საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” დატოვა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, კონტრაქტის გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ნოვგოროდელებს გასული წლის ნოემბერში შეუერთდა და თავდაპირველად, კლუბში გამოსაცდელი ვადით დარჩა, მცირე ხანში კი ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, თუმცა, ახლა, ვერდიქტი ისევ შეიცვალა.
“ლევანს ერთობლივი სამუშაოსთვის მადლობას ვუხდით. ვფიქრობ, მან დახმარება არაერთ მატჩში გაგვიწია, სათადარიგოთა სკამიდან გუნდს ენერგიას სძენდა და დაცვაში კარგად მუშაობდა. თუმცა, სეზონის დასკვნით ნაწილში ის მოთამაშეები გვჭირდება, რომელთაც უფრო ფართო შეტევითი არსენალი გააჩნიათ. ლევანს სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”, - განაცხადა “ნიჟნი ნივგოროდის” მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა, რომელსაც თავის დროზე “სოხუმში” უმუშავია და ფაცაციას წაყვანაც მისი უშუალოდ გადაწყვეტილება გახლდათ.