ფეხბურთი

21:44 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი VS მოურინიო

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონი ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის. დღეს, ორი მერვედფინალური შეხვედრაა დაგეგმილი. ლვოვში, დონეცკის “შახტარი” მიუნხენის “ბაიერნს” მასპინძლობს, ხოლო პარიზში, “პარი სენ ჟერმენი” ლონდონის “ჩელსის”.

გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით სწორედ ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებას ელიან. პსჟ-ს წარმატებული თამაში დიდწილადაა დამოკიდებული გუნდის შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარგ თამაშზე, ხოლო “არისტოკრატების” წარმატებას პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო დიდად განსაზღვრავს.

იბრაჰიმოვიჩი და მოურინიო ერთად 2008-2009 წლების სეზონში მილანის “ინტერში” მუშაობდნენ და მაშინ გუნდთან ერთად სკუდეტოც მოიგეს. 2009 წლის ზაფხულში კი იბრამ იტალია დატოვა და კატალონიის “ბარსელონას” მიაშურა. მაშინ შვედმა გიგანტმა განაცხადა, რომ კატალონიაში ერთადერთი რამის გამო გადავიდა – ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. იბრასთვის კი ბედ-იღბალი უკუღმა დატრიალდა. 2009-2010 წლების სეზონის ნახევარფინალში “ბარსა” გათამაშებას სწორედ მოურინიოს “ინტერმა” გამოთიშა და შესაბამისად იბრას სალიგო ოცნებაც, ოცნებადვე დარჩა. იმავე ზაფხულს ზლატანი მილანში დაბრუნდა, ოღონდ მეორე გუნდის, “მილანის” რიგებში ჩაირიცხა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ჟოზე მოურინიოს გზები ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ შარშან გადაიკვეთა და გამარჯვებული ისევ პორტუგალიელი გამოვიდა. პსჟ-მ პარიზში 3:1 კი მოიგო, მაგრამ განმეორებითი შეხვედრა ლონდონელებმა 2:0 მოიგეს და იბრაჰიმოვიჩის სურვილიც ჩემპიონთა ლიგის მოგების შესახებ, შემდეგისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” იბრას ტრავმის გამო მაშინ არ უთამაშია.

პსჟ მიმდინარე სეზონს არადამაჯერებლად ატარებს. გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში ლიდერ “ლიონს” ორი ქულით ჩამორჩება და მეორე-მესამე ადგილს “მარსელთან” ერთად ინაწილებს. პარიზელთა თავკაც ლორან ბლანს კი ყველაზე მეტად გუნდის ლიდერის ეიმედება. ბლანის თქმით, ზლატანისგან ბევრს ელის, ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის ლიდერისგან დიდ თამაშებში ელოდება განსაკუთრებულად კარგ თამაშს.

შეძლებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი მესამე ცდაზე მოურინიოს ბარიერის დაძლევას და სეზონის ბოლოს სანუკვარი ჯილდოს მოგებას, ამას ოდნავ მოგვიანებით შევიტყობთ, მანამდე კი წინ ორი გამორჩეული მატჩი გველის...

0.12331