ფეხბურთი

2:26 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული რეკორდები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, მადრიდის „რეალმა“, როგორც მოსალოდნელი იყო, 1/8-ფინალური ეტაპი კარგად დაიწყო. კარლო ანჩელოტის გუნდს გელზენკირხენში საუკეთესო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია, მაგრამ „შალკესთან“ კომფორტული ანგარიშით მოგება მაინც მოხერხდა.

„რეალს“, გერმანულ გუნდებთან თამაში ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ბოლო დროს მადრიდელებმა ეს სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორეს. „სამეფო კლუბმა“, გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან მე-7 მოიგეს.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც ბოლო ოთხ თამაშში პირველი გოლი გაიტანა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კარვახალის გადაცემა გამოიყენა და 19 წლის ველენროიტერის კარში ბურთს ადგილი თავური დარტყმით მიუჩინა.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-12 გასვლით მატჩში გაიტანა. პორტუგალიელმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. რონალდუ მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, თავური დარტყმით, 10 გოლის გატანა მოახერხა. ის მორიენტესს, რაულს, ინძაგის, ჟარდელსა და შევჩენკოს შეუერთდა.

„შალკეს“ კარში გატანილი გოლის შემდეგ რონალდუს, ევროტურნირებზე, 76 ბურთი დაუგროვდა. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს, რაულ გონსალესსა და ლიონელ მესის გაუტოლდა.

რონალდუმ მონაწილეობა მე-2 გოლშიც მიიღო. 79-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ, მარსელომ საჯარიმოს გარედან მარჯვენა ფეხით დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა. მარსელოს ამ დარტყმის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ერთ შეხვედრაში თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

რაც შეეხება „შალკეს“ - გელზენკირხენელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კლას-იან ჰუნტელაარი პირველივე ტაიმში გამოაკლდათ. ტრავმირებული ჰოლანდიელის ნაცვლად თამაშში ფელიქს პლატე ჩაერთო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. სწორედ 19 წლის თავდამსხმელს შეექმნა „შალკეს“ მხრიდან გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კასილიასის კარის ძელს მოხვდა.

კასილიასი საიუბილეო მატჩს ატარებდა. ის მე-8 ფეხბურთლია, რომელმაც ევროტურნირებზე 150-ჯერ ითამაშა. იკერმა, ჩემპიონთა ლიგაზე, კარი მშრალად 50-ედ შეინახა და მას ედვინ ვან დერ სარის რეკორდამდე ერთი მშრალი თამაში აშორებს.

კასილიასის მიერ კარის მშრალად შენახვა იმას ნიშნავს, რომ „რეალმა“, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი ზედიზედ მე-5 თამაშში არ გაუშვა. ასეთი რამ 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„რეალმა“, ამ მოგებით, ჩემპიონთა ლიგის ერთი რეკორდი გაიმეორა. „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ 10 თამაშში იმარჯვა და მადრიდელები მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტოლდნენ.

ეს მოგება რეკორდული იყო კრიშტიანუ რონალდუსთვისაც. პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში 28 თამაში მოიგო. მან ედვინ ვან დერ სარსა და ვიქტორ ვალდესს გადაასწრო. გარდა ამისა, „შალკესთან“ მატჩი, რონალდუსთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-14 მოგებაა, რაც ასევე რეკორდია.

მადრიდის „რეალის“ რიგებში, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ლუკას სილვას. ის თავისი ქვეყნის 419-ე წარმომადგენელია, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია. ბრაზილიელებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფრანგებს (427) და ესპანელებს (420) აქვთ.

„რეალს“ რომ 1/4-ფინალში გასვლა არ გაუჭირდება, ამაზე ისტორიული მონაცემებიც მეტყველებს. ევროტურნირების ფლეი ოფში აქამდე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, პირველი თამაშის 2:0 მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის 97%-იან შანსს იძლევა.

დღის მე-2 შეხვედრა ყვითელი ბარათების სიმრავლით გამოირჩა. მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ არბიტრმა ფეხბურთელები 9-ჯერ გააფრთხილა.

„ბაზელისა“ და „პორტუს“ წყვილის ფავორიტად პორტუგალიური გუნდი მიიჩნეოდა. სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ისინი მარცხს თამაშის მიწურულს გატანილი გოლის წყალობით გადაურჩნენ.

„ბაზელმა“ მეტოქის კარის მიმართულებით ერთადერთხელ დაარტყა. ეს მე-11 წუთზე მოხდა, როდესაც დერლის გონსალესმა ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ „პორტუმ“ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, გათანაბრება კი 79-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთეტმეტრიანი დანილომ ზუსტად შეასრულა.

შალკე-რეალი 0:2 (0:1)

გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”

შალკე (3-5-2): ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი (მაიერი 80), ნოიშტადტერი (კირხოფი 57), ბოატენგი, აოგო, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (პლატე 33).

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი (არბელოა 82), ვარანი, პეპე, მარსელო, სილვა, კროოსი, ისკო (ილიარამენდი 85), ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 78), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 რონალდუ (26), 0:2 მარასელო (79).

გაფრთხილებები: ბოატენგი 34, ნოიშტადტერი 45+2, კირხოფი 63 – კროოსი 9.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8 (3)-19 (4), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-9.

ბაზელი-პორტუ 1:1 (1:0)

ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”

ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი, ქსაკა, სუხი, სამუელი, საფარი, ფრაი, გონსალესი (კალა 25), ელნენი, ზუფი, გაში (ჰამუდი 83), შტრელერი (ემბოლო 63).

მწვრთნელი: პაულუ სოუზა.

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარკანო, სანდრო, ერერა, კაზემირო, ტორესი (ნევესი 68), ტელიო (კინტერო 81), მარტინესი, ბრაიმი (კუარეჟმა 61).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

გოლები: 1:0 გონსალესი (11), 1:1 დანილო (79, პენ).

გაფრთხილებები: ფრაი 22, ელნენი 36, სამუელი 46, გაში 57, სუხი 62 – კაზემირო 29, ტორესი 36, სანდრო 51, დანილო 87.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 1 (1)-15 (7), კუთხური: 0-9, თამაშგარე: 5-4, სეივი: 6-0, ჯარიმა: 21-13.

0.238458