანის გადაცემა ცარიელ კარში შეაგორა და სანქტპეტერბურგელებს ორმატჩიან ჯახში უპირატესობა მოუპოვა.
“სპორტინგმა” გერმანიაში ვერც ამჯერად ივარგა და მე-11 სტუმრობიდან მე-10 მარცხი განიცადა. დოსტმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და “ვოლფსბურგს” განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.
დღის პირველი ნაწილის ორ მატჩში ფრე დაფიქსირდა. “ბილბაოს” 20 წლის თავდამსხმელმა უილიამსმა, ევროთასებზე თავისი დებიუტი მე-9 წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა. ჯერ კიდევ შესვენებამდე, “ტორინო” მაქსი ლოპესის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა გურპეგმა წონასწორობა აღადგინა და ახლა ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება. კიდევ ერთი იტალიური გუნდი “რომა”, “ფეიენოორდს” ჟერვინიოს გოლით ამარცხებდა, მაგრამ კაზიმ კაზიმმა წონასწორობა აღადგინა. მატჩის მიწურულს რომაელებს მოგება შეეძლოთ, თუმცა დუმბიამ კარის აღების ხელსაყრელი სიტუაცია გაანიავა.
გვიანდელი თამაშები დაძაბულად წარიმართა და უმეტესად მასპინძლებისა იყო, მაგრამ ერთბურთიანზე მეტი უპირატესობა ვერავინ მოიპოვა. მასპინძელის დამარცხების ყველაზე კარგი შანსი კიევის “დინამოს” ჰქონდა, რომელიც უხეშ მატჩში კი დაწინაურდა, მაგრამ ჯერ კიდევ შესვენებამდე, უკრაინელთა ორი მოთამაშე პირდაპირ წითელი ბარათით გააგდო. ამას დაემატა ორი იძულებითი ცვლილება პირველსავე ტაიმში და კიეველებმა ვეღარ გაძლეს, სამი წუთის ინტერვალით ორი გოლი მიიღეს და მარცხი განიცადეს.
“ლივერპული” “ბეშიქთაშთან” უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გამარჯვება შეცვლაზე შესული მარიო ბალოტელის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი თერთმეტმეტრიანითღა მოიპოვა. წინდაწინ შერჩეულ საინტერესო წყვილში, “სევილიამ” “გლადბახი” საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე იბორას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. “ლეგიასთან” მინიმალური მოგება იკმარა “აიაქსმა”. “ვილიარელი” “ზალცბურგთან” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც მრავლად შექმნა და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი თავადაც გაუშვა და ავსტრიაში საბრძოლველად მიდის.
დანარჩენი სამი თამაში ფრედ დასრულდა და მათ შორის ყველაზე საინტერესო შოტლანდიაში გაიმართა. საწყის 13 წუთში “ინტერმა” ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, გლაზგოელებმა ორივე ტაიმის შუაში, ორწუთიან ინტერვალში გაქვითეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ მესამე გოლი გაუშვეს. “სელტიკი” არ დანებდა, დამატებულ წუთებზე მესამედ შეძლო წონასწორობის აღდგენა და მოედანი თავაწეულმა დატოვა.
მეოთხე იტალიური გუნდი, რომელმაც ამ დღეს ფრედ ითამაშა “ფიორენტინაა”. “ტოტენჰემი” დებიუტში დაწინაურდა, მაგრამ ბასანტამ ევროთასებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა და 36-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, “ფიორენტინამ” ევროთასებზე სტუმრად ჩატარებული წაუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა. “ანდერლეხტი” მოსკოვის “დინამოსთან” დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და ყველაფერი ერთ კვირაში, მოსკოვში გადაწყდება.
1/16-ფინალი. 19 თებერვალი. პირველი მატჩები
ოლბორგი (დანია) - ბრიუგე (ბელგია) 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ულარე (25), 0:2 რაფაელოვი (29), 0:3 პეტერსენი (61 ა.გ.), 1:3 ჰელენიუსი (71 პ.)
გაფრთხილება: დალსგორი (3) - სილვა (75)
რომა (იტალია) - ფეიეონოორდი (ჰოლანდია) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჟერვინიო (22), 1:1 კაზიმი (55)
გაფრთხილება: ოლებასი (72), კეიტა (72), იანგა-მბივა (86) - უილკშირი (17), იმერსი (56), კლასი (82)
დნიპრო (უკრაინა) - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კანკავა (50), 2:0 როტანი (54)
გაფრთხილება: ბეზუსი (28), კანკავა (57), კონოპლიანკა (61), ფედორჩუკი (90+2) - ფელიპე სანტანა (56), აფელაი (78), მილივოევიჩი (80), მანიატისი (90+4)
პსვ (ჰოლანდია) - ზენიტი (რუსეთი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჰალკი (64)
გაფრთხილება: დეპაი (85) - სმოლნიკოვი (32), რიაზანცევი (84), გარაი (85), დანი (90)
ტორინო (იტალია) - ბილბაო (ესპანეთი) 2:2 (2:1)
გოლები: 0:1 უილიამსი (9), 1:1 მაქსი ლოპესი (18), 2:1 მაქსი ლოპესი (42), 2:2 გურპეგი (73)
გაფრთხილება: ბენასი (71), ფერნარდუ (90), დარმიანი (90+4) - ბენიატი (76)
ტრაბზონსფორი (თურქეთი) - ნაპოლი (იტალია) 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 ენრიკე (6), 0:2 იგუაინი (20), 0:3 გაბიადინი (27), 0:4 საპატა (90+2)
გაფრთხილება: ფათიხ ატიკი (36), აიკუტ დემირი (40) - ინლერი (64)
ვოლფსბურგი (გერმანია) - სპორტინგი (პორტუგალია) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დოსტი (46), 1:0 დოსტი (63)
გაფრთხილება: არნოლდი (51) - ორიოლი (13), კარილიო (48)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) - ევერტონი (ინგლისი) 1:4 (1:3)
გოლები: 1:0 ოარო (10), 1:1 ლუკაკუ (24), 1:2 კოულმენი (28), 1:3 ლუკაკუ (39), 1:4 ლუკაკუ (58)
64-ე წუთზე ოარომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: სანოგო ჟუნიორი (50), ჰადელგონაი (90) – ნეისმიტი (36), ბარკლი (50), ლუკაკუ 79)
გაძევება: სტოუნზი (63 ევერტონი)
აიაქსი (ჰოლანდია) - ლეგია (პოლონეთი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მილიკი (35)
გაფრთხილება: ბაზური (45) - იოდლოვეცი (36), ვრდოლიაკი (90+1)
ანდერლეხტი (ბელგია) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი) 0:0 (0:0)
გაფრთხილება: ვანდენ ბორე (73) - დენისოვი (54), იუსუპოვი (56), ბიუტნერი (58), კოზლოვი (69)
გაძევება: ბიუტნერი (75)
სელტიკი (შოტლანდია) - ინტერი (იტალია) 3:3 (2:3)
გოლები: 0:1 შაკირი (4), 0:2 პალასიო (13), 1:2 არმსტრონგი (24), 2:2 კამპანიარო (26 ა.გ.), 2:3 პალასიო (45), 3:3 გვიდეტი (90+3)
გაფრთხილება: ვან დეიკი (71), იოჰანსენი (88), ჰანდერსონი (90) - შაკირი (37), სანტონი (67), კამპანიარო (81)
გენგამი (საფრანგეთი) - დინამო (კიევი, უკრაინა) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 მიგელ ველოზუ (19), 1:1 ბოვუ (72), 2:1 დიალო (75)
გაფრთხილება: მანდანი (16), სანხარე (34), ლევეკი (66) - სიდორჩუკი (21), რიბალკა (45), გუსევი (45+2), ვიდა (88)
გაძევება: იარომლენკო (39), ბელანდა (45)
ლივერპული (ინგლისი) - ბეშიქთაში (თურქეთი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბალოტელი (85 პ.)
გაფრთხილება: ლოვრენი (69) - ერსან გიულიუმი (44), სერდარ კურტულუში (77), რამონ მოტა (84), ფრანკო (90+3)
სევილი (ესპანეთი) - გლადბახი (გერმანია) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 იბორა (70)
გაფრთხილება: ვიტოლო (30), დანიელ კარისუ (75) - იანჩკე (8), შტრანცლი (43), კრამერი (65)
ტოტენჰემი (ინგლისი) - ფიორენტინა (იტალია) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 სოლდადო (6), 1:1 ბასანტა (36)
გაფრთხილება: სოლდადო (36) - გონსალო როდრიგესი (5), სავიჩი (51)
ვილიარეალი (ესპანეთი) - ზალცბურგი (ავსტრია) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 უჩე (32), 1:1 ჟონათან სორიანო (48 პ.), 2:1 ჩერიშევი (54)
გაფრთხილება: პინა (38), კემპბელი (85), ჰაუმე კოსტა (90+3) - ილსანკერი (18), შვეგლერი (53), ანდრე რამალო (75)