ჩოგბურთი

13:56 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი თურქეთში

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე საწყისი წრე იოლად დასძლიეს.

პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე თურქი იასმინ გულმანი 6:0, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ავსტრიელ კაროლინ კურცს გაეჯიბრება.

რაც შეეხება მე-3 განთესვის მქონე ქვაცაბაიას, ის ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს გადაეყარა და პრობლემები ასევე არ შექმნია – 6:0, 6:3. მომდევნო რაუნდში სოფოს მეტოქე შვედი რებეკა პოიკაიარვი იქნება.

წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები არ თამაშობენ, არადა ანტალიაშივე გასულ კვირას გამართული ასევე 10-ათასიანი შეჯიბრი სწორედ ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. გორგოძემ და რუსმა ვიკტორია კანმა ტურნირი სეტისწაუგებლად განვლეს, ფინალში კი შვედი ლისტერი და უკრაინელი სოტნიკოვა 6:1, 6:0 გაანადგურეს.

0.114497