საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წევრ “ორლანდო მეჯიქის” მთავარი მწვრთნელის პირველ ასისტენტად დაინიშნა. ფლორიდულ კლუბში იგი დროებით დამრიგებელ ჯეიმს ბორეგოს თანაშემწე იქნება, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ ჟაკ ვონი ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის სერბი სპეციალისტი ბოლოს “კლივლენდ კავალიერსში” მუშაობდა, ოკეანის გაღმა კი დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. მანამდე, კოკოშკოვი ასევე ასისტენტად “მისურიში”, “ლოს ანჟელეს კლიპერსში”, “დეტროიტ პისტონზში” და “ფინიქს სანზშიც” იყო დასაქმებული.
სერბი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცად 2008 წლის აპრილში დაინიშნა და მას შემდეგ, გუნდს საუკეთესო პერიოდი უდგას. ქართველმა კალათბურთელებმა 2011 და 2013 ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშეს, რიგში კი ევრობასკეტ-2015 დგას.