ფეხბურთი

3:05 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა ყაიმებით განახლდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები 2 ფრით დაიწყო. „ბაიერნმა“ და „ჩელსიმ“ ლვოვსა და პარიზში გამართულ შეხვედრებში არ წააგეს, თუმცა, ანგარიშების გათვალისწინებით, კმაყოფილნი ლონდონური გუნდის გულშემატკივრები უფრო უნდა იყვნენ.

„ჩელსი“ „პარი სენ ჟერმენს“ ეწვია, რომელსაც ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 32 თამაშში წაგება არ ჰქონდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა პირველი ტაიმი შეტევაში ჩართული მცველების წყალობით მოიგო. 36-ე წუთზე, ტერიმ, მარცხენა ფლანგიდან, საჯარიმოში ჩააწოდა, საიდანაც კეჰილმა ტერფის გარე ნაწილით ივანოვიჩს ჯადოსნური პასი გაუკეთა, ხოლო სერბმა მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-7 გოლი გაიტანა და აქედან მე-5 თავით. მიმდინარე გათამაშებაში მეოთხედ მოხდა, რომ როგორც გოლის, ასევე შედეგიანი გადაცემის ავტორი მცველი იყო. „ჩელსიმ“ კი, ლიგაზე, ასეთი გოლი 2010 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

ივანოვიჩის გოლი, „ჩელსისთვის“, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გატანილი მე-100 ბურთი იყო. ლონდონელებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალს“, „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს.

პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პირველ ტაიმში, ძალიან პასიური იყო. ის ბურთს მხოლოდ 19-ჯერ შეეხო, რაც, თუ მეკარეებს არ ჩავთვლით, ყველაზე ცუდი შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ზლატანი ჟოზე მოურინიოს გუნდს ეთამაშებოდა, ეს გასაკვირი არც ყოფილა. პორტუგალიელმა იცის, თუ როგორ უნდა ათამაშოს გუნდი თავისი ყოფილი შეგირდის წინააღმდეგ. იბრაჰიმოვიჩმა მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ მეშვიდედ ითამაშა და მან გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა.

იბრამ თამაში მე-2 ტაიმში გამოასწორა და მან გოლის გატანის 2 კარგი შანსი ჰქონდა. პირველად, შვედი მეკარესთან პირისპირ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გავიდა. მეორედ კი, შეხვედრის ბოლო წამებზე, ზლატანმა თავით კარგად დაარტყა. თუმცა, ორივე შემთხვევაში კურტუამ ივარგა.

იბრაჰიმოვიჩისგან განსხვავებით, მთელი თამაშის განმავლობაში პასიური იყო დიეგო კოსტა. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მე-7 მშრალი თამაში ჩაატარა. ამ ტურნირზე უკანასკნელად გოლი მან გასული წლის აპრილში, თავისი ამჟამინდელი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა.

კოსტასგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად გააქვს ედინსონ კავანის, რომელმაც, 54-ე წუთზე, მატუიდის ფლანგურ გადაცემას თავი შედეგიანად დაარტყა და ლიგაზე თავისი მე-15 გოლი გაიტანა. ურუგვაელ თავდამსხმელს, ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლის გასატანად მხოლოდ 23 თამაში დასჭირდა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ვან ნისტელროის, სოლდადოს, დელ პიეროს, ინძაგის, ლიტმანენსა და შევჩენკოს აქვთ.

ამ მატჩის შემდეგ, პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგას საკუთარ კედლებში წაუგებელი თამაშების სერია 33-მდე გაზარდა, რაც საუკეთესო მოქმედი სერიაა. იგივე შედეგი აქვს „ბოლონისაც“. თუმცა, არწაგება განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობის მოსაპოვებლად საკმარისი არაა. ისტორიის გათვალისწინებით, პარიზელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალზე მცირე შანსი აქვს. პსჟ-მ, ევროტურნირების ისტორიაში, ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში გოლიანი ფრე მეექვსედ ითამაშა. წინა 5 შემთხვევიდან პარიზელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთხელ მოახერხეს.

„ჩელსის“ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად გვაქვს. ლონდონელებმა, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში, მეტოქის მოედანზე, გოლის გატანა და ყაიმის თამაში მეექვსედ მოახერხეს და „არისტოკრატები“ შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გადიოდნენ. ანალოგიური შედეგი აქვს ჟოზე მოურინიოსაც.

დღის მე-2 შეხვედრა „ბაიერნის“ ესპანელი ნახევარმცველისთვის, ჩაბი ალონსოსთვის განსაკუთრებული იყო. 33 წლის შუახაზელი 25-ე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 თამაში ჩაატარა. ლვოვში გამართული თამაშის შემდეგ, ასიანთა კლუბის ყველაზე მეტი, 7 წევრი ესპანეთს ჰყავს. ესპანელებმა ინგლისელებს გაასწრეს.

შეხვედრის 24-ე წუთზე, ჩაბი ალონსომ ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც, მისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, 29-ე გამოდგა. ესპანელი ნახევარმცველი, ამ მაჩვენებლით, ჯენარო გატუზოს გაუთანაბრდა. მსაჯებს უფრო მეტჯერ მხოლოდ პოლ სქოულზი (36) გაუფრთხილებიათ.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 20 წუთი იყო გასული, როდესაც ალონსომ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო და ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც თავის მე-100 თამაშში მოედნიდან გააძევეს.

კაცნაკლულმა „ბაიერნმა“ გოლის გატანა ვერ მოახერხა, რისი უმთავრესი მიზეზით დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობა იყო. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა, მთელი თამაშის განმავლობაში, კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. „ბაიერნს“, ყველა ტურნირის მატჩების გათვალისწინებით, ასეთი ცუდი შედეგი 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ჰქონდა.

წარუმატებელი თამაშის ჩატარების მიუხედავად, წყვილის ფავორიტად მაინც „ბაიერნი“ რჩება. მიუნხენურმა გუნდმა, ევროტურნირების ფლეი ოფის პირველ მატჩში, სტუმრად, უგოლოდ მეშვიდედ ითამაშეს. წინა 6 შემთხვევიდან ისინი მომდევნო ეტაპზე 5-ჯერ გავიდნენ.

პსჟ-ჩელსი 1:1 (0:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ტიაგუ სილვა, მარკინიოსი, მაქსველი, დავიდ ლუისი, ვერატი, მატუიდი, ლავესი (პასტორე 81), იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, მატიჩი, ვილიანი (კუადრადო 79), ფაბრეგასი (ოსკარი 84), აზარი, კოსტა (რემი 82).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 0:1 ივანოვიჩი (36), 1:1 კავანი (54).

გაფრთხილებები: ვან დერ ვილი 52, ვერატი 79 – ივანოვიჩი 66, ფაბრეგასი 73.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 14 (6)-2 (1), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-5, ჯარიმა: 20-20.

შახტარი-ბაიერნი 0:0

ლვოვი, “ლვოვ არენა”

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ფერნანდუ, ფრედი, კოსტა (მარლოსი 78), ალექს ტეიშეირა, ტაისონი (ველინგტონი 84), ლუის ადრიანო (გლადკი 89).

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.

ბაიერნი (3-3-3-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ალონსო, შვაინშტაიგერი, ბერნატი, რობენი, გიოტცე (ლევანდოვსკი 75), რიბერი, მიულერი (ბადშტუბერი 70).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

გაფრთხილებები: სრნა 38, კოსტა 58, ფრედი 77 – რაფინია 23, ალონსო 24, ბოატენგი 80, შვაინშტაიგერი 85.

გაძევება: ალონსო 65.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 1 (1)-8 (1), კუთხური: 0-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-1, ჯარიმა: 15-20.

0.181716