საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფინანსური ანგარიშების აუდიტი ჩატარდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2013 წელს ქვეყნის გარეთ გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა 6 390 ლარი შეადგინა. ამ თანხის დიდი ნაწილი მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებისთვის იქნა განკუთვნილი, კერძოდ 4 653 ლარი, რაც ეწინააღმდეგება მივლინების ანაზღაურების შესახებ არსებული კანონს. აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მინისტრის გარდა სამინისტროს სხვა თანამშრომლების კავშირგაბმულობის ხარჯის ანაზღაურებას.
“მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული თანამშრომლების მიმართ რა თანხა იქნება განსაზღვრული მობილური კავშირგაბმულობის დახარჯვის კუთხით. ეს თანხები არამიზნობრივად არ ყოფილა დახარჯული” – განაცხადა “მოამბესთან” საუბარში სპორტის სამინისტროს აპარატის უფროსმა გიორგი მაჭავარიანმა.
აუდიტის შუალედურ დასკვნაში მოხვდა ფეხბურთის ფედერაციის სახელმწიფო ვალდებულება, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე დაიფარა, ხოლო განმუხურის საზაფხულო ბანაკთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოჩნდა. ეს საკითხი განსახილველად პროკურატურას გადაეცა.