კალათბურთი

14:54 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2015-ის ბილეთების მსურველთათვის

გაყიდვაში გამოვიდა 2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ბილეთები, რომელშიც მასპინძელ ხორვატიასთან ერთად – საქართველო, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიაც ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები 5 სექტემბრიდან დაიწყება, ქართველებს კი არენა ზაგრებზე თამაში მოუწევთ, რომლის მშენებლობაც 2007-2008 წლებში 89 მილიონი ევრო დაჯდა და საკალათბურთო მატჩებისთვის 16 500 მაყურებელს იტევს.

პირველ ეტაპზე გაყიდვაში სანაკრებო აბონემენტებია, რომელთა საშუალებითაც საყვარელი გუნდის ხუთივე თამაშზე დასწრების საშუალება მოგეცემათ. ჩვენს შემთხვევაში, განრიგი ასეთია: საქართველო – ჰოლანდია (5 სექტემბერი), სლოვენია – საქართველო (6 სექტემბერი), საქართველო – საბერძნეთი (8 სექტემბერი), მაკედონია – საქართველო (9 სექტემბერი) და საქართველო – ხორვატია (10 სექტემბერი).

აბონემენტები 4 კატეგორიის გახლავთ. პირველი კატეგორიის კომპლექტი 1 250 ხორვატული კუნა (დაახლოებით 162 ევრო) ღირს, მეორე – 750 (97), მესამე – 500 (65) და მეოთხე – 375 (49). საქართველოს ნაკრებისთვის 400-მდე აბონემენტი იქნა გამოყოფილი, საიდანაც ასამდე უკვე შეძენილ იქნა, ამდენად, თუკი ხორვატიაში გამგზავრებას გეგმავს, თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭიროთ.

ცხადია, იმ ვებ-გვერდის შესახებაც მოგახსენებთ, რომლის საშუალებითაც ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. თუკი შემდეგ ბმულს - http://www.eventim.hr/en/tickets/eurobasket2015-752679/performance.html გახსნით, პირდაპირ იმ გვერდზე მოხვდებით, სადაც კონკრეტულად საქართველოს ნაკრებისთვის გათვალისწინებულ პაკეტს შეიძენთ.

0.116688