ფეხბურთი

12:05 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერ ბობი რობსონი - გამორჩეული დამრიგებელი

1933 წლის 18 თებერვალს დაიბადა გამორჩეული ინგლისელი საფეხბურთო სპეციალისტი ბობი რობსონი, რომელსაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ბევრი წარმატებისთვის მიუღწევია, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა კი მას სერის ტიტული მიანიჭა.

... 1969 წლის იანვარში ბობი რობსონი ნაკლებად პოპულარული, საშუალოზე დაბალი კლასის "იფსვიჩ თაუნის” მწვრთნელად ინიშნება. დამრიგებლობის საწყისი 8 თვე მან უსასყიდლოდ იმუშავა – კლუბის მენეჯერებმა გამოუცდელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმება ვერ გარისკეს. ამის მიუხედავად, რობერტ რობსონმა სამუშაოს ხელი ენთუზიაზმით მოკიდა. მას კარგად ესმოდა, რომ მყისიერი წარმატების მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო და მოთმინებით ამუშავებდა სხვადასხვა ტაქტიკურ სქემას, რომელთაც ამა თუ იმ მოთამაშისთვის მისადაგებას ცდილობდა.

პირველ დიდ წარმატებას ბობი რობსონის "იფსვიჩმა” 1978 წელს მიაღწია, როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში "არსენალი” დაამარცხა. გუნდი მთლიანად იფსვიჩელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც რობსონის აღმოჩენილი და დაფრთიანებულები იყვნენ. იგი 1969-82 წლებში ედგა სათავეში "იფსვიჩ თაუნს” და ამ ხნის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 14 მოთამაშე იყიდა, რომელთა შეძენაში მილიონი გირვანქაც კი არ დაუხარჯავს. 1978 წლის სათასო ფინალს თუ მივუბრუნდებით, "იფსვიჩის” სასტარტო შემადგენლობაში 9 ფეხბურთელი გავიდა "უემბლიზე” სათამაშოდ, რომელთაც გუნდის სკოლა ჰქონდათ გავლილი. ბობი რობსონმა და მისმა აღზრდილებმა მალე ევროპაშიც გაიბრწყინეს. უეფას თასის 1980-81 სეზონის გათამაშების მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მათ წყვილ-წყვილად დაამარცხეს "სენტ ეტიენი” (4:1, 3:1), "კიოლნი” (ორივეჯერ 1:0) და ფინალში "ალკმაარის” წინაშე წარსდგნენ. პრესტიჟული თასისთვის ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩში საკუთარ "პორტმან როუდზე” "იფსვიჩმა” ჰოლანდიელები უშანსოდ დატოვა (3:0), განმეორებით შეხვედრაშიც თავიდან ალბიონელები დაწინაურდნენ და საბოლოოდ ალკმაარელებმა მხოლოდ პრესტიჟის მატჩი მოიგეს (4:2). იმავე სეზონში "ფრანს ფუტბოლმა” "იფსვიჩ თაუნი” წლის გუნდად დაასახელა. ქალაქის მოსახლეობასა და განსაკუთრებით გუნდის ერთგულ ქომაგებს შორის ბობი რობსონს დაფასება და სიყვარული არასდროს აკლდა, 2002 წელს კი "იფსვიჩის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, მოქანდაკე შონ ჰიუზ-ქუინმა გუნდის სტადიონის "პორტმან როუდის” სიახლოვეს "თაუნის” ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის სკულპტურა დადგა.

ესპანეთის მუნდიალის დასრულების შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან რონ გრინვუდი დაითხოვა და ახალი დამრიგებლის კანდიდატურა ყოველგვარი განხილვის გარეშე "გავიდა” - ბობი რობსონის საკლუბო შედეგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, იგი პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს. რობსონი უშუალოდ სანაკრებო საქმეს საჭირო დროს უთმობდა, თუმცა, როგორც თავის დროზე "იფსვიჩში” მუშაობისას, მხოლოდ სადამრიგებლო მოღვაწეობით არ შემოიფარგლა და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ეგიდით სპეციალისტთა მომზადების საქმეს ჩაუდგა სათავეში. რობსონმა მწვრთნელთა აღზრდის რამდენიმე ცენტრი გახსნა, დააფუძნა სკოლა-ინტერნატიც, რომელშიც პირველად ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სერიოზულად შეუდგნენ სამწვრთნელო კადრების მომზადებას.

მექსიკის 1986-ის მუნდიალი ინგლისელთა ახალი ფორმაციის ნაკრების პირველი სერიოზული გამოცდა იყო. სადებიუტო შეხვედრაში კუნძულელები პორტუგალიელებთან 0:1 დამარცხდნენ, მომდევნო მატჩში მაროკოს უგოლოდ დაუზავდნენ, ქვეჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გარი ლინეკერის ჰეთ-თრიკის წყალობით პოლონელებს 3:0 მოუგეს, ანალოგიური ანგარიშით მერვედფინალში გზიდან პარაგვაი ჩამოიშორეს და მეოთხედფინალში დიეგო არმანდო მარადონას არგენტინაზე "გავიდნენ”. ის მატჩი ყველას კარგად გვახსოვს, საფინალო ნიშნის შემდეგ კი ბობი რობსონი იტყვის, მარადონამ გაგვქურდა, ამ საქციელს არასდროს ვაპატიებ, თუმცა, იმასაც ვაღიარებ, მისი დარი ფეხბურთელი არასდროს დაბადებულაო.

მომდევნო მუნდიალის საგზური ინგლისელებმა წვალებით მოიპოვეს, მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში კი ირლანდიას ვერ მოუგეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ინგლისელი გულშემატკივრისთვის არგენტინასთან წაგება და ფრე ირლანდიასთან. ნისლიან ალბიონზე გამომავალი ტაბლოიდები ერთადერთი მოთხოვნით გამოდიოდნენ – მიატოვეთ ტურნირი და სახლში დაბრუნდითო. ცხადია, ასე არ მოხდა, ბობი რობსონმა და მისმა გუნდმა ჰოლანდიასთან უგოლო ფრის შემდეგ 1:0 ეგვიპტეს მოუგეს და ჯგუფში პირველ ადგილზეც კი გავიდნენ. შემდეგ იყო ორი დრამატული საფლეიოფო მატჩი. ჯერ დევიდ პლატის მიერ დამატებითი დროის ბოლოსწინა წუთზე გატანილი ბურთით ინგლისელებმა ბელგიელები გააწბილეს, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთი საფეხბურთო თრილერი შესთავაზეს მილიონობით გულშემატკივარს. როჟე მილასა და დანარჩენ კამერუნელ "მოუთვინიერებელ ლომებთან” მატჩში მხოლოდ ლინეკერის ორმა პენალტმა (ერთი ოვერტაიმში) გაიყვანა ბობი რობსონის გუნდი ნახევარფინალში. მუნდიალის მომავალ ტრიუმფატორთან შეხვედრისას ინგლისელებს ფორტუნამ ზურგი მატჩისშემდგომი პენალტების სერიისას შეაქცია. ტურინის "დელე ალპიზე” განცდილი მარცხი რობსონმა ძალიან განიცადა. მოგვიანებით იგი იტყვის, იმ მატჩის პერიპეტიები და კრის უოდლის მიერ გაცუდებული პენალტი (ფორვარდმა ბურთი ძელს გაარტყა) წლის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდაო.

1990 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ რობსონი სამუშაოდ საზღვარგარეთ, ჰოლანდიაში წავიდა, სადაც ეინდჰოვენის პსვ-ს ჩაუდგა სათავეში. პსვ-ში მუშაობის პირველსავე სეზონში რობსონმა გუნდს ჩემპიონობა მოაგებინა. ტიტულის შენარჩუნება მომდევნო პირველობის შემდეგ მოხერხდა. ინგლისელი სპეციალისტის აზრით, ეს წარმატება უპირველესად გუნდში არსებული ჯანსაღი მიკროკლიმატის დამსახურება იყო. არც ერთ ფეხბურთელთან რობსონს იოტისოდენა უთანხმოებაც არ მოსვლია, არადა, იმხანად პსვ-ში ჭირვეული ხასიათით ცნობილი მოთამაშეები ერიკ გერეტსი, ჰანს ვან ბრეკელენი, ლუკ ნილისი ირიცხებოდნენ...

პსვ-სთან ერთად კიდევ ორი ჰოლანდიური ტიტულის დაუფლების შემდეგ ბობი რობსონი კიდევ უფრო სამხრეთით, პირენეს ნახევარკუნძულზე გაემგზავრა. მისი პორტუგალიაში მუშაობის პერიოდი ბევრი რამითაა საყურადღებო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კი ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა გახლავთ. როდესაც რობსონი "სპორტინგის” პრეზიდენტთან შესახვედრად გაეშურა, კლუბის თავკაცთან საუბრის პრობლემა დადგა დღის წესრიგში, რადგანაც ლისაბონელთა თავკაცმა ინგლისურის ინჩი-ბინჩი არ იცოდა. რობსონს თარჯიმნად ჟოზე მოურინიო დაუნიშნეს, რომელიც იმთავითვე ფიქრობდა სამწვრთნელო კარიერაზე. ექვსი წლის განმავლობაში ჯერ "სპორტინგსა” და "პორტოში”, შემდეგ კი "ბარსელონაში” გრძელდებოდა მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა, ბოლოს კი პრემიერლიგაში, რობსონსა და მოურინიოს ბარიკადების მოპირისპირე მხარესაც მოუწიათ დადგომა.

... 1996 წლის ზაფხულში რობერტ უილიამ რობსონი "ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. ჯოვანის, ბაიას, ფერნანდო კოუტუს, პიცის, ლუის ენრიკეს შეძენისა და სტოიჩკოვის დაბრუნების შემდეგ, ბობიმ ალან შირერის გადაბირებაც მოიწადინა, მაგრამ "ბლექბერნის” ხელმღვანელებისგან სამჯერ მტკიცე უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა რობსონმა რონალდოს ყიდვა და მასთან მოსალაპარაკებლადაც ემისრები აფრინა. "ჩვენ არა მარტო ფენომენალურ ფეხბურთელს, ბრწყინვალე მომავალსაც ვიყიდით. რონალდო უზადო ტექნიკით გამოირჩევა და ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული. არასდროს მინახავს მოთამაშე, რომელიც ასე მყარად ფლობდეს ბურთს მაღალი სიჩქარის აკრებისას, თანაც ერთდროულად მეტოქის რამდენიმე მცველსაც უკან იტოვებდეს”, - თუმცა იქვე დასძენდა, ამის გაკეთება თავის დროზე ჯორჯ ბესტსაც შეეძლოო.

1996 წლის 7 სექტემბერს "კამპ ნოუს” ჩრდილოეთი ტრიბუნა ბრაზილიისა და კატალონიის დროშების ფერებად შეიღება. რონალდოს დებიუტი "ესპანიოლთან” პრინციპულ დერბის დაემთხვა. საფინალო ნიშნამდე 6 წუთით ადრე "ბარსა” 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ ჯოვანიმ წინასამატჩო სტატუს-კვო აღადგინა, შემდეგ კი რონალდოს ჯერიც დადგა. "კიჭამ” ცენტრიდან რეიდი წამოიწყო, გზად "ესპანიოლის” ლამის ყველა ფეხბურთელი გააბითურა და კარშიც დაარტყა. ბრაზილიელის საგოლე მცდელობა მეკარემ აღკვეთა, მაგრამ მის მოგერიებულ ბურთს პირველმა პიციმ მიუსწრო და "ბარსამაც” 2:1 მოიგო.

1997 წლის თებერვალში კატალონური გაზეთების პირველი გვერდები რონალდოს სურათებით იყო აჭრელებული. "სპორტის” საფეხბურთო მიმომხილველი მიგელ რიკო კი წერდა, გუნდი კატასტოფის ზღვარზეა, ამ დროს კი მისი ლიდერი კარნავალით ერთობა, ნეტავ რას ფიქრობს ბობი რობსონიო. მალე მწვრთნელის მიმართ ჟურნალისტების ტონი უკიდურესად გამწვავდა. "რობსონი უსისტემოდ მუშაობს”, "ფეხბურთელები მწვრთნელს არ უჯერებენ” - რას არ წერდნენ მაშინდელი სპორტული გამოცემები. რთული ვითარების მიუხედავად, რობსონმა "ბარსელონას” თასების თასი მაინც მოაგებინა (როტერდამში ჩატარებულ ფინალში კატალონიელებმა პსჟ-ს რონალდოს გოლით სძლიეს), მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი ბობი მაინც ნაღვლიანად გამოიყურებოდა და დაუფარავად განაცხადა, ნაღდად არ ვიცი, მომდევნო სეზონში კვლავ "ბარსას” დამრიგებელი რომ ვიქნებიო.

1997 წლის 28 ივნისს მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე” "ბარსელონამ” ანდალუსიური "ბეტისი” დაამარცხა, "სამეფო თასი” მოიპოვა, რაც ხელიდან გაშვებული ჩემპიონობის ერთგვარი კომპენსაცია გახლდათ. კატალონიური გრანდის დამრიგებლის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე ბობი რობსონმა ირონიით განაცხადა, საფეხბურთო ისტორიაში შევალ მწვრთნელი, რომელმაც ოთხიდან სამი ტიტული (თასებისა და ესპანეთის თასები, ევროპის სუპერთასი) მოიგო, სეზონის განმავლობაში მისმა გუნდმა 102 გოლი გაიტანა და მაინც დაითხოვესო...

სერ ბობი რობსონი უკურნებელი სენით 2009 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

P.S. ბობი რობსონი თბილისში როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის სტატუსით ყოფილა. 1957 წელს “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ჩვენ დედაქალაქში “დინამოს” 3:0 მოუგო, ხოლო 1986-ში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა სსრკ-ს ნაკრებს 1:0 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114271